ფოცხვერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ფოცხვერი
A.x.O.t.N.i.K.a
პოსტი Jul 18 2012, 22:35
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 14-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



იბერიული ფოცხვერი


იბერიული ფოცხვერი ერთ-ერთია იმ სახეობათაგან, რომლებსაც კრიტიკულ საფრთხეში მყოფის სტატუსი აქვთ მინიჭებული. მისი საბინადრო არეალია იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძული. წარსულში ეს სახეობა ევრაზიული ფოცხვერის ქვესახეობად იყო მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით გამოაცალკევეს. ორივე სახეობა ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა პლეისტოცენის ეპოქაში, შემდეგ კი საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით გაიყვნენ.

მე-19 საუკუნის შუახანებში იბერიული ფოცხვერი მოედო პირინეის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიას, ამჟამად კი საბინადრო არეალი მკვეთრად შემცირებულია. შეჯვარების შემთხვევები ანდალუზიის (ესპანეთი) მხოლოდ ორ ადგილასაა დაფიქსირებული. იბერიული ფოცხვერი ამჯობინებს მრავალფეროვან არეალს – ფართო სათიბ-საძოვრებს, რომლებსაც ერწყმის ხშირი ბუჩქოვანი ველები, მათ შორის მარწყვი, დანამასტაკი და ღვია, ასევე ქვამუხისა და კორპის მუხის ხეები.

იბერიული ფოცხვერი ერთი შეხედვით სხვა სახეობებს ჩამოჰგავს მოკლე კუდით, თმიანი ყურებითა და ხშირი ბეწვით ნიკაპის ქვემოთ. თუმცა ევროპულ ფოცხვერს ფერმკრთალი ლაქები აქვს, იბერიულს კი მისგან განსხვავებით მკვეთრი, ლეოპარდის მსგავსი ხალები, ბეწვი კი ღია ნაცრისფერი ან მოყვითალო-მოყავისფროა. ბეწვი შესამჩნევად დაბალია სხვა სახეობის ფოცხვერებთან შედარებით, რომლებიც უფრო ცივ მიდამოებში ბინადრობენ.

სხეულის სრული სიგრძე 85-100 სმ-ია, რომელსაც 12-30 სმ სიგრძის კუდი მოსდევს. სიმაღლე მხრებამდე 60-70 სმ-ს აღწევს. როგორც წესი, მამრი უფრო მსხვილი და მძიმეა, ვიდრე მდედრი. მამრის საშუალო წონა 13 კგ-ია, მდედრისა კი – 9-10. ეს მაჩვენებელი ევრაზიულ ფოცხვერთან შედარებით ორჯერ ნაკლებია. სხვა კატების მსგავსად, იბერიულ ფოცხვერს ულვაშების 4 წყება აქვს – 2 ყურებზე და 2 ნიკაპზე. ყურებზე არსებული “ქოჩორი” ეხმარება დაადგინოს, საიდან მოდის ბგერები. მათ გარეშე სმენის სისტემა ძლიერ დაუქვეითდება. ტერფები ბეწვის სქელი ფენით აქვს დაფარული, რისი მეშვეობითაც უხმაუროდ გადაადგილებას ახერხებს.

გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ფოცხვერებთან შედარებით პატარაა, ეს სახეობა სანადიროდაც უფრო მცირე ზომის ცხოველებს ეტანება. საკვები დიეტა საბინადრო არეალზეა დამოკიდებული, თუმცა იშვიათად ნადირობს კურდღელზე დიდ ცხოველებზე. ძირითადი სამიზნეა პატარა ძუძუმწოვრები (მღრღნელები და მწერიჭამიები), ჩიტები, ქვეწარმავლები და ამფიბიები, რომელბსაც შებინდებისას უსაფრდება. ყველაზე ხშირად იბერიული ფოცხვერის საკბილო ხდება ევროპული ბოცვერი (79.5-86.7%), რომელსაც მოსდევს კურდღელი (5.9%) და მღრღნელები (3.2%). მამრს დღეში ერთი ბოცვერი ჰყოფნის, მდედრს კი, თუკი ნაშიერები ჰყავს, სამამდე.

ვირუსული დაავადების, მიქსომატოზის გამო ესპანეთსა და პორტუგალიაში ბოცვრების რაოდენობა შემცირდა, ამიტომ იბერიულ ფოცხვერს მოუწია ირემლაღზე, შველზე, მუფლონსა და იხვებზე გადასვლა. ნადავლის მოპოვებაში ძირითადი მეტოქეები არიან წითელი მელა და გარეული კატა. იბერიული ფოცხვერი მარტოსულია და სანადიროდაც მარტო დადის. მსხვერპლს ნელ-ნელა ეპარება, შეუძლია რამდენიმე საათიც იცადოს ბუჩქის ან ქვის უკან, რათა საკმარისად ახლოს მივიდეს და შემდეგ რამდენიმე ნახტომში დაეწიოს.

საკვების ძიებაში შეიძლება 100 კმ გაიაროს. მისი საბინადრო ტერიტორიის ზომა (10-20 კვ.კმ) დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხელსაყრელია საკვების მხრივ. თუმცა დასაწყისში რა ზომისაც გინდა იყოს, წლების განმავლობაში მაინც იმატებს, საზღვრები ზოგჯერ საავტომობილო გზებამდე და ბილიკებამდე მიდის. იბერიული ფოცხვერი თავის საცხოვრებელს შარდით ნიშნავს, ასევე ფხაჭნის ხეებს.

შეწყვილების სეზონში მდედრი თავის ტერიტორიას ტოვებს და პარტნიორის ძებნას იწყებს. მაკეობა 2 თვე გრძელდება, ნაშიერები მარტსა და სექტემბერს შორის პერიოდში იბადებიან. ერთ ჯერზე დედა ფოცხვერი 2 ან 3 კნუტს აჩენს, იშვიათად 1-ს ან 4-5-ს. თითოეული კნუტი 200-დან 250 გრამამდე იწონის. 7-10 თვის ასაკში უკვე დამოუკიდებლები ხდებიან, 1 წელიწადში კი სექსუალურად მომწიფებულნი, მაგრამ 20 თვემდე მაინც დედასთან არიან. ველურ პირობებში სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 13 წელია.

30-60 დღის კნუტები ერთმანეთის მიმართ აგრესიულები ხდებიან. სასტიკ ბრძოლებში და-ძმებმა შეიძლება ერთმანეთიც დახოცონ. უცნობია, ამხელა აგრესიას რა იწვევს. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ჰორმონალურ ცვლასთან არის დაკავშირებული, როცა ნაშიერი დედის რძიდან ხორცზე გადაინაცვლებს ხოლმე. სხვებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი იერარქიაა, ანუ ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის – ე.წ. “ჯუნგლების კანონი”. თუმცა რა მიზეზიც გინდა იყოს, დატყვევებულებს ყოველთვის აცალკევებენ 60 დღემდე, შემდეგ კი ისევ ერთად ზრდიან.

კატისებრთა ოჯახიდან იბერიული ფოცხვერი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას, ასევე ევროპაში ყველაზე მეტად შემცირებული ხორცისმჭამელია. თუკი იბერიული ფოცხვერი გადაშენდება, ეს იქნება დიდი კატების სახეობიდან პირველი, რომელიც ამ ბედს გაიზიარებს ბოლო 10 000 წლის მანძილზე. 10 000 წლის წინ იგივე დაემართა ხმალკბილა კატას, სმილოდონს. 2005 წლის მარტში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ველურ ბუნებაში ამ სახეობის სულ რაღაც 100 წარმომადგენელი არსებობდა, რაც 2000 წელთან შედარებით 300-ით ნაკლებია. 1960 წელს კი მათი რაოდენობა 4000-ს აღწევდა. ნაციონალურ პარკებში 200-დან 300-მდე ეგზემპლარი ჰყავთ.

დღესდღეობით მაქსიმალურად იცავენ ამ არსებას და სრულიად აკრძალულია ნადირობა. იბერიული ფოცხვერის შემცირებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს საბინადრო არეალის შემცირება და დაზიანება, ადგილმდებარეობის მოწამვლა, გზაზე გადარბენისას ავტომობილის დაჯახება, გარეული ძაღლები და უკანონო ნადირობა. საბინადრო არეალის შემცირებას იწვევს ინფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქური დასახლების გავრცელება და კურორტების გაფართოება, ტყეების გაჩეხვა, რაც ამ ცხოველს გადარჩენის საშუალებას უსპობს. 1960-1990 წლებში საცხოვრებლის 80% გაუჩანაგეს.

პორტუგალიაში არსებობს საქველმოქმედო ფონდი “SOS Lynx”, რომელიც იბერიული ფოცხვერის გადარჩენაზე ზრუნავს. ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ იბერიული და სხვა სახეობის ფოცხვერების შემცირებას. იმავე მიზნისთვის იღწვიან სხვა წვრილ-წვრილი ორგანიზაციები.

წყარო: charliuss.wordpress.com
ფოცხვერი.......ვიკიპედია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Коба
პოსტი Mar 10 2013, 03:14
პოსტი #2


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 180
რეგისტრ.: 3-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: სანკტ-პეტერბურგი



ლოსზე კოლექტიურად ნადირობის შემდეგ (5 ახალგაზრდა ლოსი მოვინადირეთ), ფაქტიურად ერთ ადგილზე, მაგრამ 30-40 მეტრის რადიუსში, დარჩა ძან ბევრი შიგნეული. მანდვე სადღაც დავაგე ერთი ხაფანგი მგლებისთვის (იმ პერიოდში დიდი ოჯახი დაძრწოდა ჩვენს მიდამოებში). ამ ადგილს მივაკითხე 3 დღის შემდეგ და შორი მანძილიდან შევამჩნიე, რომ რაღაც ცხოველი იკვებებოდა. სამწუხაროდ ბინოკლი არ მქონდა თან და ვერ გავარჩიე რა ცხოველი იყო. მითუმეტეს, რომ ჩვენი ნადირობის შემდეგ დიდი თოვლი მოვიდა და მაგ ადგილამდე პატარა ამობურცული "გორაკები" შეიქმნა. ეს "გორაკები" თითქმის მთლიანად ფარავდა ცხოველს. მხოლოდ იშვიათად, მაშინ როდესაც ის მიდამოს აკონტროლებდა, ამ "გორაკებიდან" გამოჩნდებოდა ხოლმე მისი თავი. მართალი გითხრათ, მე მეგონა, რომ მგელი იყო და გადავწყვიტე მიპარვა (გლუვლულიანი თოფით ვიყავი), რადგანაც არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ცხოველი ხაფანგში იყო გამომწყვდეული (ჩემი აზრით, ხაფანგი ცოტა მოშორებით უნდა ყოფილიყო).
იმისათვის, რომ, ჩემი მიახლოება შეუმჩნეველი დარჩენილიყო, იძულებული გავხდი დიდი კრუგი დამერტყა და ცხოველს იმ მხრიდან მივპარებოდი, საიდანაც ქარი ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა . ისე ქარი კირგი სიძლიერის კი იყო და ქმნიდა ხმაურს, რაც გარკვეულ დახმარებას მიწევდა.
თითქმის ერთი საათი მივხოხავდი თოვლში და 15 გრადუსიან ყინვაში, და სულ იმის შიში მქონდა, რომ მგელი გაიგებდა ჩემი მოძრაობის ხმას (ყნოსვით ვერ იყნოსავდა ჩემს სუნს და ვიზუალურადაც ვერ მნახავდა "გორაკებს" მოფარებულს) და გასროლის მანზილზე მიახლოვებამდე დასტოვებდა კვების ადგილს, რასაც მე ბოლო წუთამდე ვერც შევამჩნევდი. როგორც იქნა მივეპარე (ჩემი აზრით) და მხოლოდ გასროლის მომენტში შევნიშნე, რომ ფოცხვერს ვესროდი. პირველი გასროლით, იმის გამო, რომ მუხლებზე დამდგარი ვესროდი და თავის მეტს (ისიც წამის რაღაცა მეათედების განმავლობაში) ვერაფერს ვხედავდი, არც ერთი კარტეჩი არ მოხვდა. მეორეჯერ უკვე ფეხზე ამდგარი ვესროლე და 5 ცალი კარტეჩი მოხვდა, სხეულის სხვა და სხვა ნაწილში (ვესროდი 6 მმ კარტეჩს). სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ხაფანგში იყო მოხვედრილი (ცოცხალი იყო, მაგრამ, მიუხედავად დიდი მონდომებისა ადგილიდან ვერ იძროდა). ბოლოს ვიხმარე ჟაკანი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th September 2019 - 18:00