საჩვენო მოთხრობები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
საჩვენო მოთხრობები, ნადირობაზე და არამარტო
assassin29
პოსტი Jul 28 2014, 18:39
პოსტი #31


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ავტორი: მანანა ჯრელიშვილი
წყარო: http://www.nplg.gov.ge/
ვისაც მითები და თქმულებები გიყვართ მოგეწონებათ
მითი ხის ბეჭზე, ანუ ნადირთ ღვთაების მიერ მოკლულ და გაცოცხლებულ ნადირზე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მითოსური სიუჟეტის ლოკალურ კლასიკურ ვარიაციას წარმოადგენს. ელ. ვირსალაძე მას გენეტიკურად მსოფლიოს ხალხთა სამონადირეო ეპოსში ფართოდ გავრცელებულ მოკვდავ და აღდგენად ღვთაებებზე არსებულ წარმოდგენებს უკავშირებს (1, 33-5). აღნიშნული მითის საფუძველს, თ. ოჩიაურის აზრით, წარმოადგენს ანიმისტური რწმენა პარ-ციალური (საკუთარი) სულის შესახებ. ძვლის სიმტკიცით გაოცებული პირველყოფილი ადამიანი, ბუნების სხვა მოვლენათა მსგავსად, მასაც სასიცოცხლო უნარს მიაწერდა და თვლიდა, რომ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებს, ძვალსაც საკუთარი სული გააჩნდა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მითის წარმოქმნაში მიცვალებულთან დაკავშირებულმა რწმენა-წარმოდგენებმაც. პირველყოფილ ადამიანს სწამდა, რომ გარდაცვლილ ადამიანს ან მოკლულ ცხო-ველს სიცოცხლე კვლავ უბრუნდება, მაგრამ ამისათვის მისი ძვლები იმავე თანმიმდევრობით უნდა განლაგდეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა. საკმარისია ჩონჩხს ერთი ძვალი მაინც დააკლდეს, რომ მკვდარი არ გაცოცხლდება (2, 226). ამ რწმენის საფუძველზე მსოფლიოში ფართოდ იყო გავრცელებული ძვლის დაცვა-შენახვის ტრადიცია. მაგ., რ. ერისთავისა და ალ. რობაქიძის გამოკვლევვით, საქართველოში დღემდეა შემორჩენილი ძვლის შენახვის ჩვეულება. როდესაც შესანახი ადგილი აღარ ჰყოფნიდათ, ძვლებს მიწაში მარხავდნენ, ან წყალში ყრიდნენ, ან წვავდნენ. ნადირის ძვლის დახ**ა ძაღლსაც კი ეკრძალებოდა, მას ცხოველის შიგნეულობით კვებავდნენ. სვანეთში ძვლების დაცინვაც იკრძალებოდა (2, 228; 3, 162).

ძვლის ფეტიშიზაციამ ზღაპრულ ეპოსშიც ჰპოვა ასახვა. მაგ., ქართულ ზღა-პრებში ხშირია ძვლის მეტამორფოზასთან დაკავშირებული მაგალითები - მიწაში ჩამარხული ძვლის ადგილზე ვაშლის ხე ამოდის, მიწაში ჩამარხული ძვალი რაშად იქცევა და სხვა (2, 227).

კავკასიურ ზეპირსიტყვიერებაში ხის ბეჭის ქართული, ოსური, ჩეჩნური, სომხური და აფხაზური ვარიანტები დასტურდება. საქართველოში აღნიშნული მითის ვარიანტები რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ხევსურეთსა და თუშეთშია ჩაწერილი. ყველაზე არქაული სახით, მეცნიერთა აზრით, იგი ხევსურულმა მითოლოგიამ შემოინახა. ქვემოთ მოგვყავს მითის ქართული ვარიანტები.

ხევსურული ვარიანტი

მონადირეს ტეში შემოაღამდა. ღამის გასათევად ერთ კლდის ეხში (გამოქვაბულში) დაბინავდა, ცეცხლი დაანთო და ნანადირევი ჯიხვის შეწვას შეუდგა, მაგრამ მოულოდნელად ნადირი გაცოცხლდა და გაიქცა. ამ საოცრებით გაოგნებულ მონადირეს გაკვირვების შეძახილი აღმოხდა.

- საკვირველი ეს კი არა, ის არის, რაც ბათირს გადახდა,- მოესმა კაცს ეშმაკების ძახილი. გაკვირვებულმა მონადირემ ბათირს დაუწყო ძებნა. ბევრი წვალების შემდეგ მიაგნო კიდეც და სთხოვა, თავისი თავგადასავალი მოეთხრო მისთვის.

- იმ გამოქვაბულში, სადაც შენ ღამის გასათევად დაბინავდი, მეც ვიყავი, - დაიწყო ბათირმა თავისი ამბავი. - შუაღამეს ეშმაკების ძახილი შემომესმა - ჩემს მასპინძელ ეშმაკს ქორწილში ეპატიჟებოდნენ, მაგრამ მან ჩემი სტუმრობა მოიმიზეზა და უარი უთხრა. „არა უშავს, წამოდი და სტუმარიც თან წამოიყვანე“, - დაუძახეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს. ორივე იქითკენ გავეშურეთ. ადგილზე რომ მივედით და ტაბლებს შემოვუსხედით, ჩემმა მასპინძელმა ჩამჩურჩულა - ჩემს უკითხავად ხმა არავის გასცეო. ეშმაკებმა სამი ჯიხვი დაკლეს, მოხარშეს და ხორცი და არაყი სტუმრებს ჩამოურიგეს. ერთი სასმისი მეც მომაწოდეს, მაგრამ არ დავლიე.

- რატომ არ სვამს შენი სტუმარი? - ჰკითხეს მექორწილეებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- უპასუხა იმან.

- ხვალ ერთ ჯიხვს მოკლავო, -აღმითქვეს ეშმაკებმა და არაყი ხელმეორედ შემომთავაზეს, მაგრამ დალევაზე კვლავ უარი ვანიშნე.

- რა სწყინს შენს სტუმარსო, -კვლავ ჰკითხეს ეშმაკებმა ჩემს მასპინძელს.

- გამოელის რამესო,- კვლავ უპასუხა იმან.

- ხვალ ორ ჯიხვს მოკლავსო, -კვლავ აღგვითქვეს ეშმაკებმა და არაყი მესამედ მომაწოდეს, მაგრამ კვლავ ვიუარე.

- ხვალ სამ ჯიხვს მოკლავო, -მესამედ აღმითქვეს ეშმაკებმა. ამ შემოთავაზებამ დამაკმაყოფილა და ავსულებს არაყიანი ჭიქა ჩამოვართვი.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა პირველად შეჭმული ჯიხვის ძვლები ისევე დაალაგეს, როგორც სიცოცხლეში ჰქონდა, შემდეგ ტყავი მოახვიეს, მათრახი დაჰკრეს და გააცოცხლეს. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მისცა თავი. ასევე გააცოცხლეს მეორე ჯიხვიც. ჯერი მესამეზე მიდგა. დრო ვიხელთე და მასპინძლის რჩევით ბეჭის ძვალი დავმალე. რაკი ბეჭი ვერ იპოვეს, ეშმაკებმა ხის ბეჭი გამოთალეს, მესამე ჯიხვის ჩონჩხს ჩაუდგეს, ტყავი მოახვიეს და შეულოცეს:

„ადეგ ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიგდავ ბეჭადაო!“

ნადირმა ხორცი შეისხა და გაცოცხლებული ტყეში გაუჩინარდა. მეორე დღეს სანადიროდ წავედი და სამი ჯიხვი მოვკალი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხის ბეჭი ჰქონდა ჩადგმული.

შემდეგ ბათირი ყვება, როგორ დაჰკრა რძალმა მათრახი და როგორ აქცია ძაღლად, როგორ გადაარჩინა ძაღლადქცეულმა მგლის ხროვისაგან ცხ**ის ფარა და როგორ იქცა მკითხავის შელოცვის შედეგად კვლავ ადამიანად (8, 40-42).

თუშური ვარიანტი

ნადირობაში ხელმოცარულ კაცს ტყეში შემოაღამდა და ღამის გასათევად გამოქვაბულში დაბინავდა. მონადირე და მისი მასპინძელი ადგილის დედა ეშმაკებმა სტუმრად დაპატიჟეს. ნადიმზე სამ ჯიხვს შეექცევიან. ლხინის დროს ერთ-ერთი ეშმაკი ყვება, თუ როგორ მიეპარა დღეს ნადირს და როგორ დატოვა მშრალზე უცნობი მონადირე.

ნადიმი რომ გათავდა, ეშმაკებმა ჯიხვების ძვლების მოგროვება დაიწყეს. მონადირემ დრო იხელთა და ერთ-ერთის ბეჭის ძვალი ჩუმად მდინარეში გადააგდო. მის მაგიერ მასპინძლებმა ხის ბეჭი გამოთალეს, ჩონჩხს ჩაუდგეს და შესძახეს:

„ადეგ, ადეგ, ხეჭეჭაო,
ხისა გიდგავ ბეჭადაო!“

ჯიხვები გაცოცხლდნენ და გაიქცნენ. მეორე დღეს მონადირემ ხისბეჭიანი ჯიხვი მოკლა (8, 42-43).

რაჭული ვარიანტი

მონადირემ ნაწილიანი ჯიხვი მოკლა, ხორცის ნაჭერი ამოჭრა, მწვადი შეწვა და შეჭამა. როდესაც შიმშილი მოიკლა და უკან მოიხედა, დაინახა, რომ მოკლული ჯიხვი გაცოცხლებულა და განზე გარბის. ამ სურათით გაოგნებული მონადირე ჯიხვს დაედევნა.

- ტყუილად მომდევ, სულერთია ვერ მომკლავ,- გამოსძახა უკანმობრუნებულმა ნადირმა მდევარს.

- რატომ?! - მიაყახა ჯიხვს უფრო მეტად გაკვირვებულმა მონადირემ.

- ამირან ბათუყოელს ჰკითხე და ყველაფერს აგიხსნის, - გამოსძახა ჯიხვმა მონადირეს. კაცმა ამირანი მოძებნა, ყველაფერი უამბო და სთხოვა, მისთვის თავისი თავგადასავალი მოეყოლა.

განთქმული მონადირე ვიყავი და ნადირიც ბევრი მყავდა დახოცილი,- დაიწყო ბათუყოელმა თავისი ამბავი. - ერთხელ კარზე ორი კაცი მომადგა და შემატყობინა, რომ ნადირთ ანგელოზი თავისთან მიბარებდა. შეშინებულმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გავბედე და კაცებს უკან მორჩილად გავყევი. ჩემმა მეგზურებმა ერთ გამოქვაბულში მიმიყვანეს. შიგ ლხინი ჰქონდათ გამართული. კაცებმა გამაფრთხილეს, ვიდრე არ განიშნებთ, პური არ ჭამოო.

სუფრასთან მსხდომნი რომ შევათვალიერე, შევამჩნიე, რომ ყველას ნადირთ ანგელოზის გარდა ნადირის სახე ჰქონდა, მხოლოდ ნადირთა გამგებელს ჰქონდა ადამიანის სახე.

- რატომ არაფერს ჭამს ჩვენი სტუმარი? -ჰკითხა ნადირთ ანგელოზმა ჩემზე კაცებს.

- თქვენ წყალობას ელისო, - მოახსენეს ჩემმა მეგზურებმა.

- ერთი ამ ნადირებს გადახედეთ,- მიმართა ნადირთა გამგებელმა კაცებს, - ზოგი მათგანი კოჭლია, ზოგი ბრმა, ზოგიც დაჭრილ-დასახიჩრებული. ყველანი თქვენმა სტუმარმა გააფუჭა.

- მიუხედავად ამისა, მაინც თქვენს წყალობას გამოელის, - მოახსენეს კვლავ ჩემმა მომყოლებმა.

- თუ ასეა, მაშინ ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მისდგომოდეს, ეგ კი სანადიროდ არ გამოვიდესო,-აღუთქვა ნადირთ ანგელოზმა ჩემს მეგზურებს, მაგრამ არც ამჯერად ვჭამე პური.

- კარგი, მაშინ დაე თქვენი სტუმრის კარზე ჯიხვთან ერთად ყოველ მესამე დღეს თითო არჩვიც მივიდეს, მიჩუქებიაო, - აღუთქვა ნადირთა გამგებელმა ჩემს მეგზურებს. ამჯერად მისმა სიტყვებმა დამაკმაყოფილა და პური გავტეხე. ნადირთ ანგელოზმა დანაპირები პირნათლად აასრულა. იმ დღიდან მოყოლებული ყოველ დილას კარზე თითო ჯიხვი მომდიოდა, ყოველ მესამე დღეს კი თითო არჩვიო, - დაასრულა ამირან ბათუყოელმა თავისი თავგადასავალი (3, 195).

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, „ხის ბეჭის“ მითი კავკასიის სხვა ხალხთა ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება. გამოქვეყნებულია მისი ოსური, სომხური, ჩეჩნური და აფხაზური ვარიანტები. ქვემოთ მოგვყავს შესაბამისი ტექსტები:

ოსური ვარიანტი

მონადირე ჯამბულათს ტყეში შემოაღამდა და დასაძინებლად ხის ქვეშ წამოწვა. შუაღამისას კაცი ლაპარაკის ხმამ გამოაღვიძა. მონადირემ მიაყურადა და დაასკვნა, რომ ხმა ხეთა კენწეროებიდან მოდიოდა. ლაპარაკიდან ჯამბულათმა გაარკვია, რომ ავსათი (ნადირთ პატრონი ოსურ მითოლოგიაში) კადი რუხს-ტყეთა მფარველ წმინდანს ნადიმზე ეპატიჟებოდა.

- კადი რუხს, ძალიან გთხოვ, სტუმრად მეწვიო. ახალშობილი ირემი დავკალი და წვეულებას ვმართავ. სხვა წმინდანებმა კარგა ხანია თავი მოიყარეს, შენღა გვაკლიხარ, - მიმართა ავსათმა კადი რუხსს.

- არ შემიძლია, ავსათი, მონადირე ჯამბულათი მყავს სტუმრად,- იუარა ტყეთა მფარველმა.

- არაუშავს, ეგეც თან წამოიყვანე, ხელს არ შეგვიშლის, - დააიმედა ნადირთ პატრონმა.

წმინდანმა მონადირე გააღვიძა და მასთან ერთად წვეულებაზე მივიდა. ავსათის ჩათვლით ყველა სტუმარმა ადამიანის სახე მიიღო.

მასპინძელმა მთლიანი შველი მოხარშა და შეკრებილებს შესთავაზა. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს ერთ ადგილას აგროვებდნენ, ჯამბულათმა კი საერთო უყურადღებობით ისარგებლა და შვლის ნეკნი მალულად უბეში შეინახა. ნადიმი გათავდა. დანაყრებულმა სტუმრებმა ავსათს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს. ნადირთ პატრონმა შეჭმული შვლის ჩონჩხის აღდგენა დაიწყო. ყველა ძვალი დაალაგა, მაგრამ ნეკნს ვერსად მიაგნო. ავსათმა შესანიშნავად იცოდა, რომ ძვალი ჯამბულათმა მოიპარა, მაგრამ სტუმრის შეურაცხყოფას მოერიდა და არ გაუჩხრეკია. დაკარგული ნეკნის მაგიერ ნადირთ პატრონმა ბზის ტოტი მოტეხა, მისგან ჯოხი გამოთალა და შვლის ჩონჩხს ჩაუდგა, შემდეგ მათ-რახის დაკვრით გააცოცხლა. მკვდრეთით აღმდგარმა ნადირმა ტყეს მიაშურა.

დანაყრებული სტუმრები დაიშალნენ. მეორე დღეს ჯამბულათმა შველი მოკლა. გატყავებისას ნადირს ხის ნეკნი აღმოაჩნდა. მონადირე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის შველი იყო, რომლითაც ავსათი სტუმრებს გაუმასპინძლდა (5, 63-66).

ჩეჩნური ვარიანტი

სამი ძმა სანადიროდ წავიდა, მაგრამ იმ დღეს ხელი მოეცარათ. საღამოსთვის ღმერთმა მოწყალება მოიღო და მონადირეებს გარეული თხა გამოუგზავნა. ძმებმა თხა მოკლეს და შინისაკენ გასწიეს. კარგა ხანს მიდიოდნენ ნაცნობ გზაზე. მზე დიდი ხნის გადასული იყო. ცაზე მთვარე ანათებდა, სახლი კი არსად ჩანდა. ახლა კი მიხვდნენ ძმები, რომ მათ ალმასი (მდედრობითი სქესის ბოროტი სული) ამასხარავებდა. უცებ ერთმა ძმამ შორს გამოქვაბული შენიშნა. გახარებული მონადირეები იქითკენ გაეშურნენ ღამის გასათევად. ახლოს რომ მივიდნენ, ძმებს გამოქვაბულიდან სამი ალმასი - ცალთვალა გოლიათი ქალი გამოეგება. მათ დანახვაზე გულგახეთქილი მონადირეები შიშით ადგილზე გაქვავდნენ, მაგრამ მასპინძლებმა დაამშვიდეს და ღამის გასათევად გამოქვაბულში მიიპატიჟეს. ერთ-ერთმა ძმამ ქალებს ვახშმად მოკლული თხა შესთავაზა, მაგრამ მასპინძლებმა იუარეს. დედა ალმასმა თავისი ქალიშვილები ტყეში გაგზავნა ნანადირევის მოსატანად. დები მალე დაბრუნდნენ, თან არჩვი მოიყვანეს. ქალებმა ნადირი დაკლეს, მოხარშეს და ძმები ვახშმად მიიწვიეს, თან გააფრთხილეს, რომ ჭამის დროს ძვლები კი არ გადაეყარათ, არამედ ერთ ადგილას დაეგროვებინათ. ძაქ რაღაც ცუდი ამბავიაძ, - იფიქრეს ძმებმა. ჭამის დროს ერთ-ერთმა მათგანმა მასპინძლებისგან მალულად ბეჭის ძვალი უბეში შეინახა.

ვახშამს რომ მორჩნენ, ქალები ძვლების მოგროვებას შეუდგნენ. ბეჭის გაუჩინარება რომ შენიშნეს, ძმებისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, ისე გამოთალეს ხისგან ახალი, შემდეგ ძვლები ნადირის ტყავში ჩაყარეს და შესძახეს - „არჩვო, ტყეში დაბრუნდი!“ გაცოცხლებული ნადირი ტყეში მიიმალა.

ვახშმობის შემდეგ ქალებმა ძმები გამოქვაბულის წინ მოედანზე მიიწვიეს და მათ პატივსაცემად ცეკვა გამართეს. როკვის დროს გოლიათები ისე მძიმედ ხტოდნენ, რომ მიწას ზანზარი გაჰქონდა. შიშით თავზარდაცემული ძმები ძრწოლით შეჰყურებდნენ, როგორ ტრიალებდნენ მათ წინ ქალები მხრებზე გადაკიდებული ვეება ძუძუებით, ზემოთ აშვერილი ხელებითა და ხარხარით.

ცეკვით რომ გული იჯერეს, ალმასები მიწაზე დაენარცხნენ და ხ**ინვა ამოუშვეს, შეშინებულ მონადირეებს კი დილამდე თვალი არ მოუხუჭავთ.

დილით ძმებმა გოლიათებს გამასპინძლებისთვის მადლობა გადაუხადეს და კვლავ სანადიროდ წავიდნენ. ტყიდან რომ გამოდიოდნენ, წინ არჩვი გადაუხტათ. შუათანა ძმამ ნადირს თოფი ესროლა და მოკლა. მონადირეებმა არჩვი შინ წაიღეს და ცოლებს უბრძანეს, მათთვის საჭმელი მოემზადებინათ. მეზობელ-ნათესავებმა რომ ძმების დაბრუნება შეიტყეს, შინ ეწვივნენ და მათ პურობას შეუერთდნენ. უცბად ჭამის დროს ერთ-ერთმა სტუმარმა ხორციდან ხის ბეჭი ამოაძრო და შეკრებილებს უჩვენა. მის დანახვაზე ძმები მიხვდნენ, რომელ არჩვს წააწყდნენ ნადირობისას და სტუმრებს ყველაფერი უამბეს, შემდეგ ის ბეჭის ძვალი აჩვენეს, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ ალმასებთან ვახშმობისას დამალა. ახლა კი მიხვდნენ სტუმრები, ვინც უმასპინძლა ძმებს ტყეში და გახარებულებმა მონადირეებს შინ მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს (6, 265-266).

აფხაზური ვარიანტი

მონადირე გარეულ თხას დაედევნა, მაგრამ ვერ მოკლა. ნადირმა იგი უღრან ტყეში შეიტყუა, სადაც ვეება კოცონს ღმერთები შემოსხდომოდნენ. მათ მონადირე ცეცხლთან მიიპატიჟეს, თხა დაკლეს და სტუმარს ხორცით გაუმასპინძლდნენ. ჭამას რომ მორჩნენ, ღმერთები ძვლების ტყავში ჩაყრას შეუდგნენ. მონადირემ დრო იხელთა და ერთი ძვალი მოიპარა, მის მაგიერ კი ჯოხი დადო (ზოგი ვარი-ანტით დანა).

ძვლების ჩაყრას რომ მორჩნენ, ღმერთებმა დაკლული თხა გააცოცხლეს და იგი ჩვენს მონადირეს მიაკუთვნეს. მეორე დღეს კაცმა მართლაც მოკლა გარეული თხა. ნადირს რომ ატყავებდა, ხორცში ჯოხი (დანა) აღმოაჩინა.

მითის ჩამწერი ცნობილი აფხაზი მეცნიერი ნ. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ანალოგიური თქმულება მეგრულ ზეპირსიტყვიერებაშიც დასტურდება, ოღონდ იქ ნადირთ პატრონის ფუნქციას ტყაშმაფა ასრულებს, ნადირისას კი ტახი (7, 54-55).

სომხური ვარიანტი

აბრაამს სტუმრად უფლის ანგელოზი ეწვია. მასპინძელმა ძვირფასი სტუმრისთვის ხბო დაკლა. ხორცს სუფრაზე რომ აწყობდა, მაგიდას ძროხა მიადგა და ბღავილი მორთო. ამის შემხედვარე ანგელოზმა აბრაამი აიძულა ხბოს ძვლები ტყავზე დაეწყო, რის შედეგადაც პირუტყვი გაცოცხლდა (4, 89).

როგორც ზემოთმოყვანილი ტექსტებიდან ჩანს, „ხის ბეჭის“ კავკასიური ვარიანტები, სომხური, სვანური და ზოგი რაჭული ვარიანტის გამოკლებით, თითქმის არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - ყველგან სანადიროდ წასული კაცი ნადირთ ღვთაების წვეულებაზე ხვდება, რომელზეც მასპინძელი მონადირეს მის მიერ შეჭმული ნადირით ასაჩუქრებს. მეორე დღეს კაცი მართლაც კლავს ცხოველს, რომლის ძვლებშიც მის მიერ მოპარული ძვლის ხის ანალოგიას პოულობს, როგორც ღვთაების პირუტეხობისა და ძლევამოსილების სიმბოლოს.

ირ. სურგულაძის აზრით, აღნიშნული სიუჟეტი გვაროვნული წყობის პირობებში წარმოიშვა და მიზნად ისახავდა მაგიური რიტუალის საშუალებით ტოტემური, „წმინდა“ ნადირის გამრავლებას (4, 84-104).

ზემოთმოყვანილ მითებს გულდასმით თუ გავეცნობით, ადვილად შევამჩნევთ, რომ ისინი ნადირთ ღვთაების სახის ევოლუციის სხვადასხვა საფეხურს ასახავენ, ამიტომ, საკითხის უფრო ნათლად წარმოსაჩენად, საჭიროა მოკლედ განვიხილოთ ნადირთ პატრონის სახის ევოლუციის საფეხურები.

ნადირობას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებაში. ისევე, როგორც ადამიანის საქმიანობის სხვა დარგებს, ნადირსა და ნადირობასაც საკუთარი ღვთაება მფარველობდა. თავდაპირველად ადამიანს იგი ზოომორფული (ცხოველური) სახით ჰყავდა წარმოდგენილი. ეს იყო ჯიხვი, არჩვი ან ირემი, რომელსაც მისივე ჯიშის სხვა ცხოველებისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი - თეთრი ფერი, ოქროს რქები, ცალი რქა ჭრელი ტყავი ან სხვა ამდაგვარი გამოარჩევდა (1, 29).

მატრიარქატის ეპოქაში ნადირთ პატრონის ზოომორფულმა სახემ ანთროპომორფიზაცია (გაადამიანება) განიცადა და ქალის სახე მიიღო. სანადიროდ წასვლის წინ მონადირეები მის სახელზე ლოცვას აღავლენდნენ, ნადირობაში ხელის მომართვას შესთხოვდნენ, იღბლიანობის შემთხვევაში კი ქალღვთაებას აუცილებლად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ.

კავკასიელთა რწმენით, მდედრობითი სქესის ნადირთ პატრონი ახალგაზრდა, ლამაზი, ოქროსთმიანი ქალია. იგი ინტიმურ კავშირს ამყარებს ახალგაზრდა, უცოლო მონადირეებთან და მათ ხორციელ ქალებთან ურთიერთობას უკრძალავს, სამაგიეროდ ნადირობაში იშვიათი იღბლიანობით ასაჩუქრებს. თუ მონადირრემ ნადირთ ღვთაებას ინტიმურ კავშირზე უარი უთხრა, მისი დაღუპვა გარდაუვალია. საქართველოში ქალი ნადირთ პატრონის ყველაზე გამოკვეთილ სახეს სვანური დალი და მეგრული ტყაშმაფა - ტყის მეფე-ქალი წარმოადგენენ. მათი კავკასიური კორელატები არიან: ოსებში ქალი-ხაირაგები, ვაინახებში მდედრობითი სქესის ალმასები, აფხაზებში - მამრობითი სქესის ნადირთ პატრონის - აჟვეფშაას ქალიშვილები (1, 29-64; 91-113). სწორედ ამ - ნადირთ პატრონის განვითარების მეორე საფეხურს ასახავს მეგრული მითი ხის ბეჭზე, რომელშიც მონადირის დამსაჩუქრებლის როლს ტყაშმაფა ასრულებს. მითის განვითარების ეს საფეხური ნამსხ**ევის სახით თუშურ ვარიანტშიც ფიქსირდება, სადაც მონადირეს ადგილის დედა მასპინძლობს. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდაა, მის მაგიერ ადგილობრივი ნადირთ პატრონი ქალღვთაება იქნებოდა.

მატრიარქატის პატრიარქატით შეცვლის შედეგად ქალ ნადირთ პატრონს მამაკაცი ნადირთ პატრონი ჩაენაცვლა სატრფოს, ქმრის ან ძმის სახით. ხანგრძლივი დაპირისპირებისა და ბრძოლის შემდეგ მან ნაწილობრივ ან სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ პატრონის სახე ადამიანის მეხსიერებიდან და გაბატონებული ადგილი დაიკავა. მონადირე ახლა უკვე მას ევედრება ნადირობის წინ იღბლიანობას და მასვე სწირავს წარმატების შემთხვევაში ნანადირევიდან წილს. ასეთები არიან ქართულ მითოლოგიაში ოჩოპინტრე, ანთარი, ანატორი და სხვა (1,32, 74-90, 116-126). მათ კავკასიურ კორელატებს წარმოადგენენ: ოსებთან ავსათი, ვაინახებთან ელტა, აფხაზებთან აჟვეფშაა. ნადირთ პატრონის სახის განვითარების აღნიშნული პატრიარქალური საფეხური ოსურმა მითმა შემოგვინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში მამაკაცი ნადირთ პატრონი ავსათი გამოდის. მითის თავდაპირველ ვარიანტში, რა თქმა უნდა, ქალი ნადირთ პატრონი ხაირაგი იქნებოდა. ოსებს ავსათი გრძელმათრახიანი კაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. სხვა ღმერთების მსგავსად ისიც ცაში ბინადრობს და დროგამოშვებით მიწაზე ეშვება. ოსთა რწმენით, სწორედ მასზე იყო დამოკიდებული ნანადირევის რაოდენობა, ამიტომ, ღვთაების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, მონადირეები ნადირობის შემდეგ ყოველთვის ტოვებდნენ ავსათისათვის ირმის შიგნეულობას.

ავსათი ყოველ ახალშობილ ირემს კლავს და დაუნაწევრებლად, ტყავიანად ქვაბში აგდებს. ხორცი რომ მოიხარშება, ღვთაება სტუმრებს ნადიმზე ეპატიჟება და შვლის ხორცით უმასპინძლდება. ჭამის დროს სტუმრები ძვლებს არ ამტვრევენ და არც ყრიან, არამედ ერთ ადგილზე აგროვებენ. ხალხი რომ დანაყრდება, ავსათი ძვლებს იმავე რიგზე ალაგებს, როგორც ნადირს სიცოცხლეში ჰქონდა და მათრახის დაკვრით აცოცხლებს მას (5,63).

მამაკაცი ნადირთ ღვთაებები განაგებენ ნადირსა და მონადირეობას აფხაზეთსა და ჩეჩნეთშიც. ესაა ელტა (ჩეჩნებში) და აჟვეფშაა (აფხაზებში). ორივემ სრულებით გამოდევნა ქალი ნადირთ ღვთაება ადამიანთა მეხსიერებიდან და ნადირისა და მონადირეობის ერთადერთ მფარველად დიქცა. ისევე, როგორც ოსებში, აქაც ჩეჩნებსა და აფხაზებსაც სწამდათ, რომ მონადირის იღბლიანობა ნადირობის დროს მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული, ამიტომ, სანადიროდ წასვლის წინ აფხაზი და ჩეჩენი მონადირეები აუცილებლად ლოცვას აღავლენდნენ თავისი ღვთაებებისადმი, ევედრებოდნენ არ დაეფრთხოთ მათთვის ნადირი, იღბლიანი ნადირობის შემდეგ კი მადლიერების ნიშნად ნანადირევიდან წილს სწირავდნენ (6,54; 7, 54-55, 128; 9, 76-87).

პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე გადასვლის შედეგად, წარმართულმა ღვთაებებმა როგორც ხარისხობრივი, ისე ფიზიკური დაკნინება განიცადეს - მრისხანე და ყოვლისშემძლე ნადირთ ღვთაებებიდან ფიზიკურად მახინჯ, ბოროტ, ადამიანებისადმი მტრულად განწყობილ არსებებად იქცნენ. განსაკუთრებით ეს ქართულ და ვაინახურ ზეპირსიტყვიერებას დაეტყო - ლამაზი და ყოფლისშემძლე დალი და ტყაშმაფა საქართველოს ზოგ კუთხეში მახინჯ, საზარელ ალებად იქცნენ, მამაკაცი ნადირთ პატრონები კი - ქაჯებად და ეშმაკებად (1, 114-117). ასეთივე დაკნინება განიცადეს ვაინახურ მითოლოგიაში წარმართულმა ნადირთ პატრონებმა ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით. ქალი ნადირთ ღვთაება, რომლის სახელიც ვაინახურმა ზეპირსიტყვიერებამ ვერ შემოინახა და მამაკაცი ნადირთ პატრონი ელტა ვაინახებში ქრისტიანობისა და ისლამის ზეგავლენით მდედრობითი და მამრობითი სქესის ალმასებად იქცნენ. ორივე მახინჯი, ბალნით დაფარული არსებაა. კაცებს მკერდიდან ნაჯახი მოუჩანთ, ქალებს ვეება ძუძუები მხრებზე აქვთ გადაკიდებული, მწითური თმა კი ერთ ნაწნავად დაწნული. ორივე ბოროტი და ვერაგი არსებაა, ორივეს სძულს ადამიანი და მათთან შეხვედრა ამ უკანასკნელისათვის კარგს არაფერს მოასწავებს (6, 52-53).

ნადირთ პატრონის სახის განვითარების ეს ბოლო საფეხური „ხის ბეჭის“ ვაინახურმა და ქართულმა ვარიანტებმა შემოინახა, სადაც მონადირის დამსაჩუქრებლის როლში ერთ შემთხვევაში ეშმაკები (ქართულში) გამოდიან, მეორე შემთხვევაში (ჩეჩნურში) მდედრობითი სქესის ალმასები.

ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ, „ხის ბეჭმაც“, სხვა მითების მსგავსად, ახლებური გააზრება-გადამუშავება განიცადა და ახალი რელიგიის აგიტაცია-პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მითის სომხური ვარიანტი, სადაც წარმართი ნადირთ პატრონი უფლის ანგელოზით არის შეცვლილი, რომლის ბრძანებითაც აბრაამი ხბოს აცოცხლებს (4,89).

ამგვარად, ნაშრომში განხილული ხის ბეჭის კავკასიური ვარიანტების მაგალითზე, საშუალება მოგვეცა გვეჩვენებინა ნადირთ პატრონის სახის ევოლუცია მატრიარქატიდან ქრისტიანობამდე. რა თქმა უნდა, განხილული ტექსტები სიუხვითა და თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან - რაც ერთი ხალხის მითოლოგიაშია შემონახული, დაკარგულია მეორისაში და პირიქით, მაგრამ ისინი ავსებენ ერთმანეთს და საშუალებას იძლევიან ჩვენთვის საინტერესო საკითხი მეტ-ნაკლები სისრულით წარმოვაჩინოთ. მაგ., ქართულ მითოლოგიაში შემონახულია ნადირთ ღვთაების სახის განვითარების მატრიარქალური საფეხური ტყაშმაფას სახით, მაგრამ დაკარგულია პატრიარქალური საფეხური, რომელიც, თავის მხრივ, ოსურმა მითმა შემოინახა. ასევე ქართულ და ჩეჩნურ მითებში მოიპოვება „ხის ბეჭის“ განვითარების ქრისტიანულ-ისლამური საფეხური, რაც ოსურ და აფხაზურ ვარიანტებში დაკარგულია. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ცხადყოფს კავკასიის ხალხთა ზეპირსიტყვიერებების გენეტიკურ სიახლოვეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 31 2014, 11:19
პოსტი #32


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif შედევრია
ავტორი: აკა მორჩილაძე
წყარო:guns.ge

ეს იყო ქვეყანა, სადაც იარაღი დაივიწყეს. ყველანაირი: გრძელი და მოკლე, ბასრი და ბლაგვი, სასროლი და საკაფი, ლამაზი და ულამაზო, ძვირი და იაფი. ყველანაირი დაივიწყეს. ფასი და გემო იარაღისა აქ არავის ესწავლებოდა. უყვარდათ კიდეც. ისიც ნათქვამია, რომ რკინა სწორედ აქ გამოსჭედეს პირველად და ხმლის იერიც აქ მისცეს პირველად.მართალია, იარაღის ჭედვაში ის პირაფთარი ეშმაკეული აზაზელო მონაწილეობს, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ იმას უსწავლებია კაცთათვის რკინის ხანჯლად ათლა, მაგრამ ვერ წაუხვალ, რომ სადაც ეს მოდგმაა, იქაც – იარაღი, და არა მარტო ნადირ-ფრინველის სახოცად.
აქაც ასე გამოვიდა, რომ კაცის ერთი ხელის გაგრძელება თოხი თუ იყო, მეორისა კიდევ – ხმალ-ხანჯალი და მერე თოფ-დამბაჩეულიც. ასე გამოვიდა. რახან კალამზე მეტათ ხანჯალი აგრძელებდა ხელსა. იმ განთქმული ფოლადობის წარსულს აღარ მოვყვებით. ის შენახულია ძველსა და მეცნიერულს წიგნებში, თუ ვითარ იყო ხალიბობა ძველი დროისა. ახლა არ იქნება, უფრო შთამბეჭდავ განცდით არ მოვიხსენიოთ ის ამბავი, რომ ვერაგმა ნადირ-შაჰმა შემოიხსნა თავისი ხმალი, ღირებული სამას ათას მანეთ სულ წმინდა ოქროთ, მორთული სულ ლალ-იაგუნდითა და აელვარებული დამასკურ თვლებითა და შეაბა გივი ამილახვარს, კაციც შენა ყოფილხარო. შეაბა იმისთვის, რასაც ლექსიც გვეუბნება:
,, შენ, გივო ამილახვარო,
სვიანო, თაღლითიანო,
ხან აქეთა ხარ, ხან იქით,
საითაც ქარნი ქრიანო``.
სად გახლავს ახლა ეს ხმალი დავიწყებული? მითამ დიდი არაფერი იყვეს. მეფის ირაკლის ხმალმუსაიფზე აღარაფერს ვიტყვი, მოგახსენებთ კია იმას, რომ აქა ყოველმა გლეხმა ფრიადოსნურად იცოდა იარაღის მოხმარა, რადგან გლეხი ჯარი იყო და აკი მოგახსენებს ძველი დროების ერთი მწუხარე ქრონისტი, ერთდერთი სწავლა, რომელიც მიიღება ჩვენს თავადობაში, არის სწავლა იარაღის მოხმარებისაო. ვით არ ითქვას, რომე იმ მოხდენილ ლეკურს ბრმა კაცი, ალექსანდრე ყაზბეგი ცეკვავდა თორმეტი ხანჯლით. ბრმა იყო, სათვალეს არა კადრულობდა, ისე აიქნევდა და დაიქნევდა თორმეტ ხანჯალს ცეკვა-ჩოქვისას, რომ ერთხელაც არ დაუსვია ფეხის ცერში. მეტი რაღა გინდა, უხანჯლოდ ქუჩაში გამოსული კაცი ვის ენახა? უთოფიარაღო გლეხკაცი ყანაში გაჩერდებოდა?ლეკი მოსულიყო ვინმე... ახლა პოლკოვნიკი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი როგორ ცეკვავდა რევოლვერების სროლა-სროლით.ერთიც არ მოურტყია ვინმესთვის. ამ ჩუბინობით იმის თქმა გამოდის, რომ იარაღისა ყველამ ყველაფერი იცოდა. ყოველი კაცი გაშინაურებოდა მას, ოღონდ არა სულელურად, არამედ ცოდნით და ტყუილად არავინ გამოაცდენდა. აი, ანდაზაც: ფრთხილად, ეშმაკის მოგონილიაო. სცოდნოდათ აზაზელოს ამბავი.
იყო ერთი პოლკოვნიკი გარდაფხაძე, ბაბუაჩემს ემსახურა იმასთან ჯარში. დაადებდა დენშჩიკს თავზე ვაშლს, წამოვიდოდა ორმოც ნაბიჯზე და დაახლიდა. თქვენ იხარეთ ას წელიწადს, მას არც მაღლა მოსვლია ოდესმე და არც დაბლა, განზე ხომ – არა და არა. ერთი იყო, აწყენინებდა დენშჩიკიო, კვერცხს დაადებდა და ასე დასჯიდაო. აბა, ახლა მოვიდეს ვინმე და ისე ამოაძროს ხანჯალი ქარქაშიდან, ხელი არ გაიჭრას. დაივიწყეს და იმიტომ.
გრძელი ხმალი მაინცდამაინც არ იყო ვაჟკაცობის ნიშანი. ერთ ფიცხელ ომში მეფე ერეკლეს დაუნახავს, რომ ერთი რომელიღაც აზნაური განზე მიმდგარა და დაუძახია, ბიჭო, რას ამთქნარებო. მოკლე ხმალი მაქ, ბატონოო, უპასუხია იმას. ფეხი წინ წადგი და დაგრძელდებაო, ურჩევია პატარა კახსა.
აბა, იარაღის მოხმარების ამბავი არ იყო, რომ კონსტანტინე დადეშქელიანმა ერთი დამბაჩითა და ხანჯლით გამოიარა მთელი ქუთაისის გუბერნატორის სასახლე, მოჰკლა გუბერნატორიც, იმისი ხალხიც და მთელი ქალაქი გადაირბინა? იყო, გახლდათ. ყოველს სახლში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იარაღი ეკიდა იმ ლამაზ ხალიჩაზე. ისეთი კოხტა საცქერი იყო, ისეთი კოხტა და შინაური რამ გამოდიოდა, ახლა ვეღარავის დააჯერებ.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც მობრძანდა ახალი მთავრობა, რომელმაც, დიახაც, იცოდა, რომ ომში გამარჯვებას კარგა ხანია, აღარ გადასწყვეტს მხოლოდ იარაღის მოხდენილად ტრიალი და ნიშანში სროლა, არამედ ათასი სხვაც. ეს იყო წითელი მთავრობა, რომელმაც თოფ-იარაღს დაუდგინა საზღვრები. იმან, უბრალოდ, აკრძალა იარაღი. ხმალი დაუტოვა მხოლოდ სააღლუმე ჯარს ქუჩაზე ჩამოსავლელად, ხანჯალი – მხოლოდ ეროვნულ ცეკვა-თამაშობათა გუნდებს, ტყვიის სასროლი კი ყოველნაირად აკრძალა, მხოლოდ ჯარს და მონადირეს დაუტოვა. თუ ადრე ხალიჩაზე მიეკიდათ, ახლა დასამალი შეიქნა და დამალული ვის უყვარს, ყოველმხრივ ცხადია. და დარჩა დამბაჩეული მხოლოდ ავაზაკთა და იმათ მდევართა ხელში, ხალხი კი დარჩა განზე. გასროლამ გააჩინა შიში. თოფი ცხრაკლიტულში ჩაიდო. ყველას გადაავიწყდა იარაღი და თუკი გაახსენდებოდა ვინმეს, მხოლოდ ჟრუანტელით. დაირბენდა ჟრუანტელი საზიზღარი. დეკემბრის ქარივით, ცივათ. იმიტომ, რომ იარაღით ხალხს ხ**ეტდნენ. ბაახ – და აღარ იყო კაცი.
გაჰქრა ხელობა მეხანჯლისა, გაჰქრა სევადიანიც და უსევადოც. იმის ადგილი დაიჭირა ყოვლად საზიზღარმა ჯიბის დანებმა, რომელთა ტარისაგანაც ისე გამოსრიალდებოდა პირი, როგორც ენას გამოასრიალებს ხოლმე გველი.
და ერთხელაც დაიწყო დიდი გამოძრავება და ალაყაფნი როდესაც გამოხსნეს, ხოლო ის ძველი და ამკრძალავი ქვეყანა დაინგრა, გამოჩნდა იარაღიც.
ის ნაწყენი, ხორკლიანი და გაუხეშებული ბრძანდებოდა. ასე დაემართება ხოლმე ყოველს, როცა დაივიწყებენ. ხოლო ადამიანებმა კი აღარ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ თავიანთი ხელების ერთ-ერთს ძველს გაგრძელებას. იარაღი იოლად მოვიდა ამათთან. გამოჰკრავდი და ისროდა. შურს იძიებდა დავიწყების გამო, იმიტომ, რომ არ გახლავს იოლი ვინმე თუ რამე. დამიზნების ხერხიც აღარავინ იცოდა და დამიზნების საჭიროებასაც არავინ ხედავდა. იარაღს კი უხაროდა, რომ ამდენი ხნის დავიწყებული ვიღაცის ხელში იყო და იმ ხელს გამოცდილება და შინაურობა არ ეტყობოდა. იმ ხელში, აბა, რამდენს გაბედავდა. და ბედავდა, ვინ გააჩერებდა. თვითონ იცოდა ხელის ამბავი, ხელმა კი არაფერი იცოდა მისი. ამიტომაც ისროდა ესა და ხვდებოდა ყველას, ვისაც წარმოიდგენდა და ვერ წარმოიდგენდა. იაფობა იყო სროლისა. აბა, ამდენი ხნის დაგროვილზე ვინ დაუთვლიდა. ყურიც მიეჩვია და თვალიც, ოღონდ კი ხელი – ვეღარ. უჭირდა და უჭირდა. ესეც ეომებოდა, არ უთმობდა. გრძნობდა, რომ ხელი ჩარბილებულიყო და ჩაოფლილიყო. ჩაოფლილი ხელი კი, აბა, როგორ აჯობებს ფოლადსა და სიკვდილს? აბა, სადღა იყო ის ხმელი ხელები, რომ მოსჭიდებდა რქებში და თავის ჭკუაზე მომართავდა, ვითარცა ბუღას. შეიყვარეს, მაგრამ უცოდინრათ. ეგრე იცის დავიწყებულმა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Aug 13 2014, 18:39
პოსტი #33


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




წყარო: guns.ge
ნადირობა-გარისობა



“იცია, ირაობასა ქოჩობაც თანა მოჰყვება,
მაშინდელს ნადირობასა სულ წვრილად ვინღა მოჰყვება.”
არჩილ მეფე

მოვარჯიშეთა ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ბუნებრივ პირობებთან შეგუება, ლაშქრობა, სენთი (ორიენტირება), ბანაკად დგომა, საკვებისა და სამკურნალო მცენარეების მოპოვება და ა.შ.

ამ მიმართულებას ვუწოდეთ გარისობა. დამუშავდა შესაბამისი ტერმინოლოგიაც, რომელიც რამდენიმე ჯგუფისგან შედგება და ასევე გამოსადეგია მონადირეთათვის.

გარისობის მიმართულებით მუშაობს ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევართა ჯგუფი არჩილ გოგალაძისა და ბექა ოტიაშვილის თავკაცობით.

საერთოდ ნადირობა, გარდა ყოფითი დანიშნულებისა, იმთავითვე ფიზიკური აღზრდის ერთ–ერთი უმთავრესი შემადგენელი იყო და ეს არაერთი წყაროთია დადასტურებული.

თრიალეთის მცირე ხრამის კლდის მხატვრობის ერთი ნაწილი ნადირობის სცენებს ასახავს. ყველა ნახატში ხაზგასმულია, რომ ნადირობაში მთავარია არა დევნა ან მონადირება, ან უშუალოდ სანადირო იარაღი, არამედ წინასანადირო რიტუალი.

კომპოზიციის ძირითადი ფიგურაა მონადირე ხელში სახრით, იმდროინდელი სარიტუალო იარაღით, ხოლო მშვილდ–ისარი იქვე გვერდითაა გამოსახული.

ნადირობის თვალსაზრისით ასევე ძალზე საინტერესოა ბადით შეპყრობილი ირმისა და ცხენის გამოსახულებანი, რაც ამ ტოტემური ცხოველების მონადირის მიერ ფლობის ნიშანია და მონადირეში ქურუმის ფუნქციის აღმოცენებაზე მეტყველებს.

ამ პეტროგლიფთაგან ყველაზე უხნესი მეზოლითის ხანისაა (ძ.წ. XII–IX ათასწლეულები).

არქანჯელო ლამბერტი (”სამეგრელოს აღწერა”) მოგვითხრობს, რომ ნადირობა “მეგრელთა უმთავრესი საქმიანობაა და მას ყოველი წოდებისა და მდგომარეობის მეგრელი ეტანებაო” და იქვე მოჰყავს მეგრული ანდაზა – “ბედნიერი ის არის, ვისაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო”.

ნადირობაში მონაწილეობა ფეოდალურ საქართველოში ვასალური მოვალეობა იყო. ა. რობაქიძის აზრით “ნადირობის გასამხედროებული ბუნება უდავო ფაქტად გვეხატება”.

საინტერესოა ისიც, რომ ასეთ ნადირობაზე გამომსვლელნი სადროშოებად იყვნენ დაყოფილნი.

ივანე სურგულაძე “დასტურლამალის” კვლევისას ამბობს: – “ნადირობა აქ ისეა აღწერილი, როგორც ლაშქრობა: ჯარის გამოძახება, მისი სადროშოდ დაყოფა, სწორად სიარული ნადირობის წინ და სხვა”.

ზერელედ განათლებულ მავანთაგან გვსმენია – ქვეყანა თავს გვექცეოდა და ამ დროს მეფეები პოემებსა წერდნენ ნადირობასა და დროსტარებაზეო.

ამ დროს კი ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვახტანგ VI–ის დამოკიდებულება ხალხის მიერ ერთხელ მიგნებული ხერხისა და წლობით დაგროვილი ცოდნის მიმართ. ამის ნათელი მაგალითია ეს მცირე ჩანაწერი:

– “მუხის ფითრი მარიამობის თვეში დაკრიფე, რომელიც მკუხე იყოს. დაჭყლიტე, მერე წყალში ჩასდევ, იმაში კარგად ჭყლიტე, დააცალე. მერმე გარდასწურე. რაც ძირს დარჩეს, ან 10 – 12 წვეთი ზეთისხილის ზეთი, ან თაფლი დაასხი. მერე ალვახაზივით რა ზეთი გაერიოს და კარგად აიზილოს, ერთ ქილაში ჩადევ. როდესაც გინდოდეს, ჩხირებზედ წაუსვი, ქანდარებად გააწყევ ასეთ ადგილას, ფრინველი შესხდეს. რაც ფრინველი ან შეჯდება, ან ფრთას შეახებს – ვერსად წაუვა, დაიჭერს”.

მეფე თეიმურაზ ნადირობას მიმართულებებად ახარისხებს – “აქა ისრით ნადირობის თქმა”, “აქა ქორისა და მიმინოს ნადირობის ამბავი”, “აქა თევზის ნადირობის ამბავი” და სხვანი.

არჩილ მეფემ კი, ნადირობის აღწერით, არა მარტო უდიდესი ცოდნა შემოუნახა შთამომავლობას, არამედ კიდევ ერთხელ წამოსწია ომებსშუა განუწყვეტელი ვარჯიშის მნიშვნელობა და ყმაწვილთა აღზრდის საგანგებო ზნედ დასახა.

ივანე ჯავახიშვილის აზრით (”საქართველოს ეკონომიური ისტორია”) სანადირო ბეგარა დაკავშირებული იყო სამხედრო ბეგარასთან: – “ნადირობას მარტო კერძო გასართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო და ბეგარასავით სამხედრო ვალდებულებას წარმოადგენდა”.

“იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიმორჩილნა დადიან–გურიელნი და მთავარნი სხვანი ლაშქრობათა, ნადირობათა და მეფედ მათთა ხმობითა მსახურებათათა”– აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.

ვახტანგ VI–ს გარეჯის ნათლისმცემლის უდაბნოსათვის შეუწირავს 3 სოფელი, ოღონდ – “ლაშქარსა და ნადირობასა გვეახლებოდნენ”–ო, ანუ სრული თარხნობა იმიტომ არ მივეცით, რომ “ლაშქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა – ლაშქრობის მასწავლებელი”.

იმერეთშიც ასევეა: ბაგრატ მეფემ გელათს შესწირა სოფელი ნავენახევი “ხელშეუვალად და განთავისუფლებით, თვინიერ ნადირობასა კიდე და ნადირის ჯერგად ნუ დაგვაკლდებიანო”.

ნადირობის სამხედრო ბუნებაზე ნათლად მეტყველებს ფარსადან გორგიჯანისძის ეს ფრაზაც: “მას ჟამსა, ოდეს მეფემა როსტომ რომ სანადიროდ გაილაშქრა”…

ნ. ურბნელის თქმით “ძველ დროში ახალწელიწადს ვაჟკაცობის იერი ედო და მაღალი წოდებაც ამ დღესასწაულს ისე მიეგებებოდა ხოლმე, თითქოს საომარი დღეაო, საომარი ვარჯიშობაო… საახალწლო დღეობის სულსა და გულს ნადირობა შეადგენდა”.

ასეთი სულისკვეთება სულ რაღაც საუკუნენახევრის წინ მეფობდა ჩვენში.

” კავკასიის სადარი, ვგონებ, არ არსებობს სხვა მხარე, სადაც ნადირობა ესოდენ იყოს განვითარებული და სადაც ამდენი საოცარი ნაირსახეობით იყოს წარმოდგენილი, დაწყებული ყველაზე მარტივითა და უაღრესად სრულყოფილი ხერხებით დამთავრებული” – განცვიფრებით აღნიშნავს 1900 წელს დასტამბული “კავკასიური ნადირობანი”–ს ავტორი ა. კალინოვსკი წიგნის შესავალში.

ეს თემაც ცალკე და განსაკუთრებული შესწავლის საგანია. ამავე დროს, რაკიღა ნადირობის კულტურაში რაიმე საგანგებო წყვეტას ადგილი არ ჰქონია, სავარაუდოა, რომ არაერთი საინტერესო მასალის მოძიებაა კიდევ შესაძლებელი. საჭაშნიკოდ მოვიტანოთ რამდენიმე მათგანი:

ნადირობის მოყვარულის გივი ბადაშვილის გადმოცემით ნანადირევის შესანახად გამოიყენება შემდეგი ხერხი: ნანადირევი უნდა შეიტანო თოვლის ჩამონაზვავში მდინარის ან ნაკადულის მიერ გაჭრილ გვირაბში იმ სიღრმეზე, რომ მზის სხივი ვერ მისწვდეს. ინახება დიდხანს და, რაც მთავარია, არ ეკარება მწერი და ნადირი.

ასევე საინტერესოა გადმოცემა იმის შესახებ, რომ სახლიდან შორს გასული მთიელები გათოშვისგან თავდასაცავად სამოსსშუა ნამჯას იფენდნენ.

გასული საუკუნის დასაწყისში ჩაწერილი ფერეიდნული სანადიროდ გასვლა: “საღომის სადაცღა რო მაგარ ტინებჩი დალაგდეს თხები, იმ ღამით ადგებიან და შაატყობინებენ ერთმანეთს. დაქუჩდებიან ერთგანა ჩუმ ჩუმადა, რო ხმა არ ავიდეს თაჩი.

ნამაი ქეჩის ქულაჯებს ჩაიცმენ და ფაითმანგებს დაიხოვენ ფეხებზე, ჯულის ქალმნებს ჩაიცმენ (ტუმარა – ქეჩა რაქთენი პირი და ემისი ქალამანია), ნამა დაიკოლთებიან და ფაიშამზე წავლენ თასათი”.

ნაწყვეტი გიორგი ბოჭორიძის წიგნიდან “თუშეთი”: “ძუის მახე – კვერნის დასაჭერი მახეა. აკეთებენ ადგილობრივ: დაგრეხავენ ძუას, გააკეთებენ ხის გირკალს (კირკალი, ანუ მოხრილი ხე), დააბამენ ქვაზე. ძუას იმ გირკალში შუაზე გაუკეთებენ შატით (ყულფით). მერმე ხეს გადასდებენ წყალზე.

გირკალს, ქვასა და ძუას ერთად შეაერთებენ, დასდებენ ამათ გადებულ ხეზე. კვერნა წყალზე რომ გადავიდეს, უეჭველად იმ გირკალში უნდა გაძვრეს. გაძრომისას თავს ძუაში გაჰყოფს და თან გაიტანს. ქვა დატოკდება, წყალში გადავარდება და კვერნას თან გადაიყოლებს. პატრონი დამხრჩვალ კვერნას ამოიღებს.”
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Aug 27 2014, 13:55
პოსტი #34


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



პოეზიაც თუ შეიძლება ამ თემაში. თან თვითონ კითხულობს ავტორი და კითხვით არ დაგღლით.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 30 2014, 10:01
პოსტი #35


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




საინტერესო შეხედულებაა

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთიდან, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვა დაუსვა ინდიელთა ტომის ბელადს- თუ რას ფიქრობდა ის თეთრკანიანი ადამიანების შესახებ. ამ კითხვაზე მან მრავლისმთქმელი და ბრძნული პასუხი მიიღო:
რა თქვა ინდიელთა ტომის ბელადმა თეთრკანიანი ადამიანების შესახებ.

"აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინდიელთა ტომის უხუცეს ბელადს, რომლის სახელია "ორი არწივი", კითხვა შემდეგნაირად დაუსვა: "თქვენ აკვირდებით თეთრი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას უკვე 90 წელი, თქვენ გინახავთ მათი ომები და ტექნოლოგიური მიღწევები, თქვენ ნახეთ მათი წინსვლა და ზარალი, რომელიც მათ ერთმანეთს მიაყენეს". ბელადმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

მაშინ ხელისუფლების წარმომადგენელმა ჰკითხა: "რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს მოვლენა, თქვენი აზრით, რაში შეცდნენ თეთრი ადამიანები? სად აირჩიეს მათ არასწორი მიმართულება?"

ბელადმა შეხედა თეთრ ადამიანს და უპასუხა:

"როცა თეთრმა ადამიანმა იპოვა მიწა, ის ინდიელებს ეკუთვნოდა, არ იყო გადასახადები, არ იყო ვალები, წავებით და კამეჩებით სავსე იყო მინდვრები, წყალი იყო სუფთა და საკვები უამრავი. ქალები აკეთებდნენ ოჯახის საქმეს, ექიმები არ იღებდნენ ფულს. ინდიელი მამაკაცები მთელ დღეს ნადირობაში ატარებდნენ, ხოლო ღამით თავიანთ ცოლებს ეფერებოდნენ".

შემდეგ ბელადმა თავი უკან გადასწია, გაიღიმა და დაამატა:

"მხოლოდ თეთრი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ იფიქროს ამაზე უკეთესი სისტემის შექმნაზე".

წყარო: bazieri.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Oct 30 2014, 14:50
პოსტი #36


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



კომუნიზმში უცხოვრიათ ინდილელებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 12 2015, 12:28
პოსტი #37


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




დიდი ხანია აქ არაფერი დამიმატებია
მოკლედ გთავაზობთ პატარა მოთხრობას, ჩემი ლექტორის, საუკეთესო ღვინოთმცოდნის და ძალიან კარგი ადამიანის, გიორგი ბარისაშვილის წიგნიდან "ბუხრისპირული"
ისიამოვნეთ















image hosting site over 5mb
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
achiko-l
პოსტი Sep 17 2015, 11:57
პოსტი #38


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,355
რეგისტრ.: 24-May 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: mtskheta



assassin29
ჩემი მეზობელია გიორგი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 17 2015, 12:21
პოსტი #39


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




achiko-l
newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 17 2015, 14:14
პოსტი #40


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



გულში ჩამწდომი მოთხრობაა . ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება small3d018.gif

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: Sep 17 2015, 14:14
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 17 2015, 14:19
პოსტი #41


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო
სხვებიც დავდო? კარგი მოთხრობები წერია ოღონდ ყველა ნადირობაზეე არაა
ისე თუ გურჯაანისკენ მოხვდებით შემომირბინეთ და წიგნსაც გათხოვებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 17 2015, 15:55
პოსტი #42


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ციტატა(assassin29 @ Sep 17 2015, 15:19) *
უიარაღო
სხვებიც დავდო? კარგი მოთხრობები წერია ოღონდ ყველა ნადირობაზეე არაა
ისე თუ გურჯაანისკენ მოხვდებით შემომირბინეთ და წიგნსაც გათხოვებთ

მოვხვდები რას ქვია. ყოველ დღე აქ არ ვარ D.gif . აქ ვმუშაობ. დადე რაც არის საინტერესო. საჩვენო მარტო ნადირობის თემას ხომ არ გულისხმობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Feb 19 2016, 02:18
პოსტი #43


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,133
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი





post images
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Feb 19 2016, 08:04
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,917
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ალფონს დოდე "ტარტარენ ტარასკონელი" small3d018.gif ბავშვობაში მაქვს წაკითხული მაგარია ძალიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Feb 20 2016, 14:36
პოსტი #45


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,030
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი ნაწარმოებია...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2019 - 13:53