თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გაშოლტვით თევზაობა - FLY FISHING _ კალმახზე თევზაობის კანონის შეცვლა (გამოკითხვა)

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Jun 2 2015, 17:07

ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაწყდა ამ თემის განხილვა.

სალამი მეგობრებო, იმისათვის რომ სპორტული თევზაობა განვითარდეს საქართველოში,
ჩვენი კლუბის ინიციატივით ვგეგმავთ კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივას.

1- კალმახი არის გადაშენების გზაზე და მისი პოპულაცია დაბალია, (ეს დასტურდება 2014 წლის კვლევით) ჩვენ არ ვუჭერთ მხარს კალმახზე მასობრივად თევზაობის დაშვებას. ამ ეტაპზე პარალელურად ვაშენებთ კალმახს და უახლოესი 2-3 წელი მხოლოდ დაიჭირე გაუშვის პრინციპს ვითხოვთ.

2- სპორტული თევზაობის ლიცენზირება დაიჭირე - გაუშვის პრინციპით, ჩვენს ქვეყანას წარადგენს მსოფლიო ბაზარზე როგორც
ახალი ტურისტული მიმართულება საქართველოში , მისი უნიკალური ბუნების წყალობით.

განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა, ახალი ზელანდია, მონღოლეთი, რუსეთი და სხვა) ძალიან გავრცელებულია სათევზაო ტურიზმი, რაც ნიშნავს ყოველწლიურად უამრავი მეთევზე-ტურისტის მიღებას, თევზაობის მიზნით.
ასეთი მეთევზეები როგორც წესი არასოდეს აგემოვნებენ მათ მიერ დაჭერილ ნადავლს. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ღირსეული ნადავლის დაჭერა-გაშვებაა და ამის ამსახველი ფოტოს კოლექციაში ჩამატება. სპორტული თევზაობის მსოფლიო ჩემპიონატები ამ ქვეყნებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და 2014 წლის ასეთი ჩემპიონატი ნორვეგიაში ჩატარდა. ეს სწორედ ის თევზით მდიდარი ქვეყანაა რომლის სათევზაო ჟურნალში 4 გვერდიანი სტატია დაეთმო, როგორც საქართველოს ასევე „საქართველოს გაშოლტვით თევზაობის კლუბს“ Georgian Fly Fishing Club.
Fluefiske 2013 წლის გამოშვება.
არც ჰოლანდიური თევზაობის ჟურნალის 2014 წლის გამოშვება ჩამორჩა ნორვეგიელებს და მათაც 2 გვერდიანი სტატია დაუთმეს ჩვენს ქვეყანას და კლუბს.

როგორც წესი, თევზაობას მთელს მსოფლიოში შესაბამისი ნებართვა ჭირდება(ლიცენზია)
ლიცენზიის 2 სახეობა არსებობს:
1- თევზაობა მხოლოდ დაიჭირე - გაუშვი-ს პრინციპით.
2- თევზაობა თევზის წინასწარ დადგენილი რაოდენობის ამოღების უფლებით.

ამ ეტაპზე დაუშვებელია საქართველოში ტბის/მდინარის (Salmo Fario) კალმახის ამოღების ლიცენზიის დაშვება, მისი მცირე პოპულაციის გამო.

ჩემი ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროში მზადდება ცვლილება თევზჭერის კანონში და დაგეგმილია კალმახზე თევზაობის აკრძალვის მოხსნა და ყველა მსურველზე დაშვება.
გასაკვირია რა ინტერესს უნდა ემსახურებოდეს აკრძალული და გადაშენების პირას მყოფი, წითელი ნუსხის სახეობის საკვებ ობიექტად გადაქცევა.
მართალია თევზაობის დაშვება იქნება გარკვეული სტანდარტების დაცვით მაგრამ, ერთ მეთევზეზე ერთი კალმახის ამოღებაც გამოიწვევს პოპულაციის კიდევ უფრო გაუარესებას და არა გაუმბობესებას.
ამ ეტაპზე რადგანაც აკრძალვა არის და რაღაც ეტაპით(დაიჭირე-გაუშვი) გაუმჯობესდება, ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება ვიდრე ჯერ დაშვება და შედგომ ისევ აკრძალვა კალმახზე ყველა მსურველისათვის თევზაობის
დაშვების უარყოფითობას 1-2 წელიწადში წავაწყდებით და შემდეგომ ბევრად უფრო ძნელი იქნება მისი პოპულაციის აღდგენა. მართალია ჩვენი კლუბი და უამრავი მსურველია საკუთარი ინციატივით და საკუთარი ხარჯებით ჩართული კალმახის მოშენების პროექტში, მაგრამ თუ მცირე ნაწილი კალმახს მოამრავლებს და დიდი ნაწილი მის ამოღებას დაიწყებს, ეს გამოიწვევს პროექტში ჩართული ადამიანების უკმაყოფილებას და საბოლოოდ მასგავსი პროექტების შეჩერებას.
დაგეგმილი კანონის მიღება დააზარალებს როგორც კალმახის პოპულაცია ასევე ქვეყნის სამომავლო უნიკალურ პოტენციალს.

მართალია ასეთი ლიცენზიები თევზის ყველა სახეობაზე არ ვრცელდება, მაგრამ კალმახზე თევზაობა (დაიჭირე-გაუშვის პრინციპით) მთელს მსოფლიოში ლიცენზირებადია.
თევზის სიმრავლე და მსგავსი რეკლამა სტატიების სახით, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი მიმართულებით წარადგენს მსოფლიოს წინაშე რასაც შესაბამისი გამოხმაურება და ინტერესი ექნება მეთევზეების მხრიდან. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, საჭიროება გახდება რეგიონის მცირე სასტუმროების გამოყენებისა, რადგანაც ასეთი მეთევზეების ძირითადი ინტერესი მხოლოდ ლამაზი ბუნებაში თევზის დაჭერა, დასურათება და გაშვებაა.
საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი 2007 წლიდან ცდილობს განავითაროს ეს მიმართულება და პირველივე დღიდან არსობებს დიდი დაინტერესება უცხოელი მეთევზეებისაგან საქართველოში კალმახზე თევზაობისა მაგრამ, ლიცენზიის არქონის და კანონის მხრიდან აკრძალვა, ხელს უშლის მსურველ მეთევზეებს ეწვიონ ჩვენს ქვეყანას.
საქართველო როგორც უნიკალური ბუნების და მრავალი მთის მდინარეების წყალობით, უმოკლედ პერიოდში შეძლებს დაიკავოს მოწინავე ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მოკლე დროში შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს ისეთ უხვსტუმრიან ქვეყნებს როგორიცაა:
სლოვენია, მონტენეგრო, კანადა, ახალი ზელანდია, მონღოლეთი, რუსეთი და სხვა.
ამისათვის საჭიროა:
1- დაიწყოს მუშაობა სათევზაო ლიცენზიების გაცემის საკითხზე და მოიხსნას შეზღუდვა „დაიჭირე - გაუშვი“ -ის პრინციპზე.
2- შეირჩეს მდინარეები რომელიც გამოირჩევა სილამაზით, მდინარის მდგომარეობით და დაუყონებლივ დაიწყოს ასეთი მდინარეების გაძლიერებული დაცვა ბრაკონიერებისაგან, რადგანაც წლების მანძილზე უკონტროლობის გამო ბრაკონიერობა კატასტროფულად გაზრდილია და სწორედ ბრაკონიერები ართმევენ ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით გავითარების პოტენციალს.
3- დაწესდეს „დაიჭირე - გაუშვი“-ის ლიცენზიის სტანდარტი და მისი ფასი როგორც უცხოელებისთვის ასევე საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ლიცენზიის მოსაკრებელი უნდა იყოს 3 ნაწილად გაყოფილი,

რეკომენდაცია: (პირობითად)
წლიური მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს 40 ლარი
კლუბების წევრებისათვის მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს 20 ლარი
უცხოელი მეთევზეებისთვის მოსაკრებელი უნდა შეადგენდეს,
ერთჯერადი (ერთ დღიანი) 10$ 1 კვირიანი 20$ მრავალჯერადი 50$ 1 წლიანი

ა) თავისუფალი მეთევზე რომელიც არცერთი კლუბის წევრი არ არის, იხდის ჩვეულებრივ ფასს.
ბ) კლუბის წევრები, რომლებიც სისტემატიურად ნერგავენ სწორი თევზაობის პრინციპებს, რომელთა ფსიქოლოგია შეცვლილია და ცდილობენ მაქსიმალურად ყველას მიუთითონ სწორი თევზაობისაკენ, უნდა იხდიდნენ ლიცენზიის მოსაკრებლის 50% რადგანაც სწორედ კლუბებში ისწავლება და ინერგება სწორი და ჯანსაღი თევზაობის წესები. (ეს ხელს შეუწყობს მეთევზეების მაქსიმალურ მობილიზებას კლუბებში სადაც ჯანსაღი მეთევზეები იყრიან თავს) ასევე კლუბში დაინერგება ტესტები და გამოცდები სადაც შეისწავლება „დაიჭირე გაუშვი“ ის პრინციპი.
ვ) უცხოელი მეთევზეებისათვის ლიცენზიის ფასი უნდა შეადგენდეს ადგილობრივ მეთევზისგან განსხვავებით შედარებით მეტს.

საინტერესო იქნება ყველას მოსაზრება, გთხოვთ არგუმენტულად ვისაუბროთ და მხოლოდ არგუმენტები მოვიყვანოთ და არა მოსაზრება.


შოთა ჯოხაძე
საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Jun 2 2015, 17:15

მე გავეცანი, გარემოს დაცვის მიერ შეკვეთილ კალმახის კვლევის 2014 წლის დასკვნას, სადაც დაფიქსირებულია "კალმახის პოპულაცია არის დაბალი"

ასევე გავეცანი მსოფლიოს 10 მეცნიერ-იხლიოლოგის კვლევებს "დაიჭირე-გაუშვის" პრინციპთან დაკავშირდებით.

დაიჭირე და გაუშვი

ნემსკავის ტიპი.
პრაქტიკულად ყველა სახის კვლევაში რომელიც მიძღვნილია „დაიჭირე გაუშვის“-ის პრინციპს, დამტკიცებულია რომ თევზის გადარჩენა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. ამ სტატიაში მოცემულია ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები აშშ და კანადაში.
კვლევაში გამოყენებული იქნა ჩვეულებრივი და უენო (barbless) ნემსკავები.
კვლების ყველა ავტორი ეთანხმება რომ, უენო მენსკავი საკმაოდ ამცირებს თევზის განთავისუფლების დროს, მეორეს მხრივ, ნაკლებად აზიანებს თევზის პირის ქსოვილებს.
მთავარი ნაკლი რომელის დასახელდა გახლავთ ის რომ, თევზის გამოყვანის დროს ნაკლებად სანდოა და ადვილად შესაძლებელია მისი გამოვარდნა.
აქვე განვიხილოთ ნემსკავების ტიპები.
ჩვეულებრივი ნემსკავი (J-type hooks) საკმაოდ განსხვავდება მომრგვალებული (circle hooks) ნემსკავისაგან.
40 ზე მეტი კვლევის შედეგად რომელიც, როგორც მტკნარი ასევე მლაშე წლის ბინადარზე ჩატარდა, გამოყენებული იქნა ორივე სახის ნემსკავი ბუნებრივი სატყუარით.
შედეგად დამკიცდა რომ, მომგვალებული ნემსკავი, 50% ამცირებს თევზის ტრამვირებას ვიდრე ჩვეულებრივი ნემსკავი.
ეს ახსნილია იმის რომ, მომრგვალებული ნემსკავი თითქმის ყოველთვის ედება თევზს პირის მიდამოებში და არ ედება ლაყუჩების მიდამოში არსებულ ქსოვილებზე, რომელიც საკმაოდ ტრამვის მომტანია თევზისათვის.
მომრგვალებული ნემსკავით თევზაობას განსხვავებული ტექნიკა ჭირდება.
როდესაც თევზი სატყუარას იღებს არ არის საჭირო მაგრად მოქაჩვა მეთევზის მხრიდან როგორც ეს ჩვეულებრივი ნემსკავით თევზაობისას ხდება, არამედ უბრალოდ ნაზად შნურის დაჭიმვაც საკმარისია იმისათვის რომ თევს ნემსკავი გამოედოს.
რომდესაც თევზი ბუნებრივ სატყუარას ჩაყლაპავს, ამ დროს როგორც წესი თევზი ცდილობს მობრუნებას და თუ ნესკავი სირმეში მოექცევა, საკუთარი ბუნებრივი მოძრაობით ნემსკავი ნაზათ გადმოინაცვლებს პირის მიდამოში სადაც დიდი შანსია იმისა რომ ნემსკავი გამოედოს პირის ღრუს ქსოვილში.
ხელოვნური და ბუნევრივი სატყუარები.
კველა მკვლევარი თანხმდება შემდეგზე: ბუნებრივ სატყუარას თევზი ბევრად ღრმად იღებს ვიდრე ხელოვნურ, რაც რა თქმა უნდა უფრო აზიანებს თევზს დაჭერის დროს.
იუტას შტატის (აშშ) ბუნებრივი რესურსების განყოფილებაში (2006 წელი) ნათქვამია,
ყოველი მესამე თევზი რომელიც დაჭერილი იქნა ბუნებრივი სატყუარით იღუპება, განსხვავებით ხელოვნური სატყუარისა სადაც 9 თევზი 10 დან ცოცხლობს.
თევზის გადაღლა
თევზის გამოყვანის დროს, თევზის გადაღლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თევზის გადარჩენისათვის.
ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სწორად შერჩეული აღჭურვილობა.
მაგალითად რბილი ჯოხი (1/2/3) კლასი და წვრილი სადავე (0,10 / 0,12 / 0,14) გამოდგება 15-25 სმ თევზის დასაჭერად.
„უფრო დიდი ზომის გამოყვანას რბილი ჯოხით და წვრილი სადავეთი უფრო მეტი დროა საჭირო, რაც ჯამში თევზის გამოყვანის დროს ახანგძლივებს და თევზს გაშვების შემდეგ გადარჩენის შანსს ამცირებს“ ეს ციტატა მოყვანილია ალიასკის ბუნებრივი რესურსების ბროშურიდან.
მეცნიერები სთხოვენ მეთევზეებს იმისათვის რომ თევზის პოპულაციას ხელი ნაკლებად შეეშალოს,
მოერიდონ დიდ სიღრმეზე თევზაობას. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, Fly Fishing -ის მოყვარულებს ეს ნაკლებად ეხება რადგანაც მათი აღჭურვილობა ისედაც არ არის გათვლილი დიდ სიღრმეზე თევზაობისათვის.
თევზის ამოსაყვანი ბადე
თევზის ამოსაყვანი ბადის მატერია არც თუ უკანასკნელ როლს ასრულებს თევზის ტრამვირებაში.
მტკნარის წყ**ბის თევზებზე 2003 წელს აშშ-ში ფართო კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ , შედარებით ნაკლებად ზიანის მომტანია ბადის მასალად გამოყენებული ნეილონის (ნასკვების გარეშე) და რეზინის მაგვარი მატერია, რაც ნაკლებად აზიანებს თევზის გარე ლორწოვან გარსს რომელიც მნიშვნელოვანია თევზის გარეკანის დაცვისათვის.
კვლევაში ასევე მოხსენიებულია, თუ მეთევზე ბადის მაგივრად ხელით მიიღებს თევზს (როგორც ეს Fly Fishing -ში არის მიღებული) ზიანის შემცველი ფაქტორი მინიმალური იქნება. თავისთავად ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ, ეს სველი ხელით ან სველი ხელთათმანით უნდა გაკეთდეს რასაც ყველა მკვლევარი ეთანხმება რომელთაც „დაიჭირე-გაუშვი“-ის პრინციპის კვლევაში მიუღიათ მონაწილეობა.
მართალია ჯერ ვერ მივაგენი კონკრეტულ კვლევას, ზუსტად როგორ უნდა დავიკავოთ თევზი სანამ მას ნემსკავისგან გავანთავისუფლებთ მაგრამ, ყველა მეცნიერი თანხმდება შემდეგზე, მთავარია თევზი არ დავიჭიროთ ლაყუჩებით ან თავით რომ თვალები არ დავუზიანოთ.
ჰაერის ფაქტორი თევზზე.
დაჭერილი თევზის ჰაერზე გაჩერების დრო, ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თევზის გადარჩენისათვის.
ჰაერზე თევზის ლაყუჩების სეგმენტები ერთმანეთს ეკრობა და ჟანგბადის მიზობედა ჩერდება რის შედეგადაც სუნთქვა წყდება. ჟანგბადის შემცირებასთან ერთად თევზის სისხლში სწრაფად იზრდება CO 2.
იმისათვის რომ ჰაერის ფაქტორი სწორედ ყოფილიყო შეფასებული, 90 იან წლებში, კანადაში ჩატარებული იქნა ცისარტყელა კალმახზე შემდეგი კვლევა: დაჭერილი თევზი 30 და 60 წამი გააჩერეს ჰაერზე და შემდეგ გაუშვეს. შედეგი შემდეგნაირი იყო.
30 წამი - 38% თევზი დაიღუპა.
60 წამი - 72% თევზი დაიღუპა.
30 წამიანი ჰაერის აბაზანის შემდეგ მინიმუმ 2 საათია იმისათვის საჭირო რომ, თევზის ყველა ფუნქცია სრულად იქნას აღდგენილი.
60 წამიანი ჰაერის აბაზანის შემდეგ კი მინიმუმ 4 საათი.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ თევზის ჰაერზე გაჩერებისაგან.
სხვა და სხვა ქვეყნებში თევზის ჰაერზე გაჩერების რეკომენდაციები არ არის დაკონკრეტებული წამებში მაგრამ, ყველა გვირჩევს მაქსიმალურად მოვერიდოთ თევზის ჰაერზე გაჩერებას.
2005 წლის აშშ-ს შტატის არკანზასის თევზჭერის კომისიის გამოცემაში ნაქვამია, თევზს ნუ გააჩერებთ ჰაერზე უფრო მეტხანს ვიდრე პირადათ შეძლებთ ჰაერის შეკავებას. ერთის შეხედვით საინტერესო რეკომენდაციაა თუ არ გავითვალისწინებთ რომ, ბევრ ადამიანს საკმაოდ დიდხანს შეუძლია სუნთქვის შეკავება.
წყლის ტემპერატურა.
რადგანაც თევზები ცივსისხლიანების ჯგუფს მიეკუთვნება, ეს ფაქტორი შეიძლება ითქვას ერთ ერთი მნიშვნელოვანია.
ნორვეგიის სამხრეთში ჩატარებულმა კვლევამ „სიომგს“-ს სახეობაზე აჩვენა რომ, მინიმალური დანაკარგი გაშვებული თევზისა შეადგინა როდესაც წყლის ტემპერატურა იყო 8-18 გრადუსამდე.
მსგავსი შედეგი აჩვენა ორაგულისებრთას კვლევამ მაგრამ, წყლის ტემპერატურა 18-ის მაგივრად 16 გრადუსი დასახელდა.
ალბერტას შტატში ჩატარებულმა დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, ორაგულისებრთას სახეობაზე თევზაობა, „დაიჭირე - გაუშვი“-ის პრინციპით, მხოლოდ შემოდგომით და გაზაფხულით უნდა შემოიფარგლოს ისეთ ადგილებში, სადაც წყლის ტემპერატურა ზაფხულის სეზონზე 15,6 გრადუსს აღემარება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც რომ ზამთარში თევზის ჰაერზე დიდხანს გაჩერებამ დამატებითად თვალების გაყინვა და დაზიანება გამოიწვიოს.
როდესაც ნემსკავი სიღრმეშია გამოდებული.
აშშ-ს და კანადის უმეტესი ორგანოები რეკომენდაციას უწევენ, არ ეცადოთ ნემსკავის გამოება თუ ის ღრმად აქვს თევზს გამოდებული, უბრალოდ გადაჭერით სადავე და მაქსიმალურად სწრაფად გაუშვით თევზი წყალში.
ეს რეკომენდაცია მხოლოდ სიტყვები არ არის, ის დაფუძნებულია რიგ კვლევაზე.
მაგალითად:
ავსტრალიაში იხტიოლოგებმა, 27 სახეობის თევზზე შეისწავლეს ღრმად ჩატოვებული და გამოძრობილი ნემსკავის გავლენა თევზის გადარჩენაში. ამ კვლევაში 250 მდე თევზის ეგზემპიარი გამოიყენეს და დაადგინეს რომ ჩატოვებული ნემსკავით თევზის გადარჩენა 18% იზრდება ვიდრე გამოძრობილი.
სხვა კვლევაში, 77 არქტიკული „გალეცი“ იქნა გაშვებული წყალსაცავში ჩატოვებული ნემსკავით და 10 კვირის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.
94% ხელმეორედ იქნა დაჭერილი და დადგინდა რომ უმეტესობის ქსოვილში ნემსკავი საეთოდ გამოგდებული იყო თევზის რბილი ქსოვილების მიერ.
ნემსკავის ჩატოვებით თევზის გადარჩენა გამოწვეულია იმით როდესაც ნემსკავის გამოძრობის მანიპულაციებს ვატარებს, თევზი უფრო მეტი ზიანის ქვეშ იმყოფება ვიდრე როდესაც ბევრად სწრაფად გადავჭრით სადავეს და სწრაფადვე გავანთავისუფლებთ.
„დაიჭირე - გაუშვი“ -ის პრინციპის რეკომენდაციები.
დასასრულისათვის მინდა მოვიყვანო რეკომენდაციები რომელიც 2005 წელს ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გამოაქვეყნა, ონტარიო - კანადა.
დაჭერის ტექნიკა
გამოიყენეთ მომრგვალებული ნემსკაბი, რადგანაც ეს უკანასკნელი საგრძნობლად ამცირებს თევზის პირის სიღრმისეულ ტრამვებს.
გამოიყენეთ უენო ნემსკავი, რადგანაც მისი გამოძრობა ბევრად უსრო სწრაფად ხდება.
არ გამოიყენოთ ბუნებრივი სატყუარები, რადგანაც დამტკიცებულია რომ თევზი უფრო ღრმად ყლაპავს ბუნებრივ სატყუარას ვიდრე ხელოვნურს.
გამოიყენეთ მხოლოდ ხელოვნური სატყუარები.
გამოიყენეთ მყარი სადავე, რადგანაც მაქსიმალურად შევამციროთ თევზის გამოყვანის პროცესი, რომლის გაჭიანურებაც თევზისათვის არც თუ ისე სახარბიელო.
ნუ ითევზავებთ ისეთ ადგილას სადაც ჭლის ტემპერატურა ამ მაღალია ან ძაან დაბალია.
გამოყვანის პროცესი
მაქსიმალურად სწრაფად გამოიყვანეთ ნემსკავზე გამოდებული თევზი რომ ავარიდოთ პროცესის გახანგძლივებას რაც მითსვის საზიანოა.
თუ შესაძლებლობა არის ხელით დავიჭიროთ თევზე და მოვერიდოთ ბადის გამოყენებას ან გამოვიყენოთ ნასკვების გარეშე მატერიალის ბადე.
თევზთან მანიპულაცია.
მაქსიმალურად ცოტა ხანი გააჩერეთ თევზი ჰაერზე და ყველა მანიპულაცია ვეცადოთ რომ წყალშივე მოვახდინოთ.
ხელით არ შეეხოთ თევზის ლაყუჩების სეგმენტებს და თვალის მიდამოებს.
დიდ თევზს ნუ ასწევთ ლაყუჩებით, რადგანაც ამან შესაძლოა თევზის ყბა ან ხერხემალი დაუზიანოს.
თევზი დაიკავეთ ჰორიზონტალურად, ქვემოდან მოკუდებული ხელის დახმარებით ისე რომ ხელი არ მოვუჭიროთ და შიდა ორგანოებიც არ დავუზიანოთ.
თევზთან კონტაქტი აუცილებლად უნდა მოხდეს სველი ხელით ან სველი სპეციალური ხელთათმანით და წინასწარ მომზადებული ფოტოაპარატით ფოტოს გადაღება მოახდინეთ წყალშივე.
გაითვალისწონეთ რომ თქვენი ხელი ბევრად თბილია ვიდრე თევზის ტანი, თქვენ თბლის სისხლიანი ხართ და ტევზი ცივსისხლიანი და სითბო თევზისთვის ზიანის მომტანია.
ნემსკავის გამოძრობა
ნემსკავის გამოძრობა მოახდინეთ სპეციალური პინცეტით რომელიც მეთევზეს ყოველთვის ადვილად მისაგნებად უნდა ქონდეს შენახული. (რეკომენდირებულია სათევზაო ჟილეტზე მიმაგრება)
მენსკავი გამოაძრეთ მაქსიმალურად სწრაფად ისე რომ თევზი წყლიდან არ ამოიყვანოთ.
თუ მენსკავი ღრმად არის გამოდებული, დაუყონებლივ გადაჭერით სადავე და მაქსიმალურად სწრაფად დააბრუნეთ თევზი.
ნუ გამოიყენებთ დაჭანგულ ნემსკავს ან ისეთი მატერიალის რომელიც იჟანგება.
სიღრმეზე თევზაობა
ნუ ეცდებით თევზის დაჭერას 3-4 მეტრზე მეტი სიღრმეში.
თევზის გაშვება
თუ მდინარეში თევზაობთ თევზი დაიკავეთ დინების საწინააღმდეგოთ, მანამდე სანამ თევზის ლაყუჩების მოძრაობა და კუდის მოძრაობა სრულად არ აღდგება.
თუ ტბაში თევზაობთ თევზი ნაზათ ამოძრავეთ წინ-უკან და როდესაც თევზი მოცოცხლდება მაშინ გაუშვით ხელი.

პოსტის ავტორი: Rey - Jun 2 2015, 17:24

საინტერესო და საჭირო ინიციატივაა.

მე დიდი სიამოვნებით გადავიხდი მაგ თანხას,მითუმეტეს თუ ისევ კალმახის გამრავლებას მოხმარდება.
თვალს გადევნებთ და რითიც შემეძლება თქვენს გვერდით ვარ.
წარმატებები. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Jun 2 2015, 17:45

ალბათ ეს ვიდეოც საინტერესო იქნება თქვენთვის.



moderirebulia.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 2 2015, 20:26

ნუ რაღათქმაუნდა აქაც დაბროზე ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 3 2015, 05:06

გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, შენიშვნები, კმენტარები.

საკითხი მალე გავა განსახილველად და ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია

პოსტის ავტორი: egno Jun 3 2015, 06:38

მაგარი იდეაა,ნამდვილათ ღირს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა,საშვილიშვილო საქმეა

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 3 2015, 11:11

რამოდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი იუთუბში , სადაც საქართელოში კალმახზე ათევზავებენ ტურისტებს (ერთ ვიდეოში ახოტა ი რიბალკის გადამღები ჯგუფი იყო) ხოდა შემრცხვა. მთელ დღეში 2 თუ სამი კალმახის ჭიჭყინა დაიჭირეს. საადაა საქართველოში კალმახი რომ უცხოელები მოვიზიდოთ და თავი მოვაწონოთ. დედა აქვს ნატირები საქართველოს მდინარეებს. დენით ადუღებენ წყალს. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამ ეტაპზე კალმახზე თევზაობის დაშვება. მანამდე მაინც სანამ პოპულაცია ცოტათი მაინც არ გაიზრდება. ამას სულ 2-3 წელის სჭირდება თუ ბრაკონიერობა მოისპობა. ბრაკონიერობა აი ესაა პირველი პრობლემა. ბუნების დაცვის საკითხი ძალიან ციდადაა საქართველოში. ღამით ხდება ძირითადად დენით თევზაობა მაგრამ აბა ღამე ვინ დაუწყებს ბრაკებს დევნას, ძილიც ხომ უნდა ადამიანს. განა რა გახდა , ან რა ასეთი ძვირი დაჯდება ფოტოხაფანგების დაყენება მდინარეებზე. მაქსიმუმ 1 თვეში ყველა ბრაკონიერი ეცოდინებათ მაგრამ ჯერჯერობით ნება არ არის ამის. მიზეზი ჩემთვის ცნობილია. იმედია ბევრი თქვენთაგანიც ხვდება ამას.

პოსტის ავტორი: NickAdams Jul 7 2015, 11:10

მოგესალმებით, საინტერესო თემაა. თქვენის ნებართვით მეც დავწერ ჩემს აზრს.

უპირველეს ყოვლისა ვეთანხმები უიარაღოს (სამწუხაროდ სახელი არ ვიცი) აზრს, არ არის იმდენი კალმახი, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს, პპოპულაციაც კიდევ უფრო დაზიანდება ასეთი პრესინგით. მართალი გითხრათ ჩემთვის რთული წარმოსადგენია როგორ უნდა მოხიბლო ევროპელი ან ამერიკელი, ან თუნდაც რუსი საქართველოში კალმახზე კი არა ზოგადად თევზჭერით. იყო ამის მცდელობა ფედერაციის დონეზე, ჩამოვიდნენ, ნახეს, წავიდნენ. ძალიან მოეწონათ სუფრა და ზოგადად სტუმარ- მასპინძლობა. აი თევზაობაზე რა მოგახსენოთ. ყველასთვის სამწუხაროდ არ გვაქვს ამ ეტაპზე ის იქტიოფაუნა, რომ ვინმე ან რაოდენობით, ან ტროფეული ზომებით მოვხიბლოთ. თუმცა ნამდვილად იმ აზრზე ვარ, რომ სპორტული მეთევზე ვერანაირად ვერ მიაყენებს იმდენ იანს, რასაც ელექტრიკი ბრაკონიერი. აი რაც შეეხება თემის ავტორის მოსაზრებას სპორტული თევზჭერის განვითარებაზე აქ 100%-ით ვეთანხმები.

ერთი დაზუსტება, იმისათვის, რომ მოხდეს დაიჭირე/გაუშვი პრინციპის (ტერმინის) დანერგვა საჭიროა ცვლილებების შეტანა არა თევზჭერის ტექნიკურ რეგლამენტში, არამედ საჭიროა კალმახის წითელი ნუსხიდან ან საერთოდ ამოღება, ან მოწყვლადობის კატეგორიის დაბლა დაწევა. (პირადად ჩემი აზრით, რეალობიდან გამომდინარე, ნუსხიდან საერთოდ ამოღება დაუშვებელია). ახლა კალმახს კანონდებლობის უხეში დარღვევით აქვს მინიჭებული კატეგორია VU უნდა ქონდეს კატეგორია LС. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი კლიპი, სადაც ამერიკელები კალმახზე თევზაობენ. ხოდა შარშან ამ ფაქტთან მიმართებით წერილი მივწერე გარემოს დაცვას და მოვითხოვე განემართათ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს მქონდა უფლება თუ არა ნებადართული ანკესით დამეჭირა კალმახი და გამეშვა. იქნებოდა თუ არა ეს კანონდარღვევა. რაზედაც მივიღე ოფიციალური პასუხი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა, რადგან გაცემულია იმავე უწყების მიერ, რომელმაც მიიღო ეს ტექნიკური რეგლამენტი თევზჭერის შესახებ. სამწუხაროდ ორიგინალი PDF ფაილის სახით გამომიგზავნეს და აქ არ აიტვირთა. ამობეწდვა და დასკანირება დამჭირდა.

http://pix.ge/

http://pix.ge/

საგულისხმოა, რომ ეს ჩემი მეოთხე თუ მეხუთე მცდელობა იყო. წინა პასუხებში (ხაჩიძის მინისტრობის პერიოდში) პირდაპირ მწერდნენ, რომ ჭერა აკრძალულია, ყოველგვარი დაკონკრეტების და ახსნა განმარტების გარეშე. მოკლედ მე ამ წერილით ვსარგებლობ. თქვენც თავისუფლად შეგიძლიათ ამობეჭდოთ და თან იქონიოთ. არაგვზე უკვე მქონდა ერთი შემთხვევა. მოვიდა გდი ეკიპაჟი, მართალია ნადავლი რა თქმა უნდა თან არ მქონდა, მაგრამ აღჭურვილობა და ადგილი ჭერის ობიექტზე არანაირ ეჭვს არ ტოვებდა. შეკითხვაზე პირდაპირ ვუპასუხე, რომ ვთევზაობდი კალმახზე, ვანახე წერილი და ამით ამოიწურა ყველა პრობლემა.

P.S. ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, რომ ვიღაც მოვიდა და შემამოწმა.

მოკლედ გისურვებთ წარმატებებს
პატივისცემით.

პოსტის ავტორი: Doc Jul 7 2015, 13:07


10$ ცოტა ხომ არ არის უცხოელისათვის მაშინ როცა სხვა ქვეყნებში გაცილებთ ძვირი ღირს ლიცენზია თუნდაც ერთჯერადი?!

და ლიცენზიის მოპოვება მხოლოდ ტანხის გადახდით მოხდება?

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 7 2015, 21:06

NickAdams
ეს რა საინტერესო რამე დადე.

ეხლა არც შეეხება ჩემ აზრს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ რომ ნადირობა და თევზაობა დღEს საქართველოში მოდაშIა, ბევრი მოდას აყოლილია. ნამდვილი მეთევზე ძალიან ცოტაა. კალმახზე თევზაობის ნებართვას ყველა მსურველისთვის მიუღებლად მივიჩნევ.
კალმახზე თევზაობის ლიცენზია უნდა გაიცეს კლუბების წევრებისთვის, ლიცენზია კლუბიდან რეკომენდაციის საფუძველზე უნდა გაიცეს. კალმახის დაჭერას და გაშვებას (უფრო გაშვებას) ცოდნა უნდა რომ შემდეგ ამ თევზმა ისევ გაარძელოს ცხოვრება მდინარეში.

ყველა მეთევზისთვის ნებართვის გაცემას, თუნდაც დაიჭირე გაუშვი პრინციპით გამოიწვევს ამ თევზის სრულიად განადგურებას!!!! იქ ამოყანილი კალმახის გამშვბი წყალში 1000 და შეიძLება 10 კაცი აღმოჩNდეს

პოსტის ავტორი: NickAdams Jul 8 2015, 08:43

BIGმიშა მეც მინდა, რომ ეგრე იყოს, მაგრამ იურიდიულად წარმოუდგენელია მაგის გაკეთება, რომ მხოლოდ კლუბის წევრს ქონდეს კალმახზე თევზაობის უფლება. ამით პირდაპირ ირღვევა იმ ადამიანის კანონიერი უფლება, ვინც არ არის რომელიმე კლუბში გაწევრიანებული. კანონით ვერ აიძულებ ადამიანს გაწევრიანდეს სადმე. ერთადერთი ვარიანტია, თუ ვთქვათ რომელიმე კლუბი აიღებს მაგალითად იჯარით მდინარეს ან მდინარის მონაკვეთს, მაშინ რა თქმა უნდა ამ კლუბს უფლება აქვს მხოლოდ ის ათევზაოს ვისაც თვითონ საჭიროდ ჩათვლის.

პოსტის ავტორი: NickAdams Jul 8 2015, 08:54

რაც შეეხება ყველა მეთევზისთვის ნებართვის გაცემას. აქ იმ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ კალმახზე დადის ყველა. სპორტული მეთევზეც და ბრაკიც. აქ ნებართვის დაშვება-არდაშვებაზე აღარაა საუბარი, ეს უკვე კონტროლის საკითხია, რასაც გარემოს დაცვა ვერ ახორციელებს. ამ წერილის მოპოვებაზე რამდენიმე წელი ვწვალობდი და მხოლოდ მას შემდეგ წავედი პირველად კალმახზე სათევზაოდ, რაც ეს პასუხი მივიღე.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 8 2015, 11:02

ჩემი აზრით, მთლად ასე მიშვება ერთდროულად, არასწორია. ეს ნამდვილ კოლაფსს გამოიწვევს.
1. უნდა დადგინდეს დრო, როდესაც შეეძლება ადამიანს ითევზავოს კალმახზე, როგორც ეს ნადირობის შემთხვევაშია.
2. ასევე არ მივესალმები წითელი წიგნიდან სრულად ამოღებას. უნდა გადაკვალიფიცირდეს და როგორც ნიკადამსმა აღნიშნა, უნდა დააკლდეს მოწყვლედობის კოეფიციენტი.
3. ასევე შესწავლილ უნდა იქნას მდინარეები და დაიყოს პერიოდების მიხედვით. ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ამ მონაკვეთებში შეიძლებოდეს თევზაობა კონკრეტულ მდინარეზე და არა მთელი სეზონის პერიოდში. მაგ. ავიღოთ მდინარე ხრამი. თევზაობა დაშვებული იყოს წელიწადში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. მაგალითზე ვამბობ: თებერვალში, ივლისში და ოქტომბერში. ვთქვათ მდინარე იორი: მარტი, ივნისი და სექტემბერი და ა.შ. მაგრამ აქ კიდევ გასათვალისწინებელია ქვირითობის პერიოდი. მგონი გასაგებად ავხსენი.

მოკლედ, მე ამ ყველაფერს იდეის დონეზე ვამბობ. შეიძლება მცდარი მოსაზრებაც არის, მაგრამ თუ არ ვილაპარაკეთ ჭეშმარიტებამდე ვერ მივალთ. newsmile05.gif

პ.ს. ისე კი ბრაკონიერს, სულ ერთ ადგილზე ახატია შენი წითელი წიგნიც და კანონმდებლობაც..... სამწუხაროდ...

NickAdams

იქნებ აქ ატვირთო ეგ ფაილი. http://postimage.org პიქსზე შეიძლება დაიკარგოს, თან ფოტოსაც არ მიჩვენებს პიქსზე.

პოსტის ავტორი: NickAdams Jul 8 2015, 11:42

კი ბატონო http://postimg.cc/image/47pwg1bnr/

http://postimg.cc/image/tf0sgaerr/

კი ასე ჯობია, ორიგინალი აიტვირთა

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Apr 29 2016, 20:56

მივესალმები ყველას, დიდი ხანია ეტყობა არ შემოვსულვარ და იმედია უპატივცემულობაში არ ჩამეთვლება, დაკავებული ვიყავი რიგი საკითხების მოგვარებით.
იმედი მაქვს ობიექტურად შეფასდება ყოველიმე ნაქვალები და დასკვნა იქნება სწორი.
ჩახედული ყველა მიხვდება რომ ეს არ იყო ადვილი, რომ ეს წლების მერე დაუღალავი შრომის შედეგია.
თუ რა სარგებლობას მოიტანს ყოველივე ეს, საკმაოდ ადვილი გასაგებია, თუ ვინმეს შეკითხვა აქვს რაიმე მზად ვარ ვუპასუხო ამომწურავად. მსგავსი რეგულაციის ავტორი გახლავათ მე, გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი, შოთა ჯოხაძე.



საქართველოს მთავრობის
დადგენილება №193
2016 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ


+
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. რეკრეაციული თევზჭერა – სპორტული თევზჭერის სახე (მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე) – თევზჭერის ობიექტის გარემოდან ამოღების გარეშე.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის პრეამბულა და ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა და სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), რიონი (რიონის შავი ზღვის შესართავიდან ჰიდროელექტროსადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;“.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „პ.ა“, „პ.ბ“ და „პ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ.ა) კეფალი (ლობანი) – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – პირველი მაისიდან 16 ივნისამდე;“.
5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის, თანჭერილშიც და სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისას), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობებისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე, სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) გაცემულია წერილობითი თანხმობა):
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის/ტბის) – მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ე) ქამბალა-კალკანის – პირველი მაისიდან პირველ ივლისამდე;
ვ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიბოსნაირების – მთელი წლის განმავლობაში;
ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის სხვა სახეობების – მთელი წლის განმავლობაში;
თ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ კალმახზე რეკრეაციული თევზჭერა აკრძალულია პირველი ოქტომბრიდან პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში, მითითებულ ვადებში), ასევე რეკრეაციული თევზჭერისას საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის ინდივიდები თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას, რაც უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლისა და რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვით.“.
7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით – პირველი ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები, მითითებულ პერიოდში და ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის თაობაზე;“.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზეც გარკვევით უნდა ეწეროს ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი. სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში, ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
2. აუცილებელია წყალსატევში განთავსებული თევზის მოსაშენებელი კონსტრუქცია აღჭურვილი იყოს ტივტივანიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ კონსტრუქციის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული აღჭურვილი უნდა იყოს ალმით, სინათლის ამრეკლი საშუალებებით და მესაკუთრის პირადი ნომრის აღმნიშვნელი წარწერით.
3. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების და თევზის მოსაშენებელი კონსტრუქციის განთავსების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.“.
9. მე-13 მუხლს დაემატოს შემდგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. რეკრეაციული თევზჭერა ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „რეკრეაციული თევზჭერის ინსტრუქციის“ შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.
10. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) გარდა ამ პუნქტით დადგენილი აკრძალვებისა, რეკრეაციული თევზჭერისას აკრძალულია:
ზ.ა) ბუნებრივი სატყუარას გამოყენება;
ზ.ბ) არასპორტული (ენის მქონე), ასევე ორეული, სამეული და მეტი ნემსაკვის მქონე თევზსაჭერი იარაღის გამოყენება თევზჭერის განმახორციელებელ ერთ პირზე;
ზ.გ) თევზზე მშრალი ხელით ან ხელთათმანით შეხება;
ზ.დ) თევზის ნაპირზე ამოყვანა და მისი ხელში აყვანა, თუ ქვემოთ წყალი არ არის;
ზ.ე) თევზის სიმაღლიდან გადაგდება წყალში დაბრუნების დროს;
ზ.ვ) თევზის წყალში დაბრუნება მანამ, სანამ არ მოძლიერდება იგი თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ მისი წინ და უკან წყალში მოძრაობებით, რაც საჭიროა თევზის ლაყუჩებში წყლის გასატარებლად.“.
11. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა, მათ შორის, თევზჭერა რეკრეაციული პრინციპით, დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულია მხოლოდ ამ დაცული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ შემთხვევებში და ამავე დროებითი რეგულირების წესით ან მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრულ ზონებში.“.
12. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.“.
13. მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სამრეწველო თევზჭერისას, ჭერილში ქაფშიის არსებობისას, მცურავი საშუალების საერთო ტევადობის მიუხედავად, მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში, თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არაუმეტეს 48 საათისა.“.
14. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ ტექნიკური რეგლამენტით თევზჭერისთვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა მე-6 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე. ამასთან, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრძალვა ელექტროდენით თევზჭერაზე არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ განცხადებაში დასაბუთებულია კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობით (თევზმიმზიდი მოწყობილობა, რომელიც ზიანს არ აყენებს თევზს) თევზჭერის ჩატარების მიზანშეწონილობა, ასევე დასაბუთებულია გამოსაყენებელი კონკრეტული სახის ელექტრომოწყობილობის გამოყენების უსაფრთხოება და წარმოდგენილია მისი აღწერა. სამინისტრო უფლებამოსილია, განსაზღვროს ამ პუნქტში მითითებული ელექტრომოწყობილობის ტექნიკური პარამეტრები, რომლითაც დაშვებულია სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა.“.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

დეტალური განმარტება:
კალმახზე რეკრიაციული თევზაობის, დაიჭირე გაუშვის პრინციპის განმარტება:
აუცილებელი აღჭურვილობა:
წყლის კომბინიზონი (ვერდერსი ან რაიმე საშუალება).
ხელთათმანი (თევზთან კონტაქტისათვის).
ნემსკავის გამოსაძრობი ინსტრუმენტი.
უენო ან ენა გაუქმებული ნემსკავები.
თევზის ამოსაყვანი ჩოგანბადე.
აკრძალულია
ბუნებრივი სატყუარა
ეწ ტრაინიკი და დვაინიკი.
ნაპირზე თევზის გამოყვანა
დიდი ხანი თევზის გაჩერება ანკესზე.
თევზის გადაგდება შორიდან
მშრალი ხელის ან ხელთათმანის მოკიდება, ხელთათმანი უნდა იყოს სველი.
ჰაერზე დიდი ხნით გაჩერება 10-15 წმ.
აკრძალულია თევზაობა ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.
ეს იქნება დაჯარიმებადი !

ახალი კანონი კალმახზე მიღებულია შემდეგნაირად,
ყველა მეთევზეს შეუძლია თევზაობა კალმახზე ნებისმიერი ანკესით!
მთავარია წესი იყოს დაცული. ანუ
ფლაი
სპინინგი
ტივტივა
ტენკარა
გატარებით თევზაობა
ბამბუკის ჯოხით თევზაობა და სხვა ...
მთავარია სატყუარა იყოს ხელოვნული რადგანაც ბუნებრივ სატყუარას კალმახი ღრმად იღებს და მისი გამოძრობა პრობლემაა.
ხელი არ იყოს მშრალი რომ არ დავუზიანოთ ლორწოვანი გარსი.
დაჭერა და დაშვება უნდა მოხდეს წყალში რომ ხელიდან არ გაგვიდარდეს და მიწაზე არ დაეცეს ...
ეს სტანდარტი გათვლილია იმაზე რომ თევზი მაქსიმალურად გადარჩეს დაჭერა გაშვების შემდეგ.

მეგობრებო მოგმართავთ თხოვნით ყურადღებით მოეკიდოთ კალმახზე თევზაობას რადგანაც ისევ რჩება წითელი ნუსხის სახეობად და რომელიმე წესის დარღვევა გამოიწვევს ძალიან მკაცრ შედეგებს, სიმკაცრეში ვგულისხმობ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯას.
დამდვილად არ გამიხარდება ვინმეს დაჯარიმება, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად ავუხსნათ ჩვენს ნაცნობებს სტანდარტი.
წლის ბოლოს გადავხედავ დაჯარიმებულთა სტატისტიკას და იმედი მაქვს გული არ გამისკდება.

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Apr 29 2016, 21:15

აქვე იმასაც დავამატებ: უკვე იყვნენ უცოელები ჩამოსულები და სხვა და სხვა რეკომენდაციები დაგვიტოვეს,
უკვე რამოდეიმე უცხოური ორგანიზაცია არის დაინტერესებული საქართველოში კალმახის მომრავლებით, უკვე გვავს ადგილი სადაც მოხდება კალმახის გამრავლება და შემდგომ მდინარეებში გადასახლება.
უკვე გვყავს მეგობრები ვინც არ საქმეში გახმარებას შეგვპირდნენ.
ბოლო პერიოდში რამოდენიმე მცდელბა იყო კალმახის გამრავლების, ზოგმა გაამართლა ზოგმა არა, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ.
არ გავჩერებულვართ და ვაგრძელებთ შრომას. კალმახი გამრავლდება და გაიშვება მდინარეებში.
ვინც დამდვილი სპორცმენი მეთევზეა ის წესით კმაყოფილი უნდა იყოს რადგანაც ახალი კანონი საკმაოდ გათვლილია თევზის გადარჩენაზე.
ჩვენი მიზანი მარტო კანონის მიღება არ იყო, ჩვენი მთავარი მიზანი აწი იწყება და ეს კალმახის გამრავლებაა !!!


ახალი კანონი კალმახზე დაიჭირე გაუშვის პრინციპის გაშვებასთან დაკავშირებით:
ამ მიმართულების განვითარება გამოიწვევს ბევრ დადებით შედეგს, ბევრი ვიზიტორის ჩამოსვლასთან ერთად ეს სფერო ავტომატურად განვითარდება და ავტომატურად თევზის გამრავლებაზე დაიწყება მუშაობა.
სლოვენია, პატარა ქვეყანა რომელმაც განავითარა ეს მიმართულება და დღეს წლიური დაახლოებით 300 მილიონი ევრო შემოსავალი აქვს ამ სფეროდან, საქარველო ბევრად დიდია.
როცა სლოვენიაში ეს მიმართულება ვითარდებოდა არავის უთქვამს ეს ვიღაცის ბინესს ემსახურებაო !
რა თქმა უნდა ეს ბიზნესს ემსახურება, იმის ბიზნეს ვინც ამაში ჩაებვება და ვისაც საკმარისი ცოდნა აქვს.
ეს იგივეა როცა ტურიზმის განვითარდებოდა ჩვენთან და ვინმეს რომ ეთქვა ეს ვიღაცის ბიზნესს ემსახურებაო,
რა თქმა უნდა ემსახურება მაგრამ პირველ რიგში ქვეყნის ბიზნესს ემსახურება.
ძალიან მიკვირს რატომ არის ეს გაუგებარი, მაგრამ არაუშავს, რამოდენიმე კაცის გასაგებად არ არის ეს, ვინც ხედავს მომავალს იმათთვის არის მსგავსი განვითარების კანონი მიღებული.
გუშინ მსგავსი ბინესით მგონი მხოლოდ მე ვიყავი დაკავებული, ნუ ვინც ხმამაღლა ამბობს თორე ძაანაც ბევრი იყო მაგრამ ხმაც არ ამოუღიათ, დღეიდან ვისაც ამის სურვილი და გამოცდილება აქვს ყველას შეუძლია ჩაებას.
ახლა როგორ შეიძლება ვინმემ მე დამადანაშაულოს რომ ეს კონკრეტული ხალხის ბიზნესს ემსახურებაო ?
აქ რა მოსატანი იყო მაგრამ ზოგმა პირდაპირ მითხრა და ბევრმა გადმოცემით newsmile05.gif))))
აგერ ბატონო, გამოიყენეთ, ისარგებლეთ, ჩამოიყვანეთ ვინმე თუ ამის შაშუალება გაქვთ და ხეირი თქვენც ნახეთ და ქვეყანაც ნახავს.



პოსტის ავტორი: თაზო Apr 29 2016, 21:18

ძალიან კარგი და სასიამოვნო სიახლეა.. იმედია ყველა, ვინც კი მოინდომებს თევზაობას, ითევზავებს კანონის ფარგლებში!!!

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 30 2016, 12:01

Fly Fishing Club

სასროლი ბადის გამოყენება თუ არის დაშვებული კალმახზე?
ვერ ამოვიკითხე ვერსად

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Apr 30 2016, 17:34

ციტატა(jaba_gugesha @ Apr 30 2016, 13:01) *
Fly Fishing Club

სასროლი ბადის გამოყენება თუ არის დაშვებული კალმახზე?
ვერ ამოვიკითხე ვერსად


არა, სასროლი ბადე კალმახზე არ არის დასვებული.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)