IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

"საველე გამოცდების და გამოფენების ქართული წესები"
არჩილი
პოსტი May 2 2013, 14:00
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 60
რეგისტრ.: 11-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ზუგდიდი



ამ თემის გახსნის იდეა ბაბუს ეკუთვნის სათაურიც მას დავესესხე, იმედია არ ეწყინება.
ციტატები:
შეიქმნას ქართული სანადირო წესები, რომელიც გაითვალისწინებს იმ ყველა სპეციფიკას რაც ახლავს საქართველოში ნადირობას. ყველა ის გეოგრაფიული თუ ტრადიციული ნიუნასი რაც აქტულურია და მნიშვნელოვანია. ისეთი წესები სადაც ორივე ოჯახის (კონტინეტალური) და ბრიტანული ძაღლების თვისებები იქნება გათვალისწინებული და შეჯერებული. ეს წესები იქნება სუფთა ქართული და მორგებული იქნება ჩვენ გარემოს და ტრადიციას (თუ გვაქვს საერთოდ). იგივე გზა გაირეს ფინელებმა და 50-იან წლებში გამოყვნენ გერმანულ წესებს და მის ბაზაზე საკმაოდ ეფექტური წესები შექმნეს, ხოლო ფინური ძაღლები, მით უფრო კონტინენტალურები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. მგონი არ უნა იყოს ცუდი აზრი და ძაან რთული. dato 85

ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, ვერ გამოვედით ამ "ამერიკისკენ წავიდეთ თუ რუსეთისკენ". ვერ ვისწავლეთ ჩვენი თავის და ქვეყნის პატივისცემა. გავაკეთოთ როგორც დათომ თქვა საქართველოზე მორგებული წესები და ძაღლების სელექციაც ევროპიდანაც და რუსეთიდანაც საქართველოზე მორგებული უნდა ვაწარმოოთ. ჩემი აზრით შესაცვლელია გამოფენის წესებიც. კარგად მესმის რომ საბჭოთა კავშირის დროს, ძაღლების გადეკორატიულობისგან გადასარჩენად შემოღებული იქნა ბონიტირება, მაგრამ აუცილებელია მადაც ცვლილება. ჭალიმგელა
კლუბის საველე წესები უნდა იყოს ლეგიტიმური და არა იმ ქვეყნის რომელიც უყვე არ არსებობს და დამტკიცებული ჩვენს ქვეყანაში და არა МСХ СССР…Bონიტირება საერთოდ უნდა მოიხსნას და გაუქმდეს,ძაგლი ან იგებს ან არა ან ღებულობს დიპლომს ან არარ და არანაირი შთამომავლობა არანაირ ქულას არ უმატებს და არ გაყავს ელიტში და არ აძლევს შეჯვარების უფლებას. Alik

ის რომ ჩვენი,ქართული წესებია შესამუშავებელი მაგას გავიძახოდი 10 წლის წინ მოყოლებული ამ ბოლო დრომდე,სანამ არ მომბეზრდა! ახლა მომბეზრდა და გავჩუმდი! არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის,უბრალოდ სწორი ორგანიზება უნდა ამ საქმეს !!!!!!!!!!!! მოდი, გავხსნათ ფორუმზე თემა "საველე გამოცდების და გამოფენების ქართული წესები" ამ თემაში გამოითქვას მოსაზრებები,წინადადებები. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, რაც პირდაპირ გადმოსაღებია სხვა ქვეყნების წესებიდან, გადმოვიღოთ. რასაც ჩვენი პირობებისთვის ადაპტაცია ჭირდება- გადავამუშავოთ. ახალია რამეა მოსაფიქრებელი-მოვიფიქროთ. მერე ეს დაგროვილი მასალა გადავამუშაოთ და სოფელიც აშენდება! აქ თემის გახსნა ფორუმზე იმითაა კარგი რომ უფრო მეტი ალბათობაა მცოდნე ხალხმა არ დაიზარონ და თავისი აზრი გამოთქვან. თან ღია მსჯელობა იქნება, სწორი აზრი უფრო ადვილად გაიმარჯვებს! მოდით ერთ კარგ იდეას შემოგთავაზებთ! "ოჩოპინტრემ" ითავოს ამ საქმის ორგანიზება! ამ ბოლო დროს,რასაც ხელი მოკიდა კლუბმა,ყველაფერი 10 გამოვიდა (გინდა საველე შეჯიბრი,გინდა ერთობლივი ნადირობები) დამიჯერე, არაფერი შეუძლებელი ამაში არ არის,უბრალოდ სწორი ორგანიზება უნდა ამ საქმეს !!!!!!!!!!!! ბაბუ

წინასწარ ბოდიშს გიხდით თუ მოგაწყენთ, ვრცელი წერილია და შეიძლება ბევრი რამეზე არასწორი წარმოდგენა მქონდეს. საველეს წესების მცოდნედ ნაღდად ვერ მივიჩნევ თავს, თუმც მაინც მინდა ვთქვა და გავიგო მაინც რა მიმართულებით მივდივართ, ვის როგორ წარმოუდგენია ჩვენი წესები.
ზემოთ მოყვანილი ციტატების საერთო აზრია, რომ ძველი წესები შესაცვლელია და უკვე არა ერთი წელია. თუმცა პროცესი მძიმედ მიდის, ეტყობა უმრავლესობას არსებული წესები აკმაყოფილებს. ეს გაუგებარია მით უმეტეს ახლა, როცა კარგი ევროპული სისხლები შემოდიან ყველა ჯიშში და ბუნებრივია რომ მოთხოვნები უნდა გამკაცრდეს. სხვადასხვა თემებიდან ამოვკრიბე ფორუმელების აზრი ამ თემის გარშემო, ადრე კი დავწერე, მაგრამ ზოგი შევცვალე. ზოგი ჩემიც დავამატე–ის რაც მომწონს, რამდენად მართებულია არ ვიცი. ლიტონი სიტყვები რომ არ გამომსვლოდა, მინდა ცვლილება და მორჩაო, ამიტომ შევეცადე უფრო კონკრეტულად დამეწერა, თუმცა უმნიშვნელო საველე შეჯიბრების სტაჟი გამაჩნია და ჩემი შეხედულებები შეიძლება იყოს დილეტანტური. ნიუანსებში არ ვერკვევი, შეიძლება ამიტომაც ადვილი მგონია ცვლილებები (მაგრამ მინდა, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი საკუთარი გვქონდეს), უბრალოდ გამოვხატავ რიგითი მოყვარული მონადირის სურვილს, საქართველოში უკეთესი ძაღლების ყოლისა (არ ვგულისხმობ ჯიშების თითო–ოროლა საუკეთესო წარმომადგენელს).
გერმანული და ინგლისური ძაღლები ცალკ–ცალკე რომ უნდა გამოიცადონ–ვეთანხმები. ფინური და გერმანული წესები არ ვიცი, როგორც dato 85 ამბობს, კარგი რამეები აქვთ ჩვენთვის გამოსადეგარი. ფცი–ს ძაღლების საველედან კი შეგვიძლია ზოგიერთი რამ პირდაპირ გადმოვიღოთ. კონსტიტუციის პარაგრაფები და მუხლები თუ გადმოგვაქვს საველემ რა დააშავა. გადმოვიღოთ რაც ჩვენი აზრით ჩვენს საველეს, ნადირობას, ძირითად სანადირო ობიექტებს მიესადაგება და მეძაღლეობას განვითარებას წაადგება.
მე რას გადმოვიღებდი, რას შევცვლიდი და თუ შეიძლება ასე?
გულდასაწყვეტია, როდესაც საველეს ანგარიშს კითხულობ და ხედავ, რომ ძაღლების მესამედს ან მეოთხედს უწერია: ყნოსვა ვერ გამოავლინა, უფრინველოდ და ა.შ.. გამოცდილი, არა ერთგზის დიპლომირებული ძაღლი დარჩა უფრინველოდ. არა და, პატრონი ამ პრესტიჟულ შეჯიბრს (ციციშვილის მემორიალი) ერთი წელი ელოდა, ჰქონდა ერთადერთი შანსი და არ გაუმართლა. აწი უნდა იცადოს მომავალ წლამდე. ასეთი შემთხვევებს ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია შევამციროთ.
როგორ; თავიდან შეჯიბრი ორ ტურად უნდა ჩატარდეს. ყველა ძაღლი გამოდის პირველ და ასევე ყველა გამოდის მეორე ტურში, ანუ ორივე დღეს. ამისათვის საჭირო იქნება ძაღლების ორ ჯგუფად დაყოფა და ექსპერტთა ორი ბრიგადა. შეჯიბრის პირველ დღეს ექსპერტთა ერთი ბრიგადა ერთ ჯგუფს უმსაჯებს, ხოლო ექსპერტთა მეორე ბრიგადა მეორე ჯგუფს. მეორე დღეს კი ერთმანეთს ჯგუფებს გაუცვლიან მეტი ობიექტურობისთვის. ასეთ შემთხვევაში ძაღლების შანსი დარჩნენ უფრინველოდ, უყნოსველად და ასე შემდეგ მცირდება, ვინაიდან ორი გამოსვლა ორ დღეში თუნდაც ნაკლები დროით, უფრო საიმედოა, ვიდრე 1 ხანგრძლივი. ყველას რჩება შანსი, რომ პირველ დღეს თუ არ გაუმართლა, მეორე დღეს გაუმართლებს. ორჯერ გამოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ ყველას მოუწევს თითქმის ერთნაირ კლიმატურ პირობებში გამოსვლა. მესამე დღეს კი ჩატარდება ფინალი, სადაც გამოვა 8 საუკეთესო და გამოვლინდება გამარჯვებული.
ჩვენს შეჯიბრზე გამოდის 25– 30 ძაღლი და ეს ნაწილდება 3 დღეზე, დრო 30 წუთი (ნახევარი საათი ერთი ძაღლის გაყოლა ცოტა მოსაწყენია, ევროპაში მეორე წუთზე ხსნიან ნელ და უსტილო ძაღლს, ჩვენ კი ნახევარი საათი დავყვებით, ოღონდ იპოვოს და როგორმე დიპლომი აიღოს) და სამი შეხვედრა (ბევრია გამოცდილი ძაღლისთვის). იქნებ ჯობია როგორც ევროპულში–15 წუთი. ყველა ძაღლი გამოვა 2–ვე დღეს (3–ვე დღეს ვინც ფინალში გავა, ეხლაც 3 დღე ტარდება, იმ განსხვავებით, რომ ერთ ძაღლს მხოლოდ ერთხელ უწევს გამოსვლა) 15 წუთი, ერთი მუშაობა თითოეულ დღეს. ეს საკმარისი უნდა იყოს, ვინაიდან აქ გამოდიან გამოცდილი ძაღლები, ზოგს რამოდენიმე დიპლომი აქვს, პლიუს ამას, მათ ხვალაც ექნებათ გამოსვლა. ორი დღე 15 წუთი ჯამში 30 წუთი კი გამოდის, მაგრამ ორი დღე უკეთესი უნდა გამოდგეს ძაღლის წარმოსაჩენად (ნამდვილად ჯობია ერთ გამოსვლას), ხოლო ვინც ფინალში გავა, მათ სამჯერ მოუწევთ გამოსვლა. ინგლისური მეძებარი რომელიც ძებნისას (და არა რაღაცის შეყნოსვისას) გამოურევს ჩორთს– მოიხსნას, გამოტოვებს–მოიხსნას, ნაყნოს ფრინველს დააფრთხობს–მოიხსნას, იქექება–მოიხსნას. საპატიოა 1 ცრუ ნაბული, სხვა რაზე უნდა მოიხსნას და რა უნდა იყოს საპატიო მე არ ვიცი. შეიძლება ეს წესები ვინმეს მკაცრი მოეჩვენოს, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ძაღლები წარმოადგენენ ჩვენი სანაშენე ძაღლების ბირთვს და უნდა მოვთხოვოთ მაქსიმუმი და მეორე გამოცდა და შეჯიბრი უნდა განსხვავდებოდეს. შეჯიბრის დიპლომის აღება უნდა იყოს ძნელი და რაც უფრო ძნელი იქნება, მით უფრო დასაფასებელი იქნება, თანაც თუ ძაღლმა ორივე დღეს (ან სამივე დღეს) სადიპლომო მუშაობა აჩვენა და ასეთებიც იქნებიან, ერთ შეჯიბრზე ორი დიპლომი არ იქნება ცუდი. 3 დღეში 3-ჯერ გამოსვლა ამცირებს შემთხვევითობას და უფრო ობიექტურ შედეგებს გვაჩვენებს. 1 საათში შესაძლებელი იქნება 4–5 ძაღლის გამოცდა, ვინაიდან ზოგი დროზე ადრე აჩვენებს მუშაობას, ზოგი კი დროზე ადრე შეიძლება მოიხსნას. დროის ეკონომიის მიზნით, შედეგები შეიძლება გამოცხადდეს ყოველი დღის ბოლოს, შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში. რა სასწრაფოა მინდორში, ზეზეულად ქულების დათვლა.
ვთქვათ პირველ ან მეორე დღეს ძაღლი დარჩა უფრინველიდ ან სხვ. მაინც უნდა შეფასდეს მისი მუშაობა, რადგან თუ ორი დღის ჯამით, ორ ძაღლს ექნა ერთნაირი ქულა, არასადიპლომო შედეგი, მაგრამ მუშაობის მთავარი ელემენტები სისწრაფე და სტილი, გადამწყვეტი იქნება ფინალში გასასვლელად. თუ ძაღლმა მხოლოდ ერთ დღეს შეძლო მაღალი ხარისხის დიპლომის აღება და მეორე დღეს ვერ აიღო, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ძაღლს, რომელმაც ორივე დღეს შეძლო ნებისმიერი ხარისხის დიპლომის აღება. თუ ძაღლი პირველი ხარისხის მუშაობას აჩვენებს, მას მიეცეს მეორე ფრინველი, ან მესამეც, მსაჯების შეხედულებისამებრ. ჩემი აზრით, გადამჯდარ ფრინველზე მუშაობა არ უნდა იყოს სავალდებულო (ტყის ფრინველზე ხომ არ მოეთხოვება), თუმცა შეიძლება ნება დაერთოს, თუ პატრონმა გამოთქვა სურვილი.
მინდა შევეხო ჩვენი ნადირობისათვის ისეთ მთავარ ელემენტს როგორიცაა მიტანება. ძაღლს რომელიც არ აკეთებს მიტანებას (ასეთი ძაღლით ნადირობა არსად სიამოვნება არაა, განსაკუთრებით კი ტყეში, ქათამზე), შესაბამის გრაფაში დაეწეროს <0>,და არა<5> როგორც ეხლა. ხოლო თუ ძაღლი ადგილიდან არ იძვრის და პატრონის მცდელობის მიუხედავადაც ფრინველი არ ამოდის–მოიხსნას. თუ ძაღლი ისე ახლოს უჩერდება ფრინველს, რომ პატრონის მიახლოებისას ფრინველი ამოდის, შეიძლება ჩაეთვალოს მიტანებაში შესაბამისი ქულით. (როგორ უნდა გავიგოთ, მიტანების არქონა გენეტიკურად გამოყვა ძაღლს, თუ დაგეშვის დროს სიუხეშის ბრალია?).
სტილი აუცილებელი მოთხოვნა გახდა დიპლომის ასაღებად და ეს ძალიან კარგია. მაინტერესებს სტილის ქულები 14–12–10 როგორ იშიფრება? იმიტომ რომ, ლტოლვა–მიტანების მაღალ ქულას არანაირად არ უნდა გაყავდეს ძაღლი ჯამით სტილიანებში. მთავარი სვლის და ნაბულის სტილია. კარგი იქნება თუ დაწესდება ქულები სისწრაფეში, მით უმეტეს ახალი სისხლები შემოდიან ზესწრაფი, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად იქონიებენ ჩვენზე ზეგავლენას და ნელი ძაღლი არ უნდა გავიდეს ჯამით, ძებნის მანერის ხარჯზე.
გამსვლელი უნდა იყოს სამი მთავარი–ყნოსვა+სისწრაფე+სტილ
ი (სვლის და ნაბულის). ყნოსვას არ უნდა დაექვემდებაროს არც ერთი. სტილში მთავარი უნდა იყოს სვლა და ნაბული, ლტოლვა და მიტანება კი არ უნდა იყოს ერთად. ლტოლვა–მიტანების სტილი ერთად ჩემთვის გაუგებარია, ამათ რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან? თუ ერთი უნაკლოდ აქვს და მეორე საერთოდ არა– მაშინ როგორ ფასდება? შეიძლება ეს ორი განსხვავებული კომპონენტი ერთად იყოს და გამოვიყვანოთ საშუალო არითმეტიკული? ლტოლვა აქვს თუ არა, ყნოსვის მანძილის განსაზღვრისას როლს არ თამაშობს, მაშინ რატომ ენიჭება მას იმხელა მნიშვნელობა, რომ მისთვის არსებობს 1 ცალკე გრაფა და მიტანებასთან ერთად მეორე გრაფა, თუმცა მიტანებასაც ორი გრაფა აქვს, ეს არ მესმის.
ბონიტირებაზე. გადავხედე წესებს. იქ რომ რიცხვებია, მეათედები, მეასედები. ბოლომდე გარკვევა არც მიცდია, ნამეტანი რთულად მომეჩვენა. ამ რიცხვების ანგარიშს კალკულატორი ჭირდება. სპეციალისტისთვის ალბათ ადვილია, მაგრამ უბრალო კაცისთვის–რთული და მოუხერხებელი. რატომ უნდა იყოს საჭირო კარგი ძაღლის გამოსავლენად ბაბუის ბაბუის, ან ბებიის ბებიის ქულები. ვეთანხმები Alik –ს რომ ძაღლი ძაღლი არ უნდა გახდეს ჩემპიონი შთამომავლების და მით უმეტეს წინაპრების მეშვეობით. კარგ ძაღლს არ ჭირდება არანაირი დახმარება. ბონიტირება აუცილებელია კარგი ძაღლის გამოსავლენად? სხვა ქვეყნებს თუ აქვთ რაიმე მსგავსი სისტემა? საქართველოში არის რამოდენიმე ძაღლი, რომლებიც ფცი–ს წესებით გამოვლენ ევროპაში. ღმერთმა ქნას და თუ რომელიმე ევროპის ჩემპიონი გახდა, ხომ მიანიჭებენ ამ საპატიო წოდებას ბონიტირების გარეშე. ჩვენ უფრო მკაცრი წესები გვაქვს ვითომ? ჩემპიონის ბედი უნდა წყდებოდეს პირისპირ შეჯიბრში, ყველას თვალწინ და არა ფორმულებით. როგორ უნდა გახდეს ჩემპიონი ის ძაღლი რომელსაც არასოდეს მოუგია შეჯიბრი. ადრე თუ გვიან ბონიტირება გაუქმდება, როგორც არასრულყოფილი და ზედმეტი ტვინის საჭყ**ტი სისტემა. როდესაც ძაღლი მინდორში მიიღებს ჩემპიონობას, ბონიტირებით ჩემპიონობის საჭიროება არ იქნება, ის აზრს დაკარგავს, ან ფასს.
ჩემპიონობაზე. ძაღლს, რომელიც მოიგებს ციციშვილის მემორიალს–(იგივე საქართველოს ჩემპიონატია, უფრო მაღალი რანგის შეჯიბრი ჩვენს ქვეყანაში არ არის)– უნდა მიენიჭოს საქართველოს ჩემპიონის წოდება დიპლომის ხარისხის მიუხედავად, შესაბამის დოკუმენტში ჩაწერით. ამის ნუ შეგვეშინდება, ძაღლი (გინდა ადამიანი), რომელიც შეჯიბრში ამარცხებს თავის 20-30 მეტოქეს (დიპლომიანს, თანრიგოსანს, ოსტატს) თანაბარ პირობებში, ის არის ჩემპიონი ყველა კრიტერიუმით, ნებისმიერ ქვეყანაში. ყველას ეცოდინება რომ ამ ძაღლმა მოიგო სერიოზული შეჯიბრი სერიოზულ კონკურენტებთან და ზედმეტი კითხვა არავის გაუჩნდება. შეჯიბრსაც მეტი ფასი დაედება. ყველას ეცოდინება რომ ჩემპიონის ოფიციალური ტიტულისთვის გამოდიან და მოინდომებენ. შედეგიც უფრო ობიექტური გვექნება (3 დღის სამჯერ გამოსვლის შედეგი და არა 1 დღის ერთჯერადი, სადაც მეტი წილი იღბალია). ეხლანდელი წესებით –თუ აიღო 1 მეორე და 1 მესამე, ჰყავს 1ან 2 დიპლომიანი შვილი+წინაპრები+რაღაც ქულები ხდება ჩემპიონი. კარგი სტატია დევს ფორუმზე gagrinski-ს ნათარგმნი, რომ თუ გინდა დაღუპო მეძაღლეობა, ისეთ ძაღლს უნდა მისცე ჩემპიონობა, ვინც სინამდვილეში ასეთს არ წარმოადგენს (მიახლოებით ასე). უაზროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული 1 ხარისხის დიპლომი და ჩემპიონობა. 1 ხარისხის დიპლომი ძაღლის განსაკუთრებულობის, მით უმეტეს სტაბილურობის უტყუარ ნიშნად ვერ გამოდგება. ზოგჯერ ისეთი კლიმატური პირობებია 3 ხარისხის დიპლომის აღება ჭირს. ან ავიღოთ თუნდაც ტერმინები: შეჯიბრების გამარჯვებული და მინდვრის ჩემპიონი. თუ ძაღლმა მოუგო 30 ძაღლს, რომელთა შორის ადრე 5–ს ქონდა 1 ხარისხის დიპლომი ან იყო მინდვრის ჩემპიონი, 2 ან 3 ხარისხის დიპლომით, ის არის მხოლოდ შეჯიბრების გამარჯვებული. შეიძლება ქვეყნის შეჯიბრების გამარჯვებული არ იყოს ჩემპიონი? სადმე თუ არსებობს (გინდა ადამიანებში) ასეთი რამ. რატომ უნდა გახდეს მუშა ძაღლი ჩემპიონი ასფალტზე და არა მინდორში. რა მნიშვნელობა აქვს შეჯიბრს ქულებით მოიგებ თუ ნოკაუტით, იუკოთი თუ იპონით. მოიგე– ჩემპიონი ხარ!
გამოფენის წესები არ ვიცი, არ ვიცი რა შემთხვევაში იგებს ძაღლი რინგს, შეიძლება რომ უდიპლომომ მოუგოს დიპლომიანს? უფროს ასაკობრივ ჯგუფში, უდიპლომო ძაღლს, სულ ვარსკვლავებს რომ წყვეტდეს, შანსი არ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ეს არის მუშა ძაღლების გამოფენა და არა შოუ. გამოფენა აუცილებელია იმიტომ რომ ჩვენი ერთგული და საყვარელი ოთხფეხა მეგობრები უნდა იყვნენ ფიზიკურად სრულყოფილი, ეს სასიამოვნოა ჩვენთვის და აუცილებელია შთამომავლობისთვის. მაგრამ ეს არ უნდა იყოს უპირატესი, არამედ მხოლოდ თანამდევი. უნდა გაიმარჯვონ დიპლომიანებმა. მაგრამ მონადირე ძაღლს თუ აქვს ჩემპიონის ტიტული, ის უნდა იყოს მინდვრის ჩემპიონი და არა გამოფენის ჩემპიონი.
მგეშავის და სიმპატიის პრიზებზე. მონადირეს თუ კარგი საგვარეულოს მქონე ლეკვი შეხვდა, მის დაგეშვას არ უნდა არავითარი წვალება, ხოლო თუ ბუნებამ ლეკვი ნიჭითაც უხვად დააჯილდოვა, მაშინ მისი დაგეშვა შეუდარებელი, დაუვიწყარი სიამოვნებაა. აქ მგეშავის როლი მცირეა, ამიტომ მგეშავის პრიზიც, არასერიოზული პრიზია. სიმპატიის პრიზი შეიძლება ნებისმიერმა დააწესოს, ეს უფრო პატრონის წამახალისებელია, გული რომ არ დაწყდეს (პატრონს ხომ არ ვაფასებთ), ძაღლს რა ემატება ამით? ჩემი აზრით დაგეშილიც და სიმპატიურიც არის ერთადერთი ძაღლი–გამარჯვებული! ჩემი ნება რომ იყოს, ამ პრიზებს ექსპერტებს გადავცემდი, სხვა სახელით რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ჯაფა მათ ადგათ ამ დღეებში. ძალიან ძნელია ზედიზედ 3 დღე, 5–6 საათი აღმა–დაღმა, შესვენების გარეშე, ხშირად მშიერ–მწყურვალი, თვალი არ მოაშორო, სულ დაძაბული. ვფიქრობ იმსახურებენ.
ზოგი ამბობს ადვილიაო წესების შეცვლა, ზოგი კი ამას არც თუ ისე იოლად მიიჩნევს. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მათთვის რამის შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია. მაგრამ ვთქვათ და რუსებმა შეცვალეს საველეს წესები, მაშინ ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? გადმოვიღოთ შეცვლილი წესები თუ ერთგულად მივყვეთ ძველს? არ არსებობს სსრკ, წარმოვიდგინოთ, რომ არ არსებობს რუსული წესებიც– წაგვართვეს!!! გავბედოთ, შევცვალოთ რაც არ მოგვწონს, გადავხედოთ რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის ცვლილება და დავტოვოთ საუკეთესო. 20 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, წესები კი მეტროპოლიის გვაქვს. თუ პრეზიდენტი განწყობის მიხედვით ცვლიდა კონსტიტუციის მუხლებს, რომლებიც ჩვენ ადამიანებს გვეხებოდა, რატომ არ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც ძაღლებს ეხება და არავის აინტერესებს ჩვენს გარდა. მთავარია–მთავარი გაკეთდეს, პატარ–პატარა შესწორებების შეტანა კი ყოველთვის შეიძლება. არ უნდა იყოს ძნელი რაც გვჭირდება იმის გადმოტანას + ჩვენიც რაღაცეები. შეიკრიბოს ვინც კომპეტენტურია– მადლობა ღმერთს ასეთები გვყავს–ექსპერტები, მაჩაბლის კლუბი, კლუბი ოჩოპინტრე, სულ რამოდენიმე მცოდნე კაცი და მონდომების შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. მჯერა რომ, ექსპერტებს, საველეებში გამოცდილ მონადირეებს ამ პრობლემის უკეთესი ხედვა და გადაჭრის უკეთესი გზებიც ექნებათ.
გთხოვთ გამოთქვათ თქვენი ვარიანტები,მოსაზრებები, წინადადებები საველე და საგამოფენო წესებზე. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ცვლილებები და უნდა გვქონდეს თუ არა ჩვენი საკუთარი წესები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- არჩილი   "საველე გამოცდების და გამოფენების ქართული წესები"   May 2 2013, 14:00
- - achiko-l   საკმაოდ კარგი პოსტ...   May 2 2013, 14:35
- - Bone   ბევრი წამიკითხია ა...   May 2 2013, 20:29
- - ბაბუ   არჩილი ციტატა(archil kuru...   May 2 2013, 20:51
|- - iason   ციტატა(ბაბუ @ May 2 2013,...   May 2 2013, 22:47
- - არჩილი   ციტატა(iason @ 2nd May 2013 ...   May 3 2013, 09:49
- - aragveli   არაფერი არ გამოვა ...   May 3 2013, 10:11
- - არჩილი   ძველად გონჩებს ურე...   May 3 2013, 11:07
- - aragveli   არჩილ შენ რასაც იძ...   May 3 2013, 11:33
- - ჭალიმგელა   არჩილი ამ თემასთა...   May 3 2013, 12:00
- - არჩილი   aragveli ნეტა შემეძლოს ი...   May 3 2013, 12:33
- - aragveli   სელექციის მთავარი ...   May 3 2013, 12:46
- - gagrinski   შეიჯიბრის ძირითად...   May 3 2013, 18:01
- - ბაბუ   aragveli ციტატა(aleksandre @ 3rd...   May 4 2013, 10:49
- - არჩილი   უბრალოდ ეს ძაღლები...   May 4 2013, 11:34
- - ბაბუ   ციტატა(archil kurua @ 4th May 201...   May 4 2013, 12:38
- - gigolo   ხოსე კონდადოს ორივ...   Jun 8 2013, 15:10


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th June 2024 - 22:13