
კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 240 სმ აღწევს, წონა 300 კგ. რქიანი მხოლოდ ხარია. აქვს გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, დიდი და ოვალური ყურები. ნუკრები ხალებიანი არიან, მოზრდილებს კი ხალები ნაკლებად ემჩნევათ. გავრცელებულია ევროპაში (გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა), მცირე, შუა, ცენტრალური და აღმოსავლე აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. იკვებება მცენარეულობით. აქტიურია როგორც დღისით, ისე ღამით. დიდ ნაბიჯებს ადგამს, დამფრთხალი კეთილშობილი ირმის ნახტომის სიგრძე 5-6 მ აღწევს, კარგად ცურავს. განვითარებული აქვს ყნოსვა და სმენა. ჯოგური, პოლიგამიური ცხოველია. მყვირალობა 1 თვეს და მეტხანს გრძელდება. მასობრივი მყვირალობა სექტემბრის დასასრულს შეიმჩნევა. ხარები ამ პერიოდში ჩხუბობენ, ზოგჯერ ერთმანეთს რქებს ამტვრევენ და ჭრილობასაც აყენებენ. მაკეობა 8,5 თვე გრძელდება, შობს 1, იშვიათად 2 ნუკრს. სქესობრივად მე-3 წელს მწიფდება. ცოცხლობს 20 წლამდე (ტყვეობაში 25-30 წელს). კეთილშობილი ირემი რქებს ყოველწლიურად იცვლის (უმთავრესად მარტ-აპრილში). ახალი რქების ზრდა ივნის-ივლისში მთავრდება. რქების ტოტების რიცხვი 20-მდე აღწევს. კეთილშობილი ირმის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 1. ჩვენში კეთილშობილი ირემი უმთავრესად ნაკრძალებში (ბორჯომის, ლაგოდეხის) ჰყავთ. ირემზე ნადირობა მე-20 საუკუნის დასაწყისში აიკრძალა, ჯერ განსაზღვრული, შემდეგ კი განუსაზღვრელი ვადით. შეტანილ იყო საქართველოს სსრ. წითელ წიგნში (1982წ) და კვლავ რჩება საქართველოს ამჟამად მოქმედ ”წითელ ნუსხაში” (დამტკიცებული 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის #303 ბრძანებულებით ”საქართველოს წითელი ნუსხის შესახებ”).

ნუტრია (Myocastor coypus), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი მასა 12 კფ-ს აღწევს. აქვს მომრგვალო, გრძელვიბრისებიანი ცხვირი. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული. გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელში. საქართველოში შემოყვანილია 1932 წელს და ამჟამად გვხვდება აფხაზეთიდან ქობულეთამდე, აღმოსავლეთით კი ზესტაფონის რაიონამდე აღწევს. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. შობს 4-6, იშვიათად 1-12 ნაშიერს. აქვს ძვირფასი ბეწვი, იყენებენ ხორცსაც (გემოთი კურდღლისას წააგავს)

კურდღლისებრნი (Leporidae), ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიატულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობს 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი (Oryctolagus cuniculus), მანჯურიული კურდღელი (Caprolagus brachyurus), თეთრი კურდღელი (Leporidae timidus), რუხი კურდღელი (Leporidae europaecus), კურდღელი-ტოლაი (Leporidae tolai). საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს