საჩვენო მოთხრობები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
საჩვენო მოთხრობები, ნადირობაზე და არამარტო
assassin29
პოსტი Jul 29 2016, 21:31
პოსტი #46


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




აბა ძმებო დიდი ხანია აქ არაფერი დამიდია მაგრამ შედევრით ვბრუნდებით
ავტორი თედო რაზიკაშვილი
მონადირე
წყარო: wikisource.org

მონადირე
ხევსური შიშია განთქმულ მონადირედ ითვლებოდა. იმისი გაუვალი მთა აღარსად იყო. გუდამაყრის ჩონჩხები, ხევსურეთის მთების კუდები და თვით გერგეტიც მოვლილი ჰქონდა. იმისგან შეწირული ჯიხვისა და კლდის ვაცის ადლიანი რქები ხახმატისა და გუდანისჯვრის იფნებზე ეკიდა და სალუდე ყორის კედლებზე იყო ჩამწკრივებული. ეს ხატისათვის მირთმეული ძღვენი იყო მადლობის ნიშნად და ქრთამადაც შიშიასაგან, რომ საკვლაოდაც მოემართა ხელი. ერთი “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდან შესცქეროდნენ ხევსურები შურითა. იმის წვერზე აუარებელი იარაღი და ზინათი ეგულებოდათ, არწივებისაგან მიზიდული. იქა ბუდობდნენ ეს მთის ამაყი შვილებიც და ბარტყებსაც იქა ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ კაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი და სალხინო ადგილი. იქიდან დასცქეროდნენ მთელს ხევსურეთს და ხევ-გუდამაყარს ამაყი თვალით და ათვალიერებდნენ თავის საკბილო ლუკმასა.
“არწივისმაღალმა” თოვლი არ იცოდა, რადგან ზედ იმდენი სწორე ადგილი არ მოიპოვებოდა, რომ თოვლი დაედო და დამრჩალიყო. მთის ძლიერი ქარი ხელად გადაფხეკდა თოვლს და რაც დარჩებოდა, იმასაც მზის სხივები ჩამოადნობდნენ ხოლმე, ჯერ ლოლუებად დაეკიდებოდა და მერე კლდის ნაპრალებში იკარგებოდა. ქვებში ამომძვრალი ქუჩი აღარა კვდებოდა, ზღარბივით ეყუნტა კლდის ნახეთქებში. შავი ქვები არწივებისა და სვავების სკინტლით იყო თეთრად ჩამოთხაპნული. ეს იყო ადამიანის ფეხისგან შეულახველი ადგილი და ბევრ ხევსურის ვაჟსაც ენატრებოდა იქ ასვლა. იცოდნენ რომ იმისთანა ვაჟზე ხევსურის ქალებიც კი ლექსს გამოსთქვამდნენ. იმისი ქების ხმა მთელ მთას შემოივლიდა და მერე შვილიშვილს გადაეცემოდა.
შიშიას ბევრჯერ ეჩვენებოდა სიზმარში “არწივისმაღალი”, ოცნებობდა, როცა ის იქ ავიდოდა, როგორ აიშლებოდნენ არწივები და შეშინებულები თავზე დაუწყებდნენ ტრიალს და ყეფას. როგორ იპოვიდა იქ უპატრონოდ დახოცილ ვაჟკაცების იარაღსა და მარჯნებს, ფრინველებისაგან ატანილსა. ქვემოთ კი “არწივისმაღალის” კალთები და ხევები სავსე იყო თოვლით და მისდღეში დაუდნობელი ყინულით. კლდის ვაცი და ჯიხვიც აქაური განთქმული იყო.

მზე ამოსული იყო, როცა შიშია “არწივისმაღლის” კალთას შეუდგა. თოვლის ცქერით თვალები სტკიოდა და ცისარტყელასავით წითელ-ყვითელი ელანდებოდა. ზვავი მდნარიყო და რამდენიც ძირს დაეწია, იმდენი ჩამოეფხოჭნა კლდეებიდან ისეც მცირე მიწა და სილა და ატალახებულ თოვლზე ჭუჭყად იდო. სადაც ან ხის ნაკოდალი (ნარიყი) ან ქვა, ან ზვავისგან მოგლეჯილი ქუჩი დაცემულიყო ზვავზე, - თოვლში ჩაფლულიყო, თოვლი შემოეჭამა ირგვლივ, თითქოს ცეცხლს მჩვარი ამოუწვავსო. ზოგან ჩახ**ეტილიყო კიდეც და შიგ მღვრიე ქვიშიან-ტალახიანი აქაფებული მდინარე ჩაქუხდა ბნელ ჯურღმულში, მზეთუნახავი. სადაც მოესწრო დედამიწას თოვლისგან განთავისუფლება, თავყვითელა ყვავილს და დათვის ტერეფას ამოეყოთ თავი. ბუერასაც გაეღვიძნა და თავის მწვანე ქათიბს მზეს უცხუნებდა. ზაფხულის მზე სიცოცხლეს უხვად აძლევდა. საღამოთი ცარიელი მოტვლეპილი ადგილი, მეორე დღეს საამურად ჰყვაოდა.
შიშია ზვავს მოერიდა, გაღმა გავიდა. საშიში იყო ზვავი ზაფხულში! გარედან მზისგან შეჭმული და შიგნიდან წყლისგან ადვილად ჩაიმზღვლეოდა და კაცსაც თან ჩაიტანდა სამუდამოდ. ზვავზე ჯიხვების ნავალი მრავლად იყო. ეტყობოდა წყლის დასალევად აქ ევლოთ ზევიდან. ზაფხულისგან შეშინებულებს ზევით აეწიათ, რაკი ზვავები შრებოდა, ნაზვავრებში ნოყლა ბალახი ჩნდებოდა და არცა ცხელოდა.
კაი დიდი ფარა ჩანდა. ნავალზე ეტყობოდა, რომ ციკნებიც ბლომად ერია ფარაში და ჯარჯიხვებიც. შიშია გულიანად ათვალიერებდა ამ ნაფეხურებს. ერთი ნაფეხური ყველაზე დიდი იყო, სწორედ მოზვრის ტოლა ფეხი იქნებოდა. ყველას ნავალს სჭყ**ტდა, ეტყობოდა, უკან მისდევდა ფარას, რადგან ან ფარას ჰპატრონობდა, ან სიმძიმით სიარული უჭირდა.
შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა; შიშია კი იმათი მძებნელი ზვავზე ქერის ჯინჯილასა და არაჟანმოხდილი ძროხის რძისგან ამოწურულ კურსა (ყველსა) ხრავდა. ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.
ვინ არ მისტანებიხართ დასაჭერად ოთახში შემოფრენილ ჩიტს, რომელიც თავგადაკლული ეძებს გასასვლელ გზას და ხან ერთი სარკმლის მინას დაეტაკება თავით, ხან მეორესას, მანამ უგონოდ ძირს, სარკმლის ფიცარზე არ ჩამოვარდება თავგატეხილი. საწყალი კვნესის, სულს ჰლევს და თან კიდევ შიშით თრთის. შენ ხელში იყვან საჩქაროდ და ერთ წამს მაინც სიამოვნებასა გრძნობ, რომ ამ თავისუფალმა ფრინველმაც იგემა მონობის სიმწარე.
თავისუფლების შემფრფინავნი იმავე თავისუფლების დაუძინებელი მტრები ვართ.
შიშიამ შეჭამა ხელისტოლა პური, თოფს ფალია უნახა, დანარჩენი საგძალი ისევ შოლტაში (მელოტი გუდა) ჩააწყო და მგელივით ჯიხვების კვალს გაჰყვა.
ზვავი გამოილია და ქვიშიან ფერდას შეუდგა. წვრილი და შავი სიფრიფანა ბრჭყვიალა სიპების ნამტვრევებისაგან შემდგარი ქვიშა ფეხქვეშ არა დგებოდა, ელდასავით აქეთ-იქით ძვრებოდა. ფეხი შიგ ღრმად ეფლობოდა და ძალიან გამოცდილი მოსიარულე უნდა ყოფილიყო, რომ ისე მოესწრო ფეხის გადადგმა, სანამ ქვიშა გაშლას მოასწრობდა. შიშიაც სწორედ ასეთი იყო! ისე ოდნავ ადგამდა ფეხს, რომ ქვიშა მხოლოდ მაშინ დაიძვროდა, როცა იმას ფეხი კიდეც ჰქონდა გადადგმული და თოფის წამალივით იწყობდა ქვემოთკენ ზვავით დენას წკრიალით. ძირში წმინდა სილა იყო მოქცეული, ზემოდან უფრო მომსხო კენჭები და სიფრიფანა სიპები მისლიკინებდნენ. ყველანი ერთად მზეზე გიშერივით საამურად ბრჭყვინავდა. ხანდახან ჯიხვისგან დაგორებული ქვაც გაახმიანებდა არემარეს. ამ დროს შიშიას დიდი სიფრთხილე ემართა, რომ ქვას არ გაეტანა. უნდა წამოხურულ ლოდებსა მოჰკროდა ქვემოდან, ან სხვა მხარეს გაქცეულიყო.
მიდიოდა შიშია. ის საამურად მბრჭყინავი სილა, ის კლდეები, ის მკვდარი ბუმბერაზები, ის საბღოტი კინჭუხები, ბალახბულახით მორთული, იმას სულ თავის მტრებად მიაჩნდა. ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.
მიდიოდა შიშია როგორც ფრთხილი ვეფხვი, როგორც კატა ფრინველს ეპარება ხოლმე; დიდი სიფრთხილით მიცოცავდა სულ მაღლა და მაღლა. კლდის თავზე, ერთგან პატარა ბუსნო იყო, იქ დაჯდა. სული მოითქვა. ერთი ვიწრო ხევი კიდევ ჰქონდა გასასვლელი და მერე “არწივისმაღლის” ჩონჩხი იყო აყაყული უზარმაზარი მატურივით.
აგერ ჯიხვების ფარაც, კლდეებში მოდებული! ციკნებიც კი გარკვევით ჩანდა, რომ ეკრობოდნენ დედებს და მუცელქვეშ უძვრებოდნენ. სხვები ზოგი ჭიდაობდა, ზოგი კლდიდან კლდეზე ხტოდა. კინჭუხის თავზე შემხტარი პატარა ვაცუნა, ცერისტოლა რქიანი, დაცინვით ჩასცქეროდა თავის ძირსდარჩენილ ამხანაგებს, რომელთაც სწრაფად ვერ მოესწროთ ამხანაგთან ერთად მაღლა შეხტომა და თვითონაც ისევ ძირს აპირებდა გადაშვებას. სხვას კიდევ ძუძუ უნდოდა, დედას დასდევდა, დედაც ხან გაექცეოდა, ხან მოუბრუნდებოდა, სჩხვერდა და იქით აგდებდა. შვილი მაინც თავისას არ იშლიდა. უკანა ლაჯებიდან უყოფდა ცხვირსა. სხვა ჯიხვები ზოგი იწვა, ზოგი იქექებოდა, ზოგიც ქვებში ამომძვრალს გერმასავით რბილ ბალახს სწიწკნიდა.
არხეინად იყო ამ მთის შვილების ფარა, მაძღარი, მხიარული, თავისუფალი. არც უბინაობისა ეშინოდათ და არც ზამთარში გამოკვების გულისათვის ვისმე ბოსელში სურდათ თავის დაბმა. ზაფხულში შურთხისგან ბუდედ შეტანილი ბალახი ზამთარში ჯიხვს კაი სამსახურს უწევდა.
შიშია თვალით ზომავდა მანძილს, მიაწევდა ჯიხვებამდე ამისი ხირიმის ტყვია, თუ ვერა. კანკალმა აიტანა. თოფს რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ორი ხელით ბღუჯავდა, თითქოს ეშინიან, ხელიდან არ გამივარდესო.
თოვლი თოვს, ჯიხვი ფეხს უცემს, -
გულს გიგლის მონადირეო!
- ვერ დაგკარ თოფი, ტიალო,
სისხლი ვერ გაგადინეო;
ვერ გადმოგაგდე კლდეზედა,
რქებზე ვერ დაგაბჯინეო!
მოაგონდა ფშაველების ეს ლექსი შიშიას. ცხადად წარმოიდგინა მონადირის სულისკვეთება, როცა ერთმანეთისგან მანძილით დაშორებული მონადირე და ჯიხვი ერთმანეთს გასცქერიან. ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ და ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.
მონადირეს კი ჯიხვის სიშორე და მიუდგომელ ადგილას ყოფნა გულს უგლიდა, გაბოროტებულს შური ახრჩობდა. შიშიასაც შური, თუ ამაზე უარესი სისხლით გაუძღომელი გრძნობა სჭამდა. რამდენჯერმე წაუდო ქვაზე თავისი ვერცხლის სალტებით შაზიკული, მზეზე თეთრად მბრჭყვინავი ხირიმი და ისევ უკან გადმოიღო. სევდით და მწუხარებით დასცქეროდა ამ თავის გალაპლაპებულს ყელჭრელ ხირიმს; არ ეგონა, თუ იქამდე მიიტანდა ტყვიას. თუნდა მიეღწია კიდეც, ჯიხვს ვერ დაიმორჩილებდა. ტირილი მოსდიოდა, რომ შამფურივით გაშავებული რუსული “ბერდენკა” არა ჰქონდა. ის რომ ჰქონოდა, ერთსაც აღარ გაუტევდა ცოცხალსა. რუსებზედაც და “ბერდენკაზედაც” ჯავრი მოსდიოდა, რომ ამისი თორმეტ ძროხიანი ხირიმი იმ შავმა დუდუხამ ასე დაამცრო და დააჩალავა.
ამ დრომდე დაწოლილი ჯიხვებიც აიშალნენ და აღმართს შეუდგნენ. ის დიდი ჯიხვიც უკან იყო და დინჯად მიაბიჯებდა. შიშია ანთებული თვალებით გასცქეროდა ხარ-ჯიხვის გზას. ელოდა, როდის გასწორდებოდა თოფის სასროლად. აი, შეხტნენ ერთ ბექურზე ჯიხვები და მეორე მხრისკენ იწყეს დენა და მოფარება. ბოლოს შეებღოტა ხარ-ჯიხვიც და გაბრტყელებული ეეყუდა შიშიას პირდაპირ მოზვრის ტოლა. სულგაწყვეტილი შიშია თოფს დაჰკვროდა, თითქო ამის სიკვდილ-სიცოცხლე ამ წუთზე არის დამოკიდებულიო. ერთ წამია ხანს გაჰხვივლა ხირიმმაც. გაღმიდან, თითქო შეყვარებულთ ერთმანეთს დამალულებმა აკოცესო, ტკაცანი მოისმა. გაღმა-გამოღმა მთებმა თოფის ხმას კვნესით ბანი მისცეს. თოფის ქუხილი მთა-კლდეთა საკუთარი შეიქნა და ცოტახნის შემდეგ შორს, შორს ჩაბნელებულმა არაგვის ხეობამ როდის, როდის სადღაც მოსცა პასუხი და ხვივილით ხელმეორედ შემოიარა ისევ მთებისა და ხევების კუდები და სადღაც მთებს იქით გადაიკარგა.
“თოფის ხმა ჭიუხებშია
ვაჟკაცსა იამებაო!”
ტყუილად არ უთქვამთ ფშაველებს!
ჯიხვებსაც იამათ?! საწყ**ბს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამ ხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონს მოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილი მისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა შვილსა.
შიშიას ხარ-ჯიხვის დარდი ჰქონდა. სხვები სადაც უნდა წასულიყვნენ. ჯიხვს წინა ფეხები ჰქონდა მაღლა შედგმული, როცა თოფი გავარდა. დატორტმანდა, უნდა უკანვე გადმოვარდნილიყო, მაგრამ თავი შეიმაგრა და ისე გაშეშდა. შიშიამ შეატყო, რომ ჯიხვი დაიჭრა. სანამ ეს თოფს ხელმეორედ გასტენდა, ჯიხვი კლდეზე ავიდა და მარდად გაუსვა მაღლა ფრიალოებისაკენ. სხვა ჯიხვები აღარსად ჩანდნენ, იმან კი “არწივისმაღლის” საფრებს მიმართა. ტყვია ვეღარ მიუწვდებოდა და სანამ შიშია ხევს გახდებოდა, ის თავს უშველიდა. აბა თავსღა დაანებებდა შიშია ჯიხვსა?
ჯიხვს სისხლი თქრიალით გასდიოდა. ეტყობოდა მუცელში ჰქონდა ტყვია მორტყმული და ფაშვსა და ტყავს შუა იყო გავლილი. მრავლად განადენი სისხლი იმედს აძლევდა შიშიას, რომ ჯიხვს მალე მოსჭრიდა მუხლს და ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა. “ტყავსა და რქებსაც ძლივ წავიღებო” ფიქრობდა შიშია, - თუ ცოტა რამე სამწვადეც გავატანე, კარგი იქნებაო”. მთელი ჯიხვის წაღება კი აზრადაც არ იყო მოსასვლელი, გინდა მარტო რბილი ხორცი გამოეჭრა და ძვლები იქ დაეყარა. წარმოიდგინა შიშიამ, რა გაკვირვებით დაუწყებდნენ ხევსური ვაჟები და ქალები ჯიხვის რქებს სინჯვას. “აბეჩავ, შიშიავ, შენს მეტიც ამას ვერავინ მაჰკლავდა, გუდანისჯვრის მადლმაო!” ტყავისა ხომ, საკუთრად ერთი ტყავი გამოუვიდოდა, მხოლოდ სახელოებს მოუნდებოდა თხის ტყავის მოკერება.
გაჰყვა შიშია მგელივით სისხლის კვალს. თუმცა სისხლი ისე აღარ გასდიოდა, მაგრამ კიდევ ალაგ-ალაგ ცვრები სცვიოდა და ზოგანაც, სადაც კლდეზე ახოხებულიყო, სისხლიანი ბეწვისაგან ქვები იყო მოსვრილი. ჯიხვზე კარგად ვის ეცოდინებოდა “არწივისმაღალზე” ასასვლელი გზა. ალბათ, წინათაც ბევრჯერ შეხიზნულა რქიანი ვაცი იქა და ახლაც დაჭრილი იქით მიიბრძოდა. იქ დაწვებოდა მოსვენებით, ვერც კაცი შეაწუხებდა, ვერც ნადირი და ვერც ბუზი, სანამ ნატყვიარი მოურჩებოდა. სჯეროდა, რომ იქ ადვილად ვერავინ ავიდოდა და არც არავინ გაიწირავდა თავს იქ ასვლისათვის. მაგრამ შიშია იმისთანა ბიჭი არ იყო, რომ უკან დაეწია! სად ქუჩს ეჭიდებოდა, სად ქვებს და კენჭებს ებღაუჭებოდა, ოღონდ ხელისმოსაკიდებელი ყოფილიყო. ბევრჯერ ცალი ხელით დაეკიდებოდა, სანამ ფეხს რამეზე მოიკიდებდა. მიცოცავდა მაღლა და ქვეშ რა უფსკრული ეზრდებოდა, იმაზე სულაც არა ფიქრობდა. ძირს არ იხედებოდა და არც დარდი ჰქონდა. წინ დაჭრილი ხარ-ჯიხვი ეგულებოდა და განა ახლა უკან დაბრუნებაზე იფიქრებდა?! ხელის ფრჩხილები სულ გადააცვითეს ქვებმა და მუხლისთავები გადაეყვლიფა. ბევრჯერ თვალითაც დაინახა ჯიხვი, მაგრამ თოფის სროლა არ შეიძლებოდა, ხელებს ვერ გაუშვებდა, კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.
ძირს ხეობა და შორს სოფლები თანდათან მერცხლის ბუდეებივითღა მოჩანდა. დაიღალა კიდეც, ღონეც ელეოდა. “არწივისმაღალის” წვერიც კი შორს აღარ იყო. ცოტა კიდევ და ჯიხვი და შიშია თითქმის ერთ დროს აებღოტნენ “არწივისმაღლის” კონცხზე. იმას იქით ვეღარსად ჯიხვი წავიდოდა და ვეღარსად შიშია, თუ უფსკრულში არ უნდოდათ დაღუპვა.
რამდენადაც შიშია გახარებული იყო, რომ ჯიხვი ვეღარსად წავაო, იმდენად ჯიხვი შეშინებული და თავზარდაცემული ჩამოსცქეროდა შიშიას. არ ეგონა თუ აქაც, ამ არწივების საბუდარში კაცი ფეხს დასდგამდა. ელდაცემული, გაშტერებული იდგა და შემოსცქეროდა მონადირეს. ასე ახლოს ამის მეტად არ ენახა კაცი, - ეს ამათი სიკვდილი! ახლა ჰხედავდა პირველად და ელდაცემული მთელი ტანით თრთოდა. გასაქცევი აღარსად ჰქონდა და დასამალი. თავის სიცოცხლეში მგელიც ბევრჯერ ენახა, კლდის ვეფხვიც; ზვავიც ბევრჯერ მოჰხეთქია და წაუღია, მაგრამ კაცზე საზარელი არა ეგულებოდა რა.
ადგილი სულ ერთი ფარდაგის გაშლა იქნებოდა. ერთმანეთის სულის ქცევა ესმოდათ. ჯიხვი მუდამ წამს მოელოდა, რომ კაცი ეცემოდა და ჩაჰყლაპავდა. შიშიაც ერთბაშად შეკრთა. მოაგონდა, რომ განთქმულმა აფშინამ ასე შერეკა საფარში ჯიხვები და თვითონ გზაში ჩაუდგა. უნდოდა ხანჯლით დაეჭრა ყელები, მაგრამ გაცოფებულმა ჯიხვებმა, რაკი გასავალი აღარსადა ჰქონდათ, ერთბაშად დაჰკრეს და გადაუძახეს უფსკრულში თავმომწონე მონადირე. ამაზე იყო ლექსი:
“ჯიხვებს ნუ ჩასდევ, აფშინავ,
ჯიხვთა ბანდუხის კლდისათა,
თორ კლდეზე გადაგაგდებენ,
ჯარს შაგიყრიან რქისასა”.
მოაგონდა არანაკლებ განთქმული მონადირე ჯარჯი და ჯიხვი რომ ერთად გადაცვივდნენ კლდეზე.
მაგრამ ჯიხვი სრულიადაც არა ფიქრობდა ბრძოლას. რომ ფარაში ყოფილიყო, შეიძლება გამგელებული სცემოდა მონადირეს, მაგრამ აქ არც უმწეო ციკნები იყვნენ სადმე, არც დედალი შუნები. რომ იმათთვის პატრონობა გაეწია. რაკი ჯიხვი შეშინებული ნახა: “ტყვია-წამალი რაღად დავხარჯოვო”, - იფიქრა მონადირემ და ხანჯალამოღებული გადუხტა ჯიხვსა. ჯიხვი ადგილიდან არ იძვროდა. დაშტერებით შემოსცქეროდა იმისკენ მიმავალ კაცს. ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არა ადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში უფსკრულში გადაეშვა.
- ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! - დაიყვირა შიშიამ და გაიქცა დასანახად, თუ სად დაეცემოდა ჯიხვი. მაგრამ ჯიხვი უფსკრულმა ჩანთქა. სად დაეცემოდა, როცა ძირს თვალჩაუწვდენელი ფრიალოს მეტი არა ჩანდა რა. ახლაღა იგრძნო შიშიამ, რა საფრთხეც მოელოდა და თმა ყალყზე დაუდგა.
დიდხანს, დიდხანს უხმობდა ხეობები და მთები, როცა ძირს დაცემული ჯიხვის სიმძიმით მოგლეჯილი ლოდი ხეობაში საშინელი ჭექა-ქუხილით ჩაიჭრა და იმისგან შეშინებული ფრინველები წივილით გამოიშალნენ ჰაერში.
მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარს ვისმე, მაგრამ ირგვლივ მარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალო და თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლა შეუძლებელი იყო.
იტყვიან შვიდი დღე კიდევ ისმოდა “არწივისმაღლიდან” შიშიას თოფის ხმა, მერე კი მისწყდა, ვეღარავინ ვეღარ უშველა რომ ჩამოეყვანათო.
ტყუილად არ უთქვამს ხალხსა:
ჯიხვების განავალი კლდე
რო ნახო, გაგიკვირდება,
იმათ განავალ გზაზედა
თოვლი არ მეეკიდება,
იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაეკიდება!
1903 წ.
ძროხად ითვლება ფული. ერთი ძროხა ერთი თუმანია. ავტორის შნიშვნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 30 2016, 11:33
პოსტი #47


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მართლაც კარგია. მიუხედავად იმისა რომ ადრეც წაკითხული მქონდა ხელმეორედაც სიამოვნებით გადავიკითხე small3d018.gif .
assassin29 თუ შეძლებ ვაჟა ფშაველას დათვი რომ დადო აქ. ძალიან სახალისო მოთხრობაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 30 2016, 12:40
პოსტი #48


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო
კიბატონო მოვძებნი

newsmile027.gif newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 30 2016, 14:01
პოსტი #49


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კარგი იყო, არ მქონდა წაკითხული...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 30 2016, 22:38
პოსტი #50


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




უიარაღო
თხონა ოპერატიულად შესრულებულია სერ
ვაჟა ფშაველა დათვი
წყარო: wikisource.org


გამარჯვებული დათვი სარკეში იცქირებოდა; წვერს ივარცხნიდა, ულვაშებს იწკეპავდა, იმშვენებდა; თვალებს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დიდად ხან გაახელდა, ხან მიჰლულავდა და გუნებაში ამბობდა: „იჰ, იჰ, რა ბიჭი ვარ, ძალიან მოხდენილი ვარ, ძალიან! ჩემზე ლამაზი დედამიწის ზურგზე არც ერთი ცხოველი არ მეგულება. ლომი? – კატაა. ვეფხვი? – ისიც ხომ კატაა. მგელი? – ძაღლია, ძაღლი. ტყუილია ჩემისთანა. ამ ტოტებს უყურებთ? რა ტოტები მაქვს, თუნდა მოვდვა და ეს ჭანდარი ეხლავე პირქვე დავცე?!“ – სთქვა რა ეს, უკანა ფეხებზე შედგა, ტოტი ტოტს შემოჰკრა და სიამოვნებით გაიღიმა. „არა, – განაგრძო დათუნამ, – მე რომ წინ მიდგებიან, ვითომ რაო? რა ჰგონიათ? არ იციან, რომ დავლეწავ, დავფშვნეტ, ყველაფერს ნაცარ-მტვრად ვაქცევ? ვინა ვარ მე? ვინ? ვის უბედავენ? – რადა სჭამო? – ჯერ ერთი, მშიან და ამასთანავე ძალაც შემწევს. მაშ ძალა, ღონე არ მოვიხმარო? გიჟი ვიქნები არ მოვიხმარო და თავს სიამოვნება მოვაკლო. ვერ მოხვდათ? ვერ იგემეს ჩემი ტორები? ეგრე უნდა, ბიჭმა იცის!“ ამას, იცით, ჩვენი დათვი როდის ამბობდა? – ომგადახდილი იკვეხოდა თავის სამფლობელოში, დაბურულს, უღრანს ტყეში, – მაშინ, როცა მთელი ნინიას ოჯახი და მისი მეზობლები გმინავდენ და ტიროდენ დიდიან-პატარიანა თავპირდამსხ**ეულნი, ტანდალეწილები ბიძია დათუნიას წყალობით. დათვი ნინიას სიმინდში დაეჩვია: ჯერ საქონელი გაულაგა ბაკიდან, რაც კარებზე პანტა-პუნტები ედგა, ის ჩამოლეწა და ახლა სიმინდს მიჰყო ხელი… გამწარებულმა ნინიამ ვეღარ მოითმინა, თითონ არ ჰქონდა თოფი და რის ვაინაჩრობით ქართული ჯაზეირი იშოვა, მთელი სოფელი შემოიარა იმის გულისათვის. მთელი ერთი კვირა მართა. როგორც იყო, ჩახმახი მოაკოწიწა, ტალიც ძლივძლივობით იშოვა, – ერთი-ორი სროლა ტყვია-წამალი, და ჩაუსაფრდა თავის დამღუპველს და გამაჩანაგებელს: „თუ ვერ მოვკლავ, გაფთხება მაინც ეგ ვერანაო“, – ამბობდა ნინია.

დათვი ჩვეულებრივ შებრძანდა სიმინდში და დაუწყო ტაროებს ლეწა-მტვრევა. ნინიამ თოფი დაახალა დათვს, მაგრამ ააცდინა. დათუნია ეცა ნინიას, ამოიდო ქვეშ და დაუწყო ბეგვა; კარგად მიტორა. ნინიამ მორთო ყვირილი: „მიშველეთ, მომკლა დათვმაო“, – ღრიალებდა საცოდავი კაცი. ქმრის ყვირილზე მოვარდა ნინიას ცოლი ნენე, დედას მოჰყვნენ თან შვილები, ჯოხებით და კეტებით შეიარაღებულნი. დათვმა ყველასაც ის დღე დააყენა, რაც საბრალო ნინიას, შეიქნა საშინელი წივილ-კივილი, მოცვივდენ მეზობლები კეტებით ნინიას მისაშველებლად. დათუნიამ არავინ გააბედენა, ყველა ერთმანერთს მიაკლა, ადგა და უჭირველმა გასწია თავის ბუნაგისაკენ. მოიგონა გარდახდილი ბრძოლა, უსამართლობა ადამიანისა, წინააღმდეგობა, ურჩობა, გამარჯვებამ თავი მოაწონებინა და სამერმისოდ გაამხნევა.

„როცა იციან მაგ ბრიყვებმა, – ამბობდა კვალად დათვი, – რომ ვერაფერს ჩამომრჩებიან, რატომ თავისთვის არა ყრიან?! არ ეტევიან თავიანთ ქერქში? მე დავტევ ძალით! ჩვენი შრომაო, ჩვენი ოფლი დათვს მოუნდაო, – გაიძახიან. მომინდა? ალბათ შამერგება კიდეც. თუ არ შამერგება, წაიღონ! ეცადონ, ვის, ან რაღას ელიან?! აი მე და აი ისინი! გაგიხარიან, კარგად მოვტორე ყველანი, ვგონებ რომ ვეღარ გაბედონ კრინტის დაძვრა. ბრიყვები, სულელები! ჰმ, ჰმ, ვერ უყურებ მაგათ თავხედობას!“ – ბურტყუნებდა თავისთვის დათვი კალხზე შემდგარი. უსვამდა ტოტებს წიფლისა და მუხის ბონცვრებს, ამსხ**ევდა, ჰლეწდა, – ეგონა, ისევ სიმინდში ვარ და ხალხს ვეომებიო.

როცა გული მოიჯერა ბობოქრობით და ორონტრიალით, დათვმა მიიხედ-მოიხედა, შემდეგ დაყუნთდა, თავი დაქინდრა და დაფიქრდა. "ჰოო, – წარმოსთქვა დაბოლოს, – ვიდრე ერთი ურჩია ქვეყანაზე, ჩემი ბედნიერად ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. სრულს ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებ, როცა ურჩნი მთლად გასწყდებიან, აღიფხ**ებიან პირისაგან ქვეყნისა. ამიტომ საჭიროა ყველას გონების ჩარხი ასე მოიმართოს, ასე ფიქრობდეს და სხვაგვარად არა: დაემორჩილენით უძლურნი ძლიერთა, რამეთუ მათ ხელთ არის სიცოცხლე თქვენი, ე.ი. ჩვენიო".




II

მხეცთა შორის გავარდა ამბავი, რომ ბიძია დათუნას ბრწყინვალედ გაუმარჯვნია. დაჰრევია სოფელში უიარაღო ხალხს, დიდი და პატარა ერთმანერთისთვის მიუყოლებია. ერთს ვიღაცას თოფი დაუხლია. წაურთმევია, დაულეწია და გადაუყრიაო. ამ ამბის გამო მხეცებს თათბირი შაექნათ და გადასწყვიტეს ერთხმად დათვისთვის გამარჯვება მიელოცათ. სწორედ უნდა მიელოცათ, რადგან გამარჯვება დათვისა საერთოდ მხეცთა გამარჯვებას მოასწავებდა ადამიანთა ტომზე: სუსტს ამაღლებდა, ამაღლებულს ხომ სიმაღლეს ჰმატებდა. ამ ყრილობას ვეფხვი და ლომი არ დასწრებიან, ამიტომ მხეცებმა იმათთან დელეგატები გაგზავნეს, რათა შემოერთებოდენ საერთო გადაწყვეტილებას, მხეცთა განაჩენს. ლომს მოწიწებით ეახლნენ მგელი და მელა, სალამ-ქალამის შემდეგ განუცხადეს მხეცთა დადგენილება. ლომი სიბრაზისაგან თვალებიდან და კბილებიდან ცეცხლსა ჰყრიდა, იფრინა ორივენი, როგორც მელა, ისე მგელი, და კუდამოძუებულები გაგზავნა შემდეგის პასუხით: „როგორ? მე, ლომი, ნადირთა მეფე, ვეახლო ტარტლიანს, ყარტლიანს დათუნას, უიარაღო ხალხს რომ დაერია და დაგლიჯ-დაფლითა? დაიკარგეთ აქედან, თქვე არამზადებო, თქვე ქეციანებო, თქვენა!.. მე ათასი და ხუთასი შეიარაღებული მიფრენია, ჩემთვის არავის მოულოცია გამარჯვება, მე წავიდე და სიმშილისაგან გადახრწნეული ხალხის დამარცხება მივულოცო ცინგლიანს მძოვრიჭამია დათვსა?! გასწით და თქვენ მიულოცეთ, რაც ის არის, ის თქვენ ბრძანდებით, როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო“.

ვეფხვმა უფრო ზრდილობიანად დაითხოვა მხეცთაგან გაგზავნილი ჩაფრები: „არა მცალიან, საქმე მაქვს, ვერ წამოვალ. თქვენ წადით და მიულოცეთ. რაღა თქვენ, რაღა მეო“. ამ პასუხით მოიშორა ვეფხვმა თავიდან დელეგატები.

პირველად დათვთან გამარჯვების მისალოცად მგლები წარდგნენ. დათვი დაბღორილი, თავმოწონებული დაუხვდა მგლებს, დინჯად თავს უკრავდა და თითქოს აგრძნობინებდა – თქვენც ცემა-ტყებას მოელოდეთ, თუ ჩემი ხათრი და რიდი არ გექნებათ, ჩემი სახელის დამხობას, აბრუს გატეხას ეცდებითო. მგლებმა დაიწყეს: „დიდებულო, ყოვლად ძლიერო, ორგულთა შემმუსვრელო, ერთგულთა მოწყალევ, ყოვლისა კეთილით აღსავსევ, აღმატებულო, ცათამდე აღტყინებულო, მფლობელო ტყეთა და კლდეთა, მთათა და ბართა, მშვენიერო დათვო! გავიგეთ რა თქვენ მიერ სამაგალითოდ დასჯა ურჩთა და ორგულთა სოფლელთა, რომელთაც გაბედეს და გამოიჩინეს სიბრიყვე და სიჯიუტე თქვენს წინაშე, როცა თქვენ მოისურვებდით იმათ სიმინდისა და ყანის მირთმევასა, გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას იმათზე ყოველ ჟამს, უკუნითი უკუნისამდე. თქვენა ბრძანდებით უფროსი ძმა ჩვენი და გამარჯვება თქვენი არს ჩვენი გამარჯვება. ან რას ჯიუტობენ სოფლელნი და თავში ქვას იხლიან? რატომ არ უნდათ დარწმუნდენ, რომ ჩვენ ვართ იმათი ბატონი და ყოველი მათი სარჩო-საბადებელი ჩვენ ხელთ არის და რომ მოვინდომოთ, ერთს დღეს გავუჩანაგებთ მთელს საცხოვრებელს. ცხვარს ან ძროხას რომ ვიტაცებთ, თოფითა და ხმლით უკან მოგვდევენ და ძაღლებს გვისისინებენ… უსვინდისონი არა ფიქრობენ იმას, რომ ტყე და მინდორი ჩვენი საკუთრებაა და იმათი ცხვარი და ძროხა ამ ჩვენს ტყე-მინდორში იკვებება. უარესად უნდა დავსაჯოთ, უარესად! ცოტაა კიდევაც ეს სასჯელი, რაც აქამდის მივაყენეთ. გაუმარჯოს დიდებულს დათვსა, იმის ხმალსა და ძალასა!..“ ღმუოდენ მგლები, მარჯვენა კლანჭებს ჰაერში იქნევდენ, ხოლო კუდებს დაბლა მიწაზე ატყაპუნებდენ.

დათვმა თავისებურად, დარბაისლურად მადლობა გამოუცხადა: – „გმადლობთ, მგლებო. დიდად გმადლობთ, როგორც მოლოცვისა, ისე კეთილგონიერებისათვის, რომელიც თქვენ დღეს წინაშე ჩემსა გამოიჩინეთ. სწორედ სთქვით, სწორედ ჰბჭობთ. ნუ დაზოგავთ ამიერიდან სოფლელთ ნურაფერში, უფრო მომეტებული ჩვენი ხათრი მაშინ ექნებათ, როცა დაშინებულნი და შეძრწუნებულნი იქნებიან ჩვენ მიერ. ხოლო ერთი უნდა გახსოვდეთ, სახელი ჩემი და აბრუ აღამაღლეთ ქვეყნის თვალში ქებითა და დიდებითა, რათა თქვენც აღმაღლდეთ“.

მელებმა, ვიდრე დათვს ქებას შეასხამდენ, ლომი და ვეფხვი დაჰგმეს. იმათი უზრდელობა, უხეირობა აღიარეს დათვის წინაშე და დათვი კი ცამდე ასწიეს. ფიანდაზად გაეგნენ ფეხთ ქვეშ და დიდი ერთგულობა აღუთქვეს. ტურებიც საბრალოდ ჩხაოდენ მხოლოდ ერთს და იმასვე: „გაუმარჯოს დათვს, გაუმარჯოსო!“ თანაც თვალთაგან გულწრფელობისა თუ გულჩვილობისა გამო ცრემლები ჩამოდიოდათ ღაპაღუპით. მაჩვები დაჩოქილები იდგნენ დათვის წინაშე. ბურტყუნებდენ რაღაცას, იმათ ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაირჩეოდა: – ჩვენო დათვო, ბატონო, ჩვენც შენის ჯიშისა ვართ, შენი უმცროსნი ძმანიო. მზად ვართ ავასრულოთ შენი ყოველი სიტყვა, ყოველი ბრძანებაო და სხვა…

ტყეში დიდი ამბავი იყო. ხემა და ქვამაც კი გაიგო, რომ მხეცები დათვს გამარჯვებას ულოცავდენ, ყველა მისკენ ქება-დიდების შესასხმელად მიისწრაფოდა. კურდღლებს ამ ამბის გაგონებაზე ტანში კანკალი მოჰკიდა, შეიყარნენ და მოილაპარაკეს: „ჩვენთვის დღესაქამომდე დათვს არაფერი დაუშავებია, არც გამოგვდგომია დასაჭერად და ვაი თუ ამიერიდან, რომ არ მივულოცოთ, გაწყრეს და დაგვემტეროსო“.

ამ ფიქრის გამო გასწიეს იმათაც დათვთან სალმის მისართმევად. ახლოს ვერ მიჰბედეს და შორიდან უცხადებდენ თავიანთ გრძნობებს წვერების ცმაცუნით და ყურების ბარტყუნით, ხტომით და ფუნდრუკით.

კორდზე ვირი ება საბლით, გაიგო, რომ დათვს ულოცავენო, მხეცთა მიდენ-მოდენამ აუტოკა იმასაც გული, გაწყვიტა საბელი და გვერდზე ცხვირგაჭრილი გაიქცა დათვთან სახელის მოსალოცად. აჰყვა ვირიც ფეხის ხმას.

დათვის მილოცვები ორი-სამი დღე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, დათვს მოჰშივდა. ვირის დანახვა ძალიან ესიამოვნა. თუმცა ვირი დაფითა და საყვირით ულოცავდა დათვს გამარჯვებას და თანაც ფუნდრუკობდა, უვლიდა თამაშობით გარშემო დათვის საბძანებელს. დათვი ღრმად მადლობას უცხადებდა, ტოტებზე შემდგარი პირქვე ემხობოდა და უწოდებდა თავისთან: „დიდად გმადლობ, ვირო, სახელოვანო ვირო, – ეუბნებოდა დათვი, – შენისთანად არავის უსიამოვნებივარ, შენისთანა სალამი ჩემთვის არავის მოურთმევია. მოდი, გაკოცო, გენაცვალე, გაკოცო მაგ მშვენიერ ყელში, საიდანაც ეგ მარგალიტი სიტყვები ამომდინარებსო“. ვირს ქებამ თავბრუ დაჰხვია და მიიჭრა დათვთან. დათვმაც მაგრა ტოტები მოჰხვია და დაუწყო ლოღნა. წამოაწვინა და, ვითომ ყელში ჰკოცნიდა, პირს უსვამდა, თან კბილები უკაწკაწებდა ლეშისთვის. ვირმა სული განაბა, თვალები დახუჭა, სიამოვნების მორევში შესცურდა: ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, – დათვი, დიდებული დათვი, ეალერსებოდა. დათვმა, ალერსით გატაცებულმა, ყრონტში კბილი მოუჭირა. ვირმა შეჰყვირა: „ვაჰმეო“, მაგრამ დათვი უფრო უჭერდა კბილს და თან მაგრა ჰბღუჯავდა ვირს ღონიერის, მძლავრის ტოტებით. ვირმა მორთო ღრიალი: „სუ, ჩუმად, რა გაყვირებს? – ეუბნებოდა დათვი: – მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ჩემო ვირო!“ ეუბნებოდა რა ამას, თან მაგრა კბილებს უყრიდა. ამ ალერსში და ხვევნა-კოცნაში, რაღა ბევრი გავაგრძელოთ სიტყვა, ვირი გათავდა. დათვი თავის სატრფოს ყვავსა და ყორანს ხომ არ გადაუგდებდა შესაჭმელად, იმაზე უპრიანი იყო და მიჰყო კიდეც ხელი და არც სინიდისი ჰქენჯნიდა. რატომ არა? იმიტომ, რომ დათვი ძლიერია და ვირი სუსტი, – პირველი ბატონია და მეორე ყმა. ვირი იმიტომ მივიდა დათვთან – ესიამოვნებინა, დათვს კი დღეს მილოცვა აღარ ესიამოვნებოდა, რადგან ჰშიოდა, ცარიელი სიტყვების რახარუხი მას ხომ სასმელ-საჭმელობას ვერ გაუწევდა?! მაშასადამე, სრული, უნაკლულო, ნამდვილი მილოცვა – ვირისა გამოდგა, რადგან მთელი თვისი არსება ძღვნად მიართვა თავის ბატონს. ბატონყმობა, თუ ვიტყვით, ამისთანა უნდა სწორედ. დათვი ასე სჯიდა: ვინც ჩემი ნამდვილი პატივისმცემელია, ჩემი სიამოვნება უნდა, რო შევჭამო, ხმა-კრინტი არ უნდა დაძრასო… დათვის შეხედულება, აზრი მსოფლიო ცხოვრებაზე ასეთი გახლავთ საზოგადოდ: თუნდა სტუმრად მივიდეს ვინმე მასთან, თუნდა მისალოცად, ნამეტნავ მაშინ, როცა ჰშიან, უნდა შაჭამოს. სიმშილი თავისთვის იყოს, – ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ნათქვამია.



III

გავიდა ცოტაოდენი ხანი და დათვის სრასახლის კარებზე ჯაშუშების გუნდი გაჩნდა. ვინ გინდა, რომ არა ჯაშუშობდა: მაჩვებიც კი, რომელთა ათი ნახტომი ერთი ადლი არ გამოვა; და ყველა დათვისაგან რაღაც გამოუთქმელს და დიდს წყალობას მოელოდა; ხოლო არავის არა ჰქონდა კარგად გამორკვეული, ეს მოწყალება დათვისა რა ჯურისა, რა თვისებისა იქნებოდა. თუ დათვი გაიმარჯვებდა, ყველა მათგანი უსათუოდ უნდა დიდს ბედნიერებას მოჰსწრებოდა. ასე ჰქონდა ყველა ჯაშუშს აღბეჭდილი წარმოდგენა გულსა და გონებაში. ამიტომ დიდს ფაცაფუცში იყვნენ, მიდიოდენ და მოდიოდენ. ყოველი ჯაშუში იმას ცდილობდა, საუკეთესო რამ ცნობა მოეტანა ბატონისთვის.

პირველად განგაში მელამ დაჰკრა. მოიტანა დათვის წინაშე და დააგდო თავი კურდღლისა. „შეთქმულობაა, ბატონო ჩვენო, შეთქმულობა თქვენს წინააღმდეგ: შეკრებილიყვნენ კურდღლები და ჩურჩულ-კურკულებდენ – უნდა დათვი დავამხოთო, – უყურებ წყეულებს!.. მე დავუქროლე, ერთს ვსტაცე ხელი, წავაგლიჯე კისერი, სხვები შეშინდენ და გაიქცნენ. აი ეს გახლავთ თავი იმ წყეულის ბოროტგამზრახველისა“. – სთქვა მელამ, გადისო ულვაშზე ხელი და თანაც დოინჯი შემოიყარა.

– ყოჩაღ, – უთხრა მას დათვმა: – ტანი რა უყავი, ვსთქვათ, ეს თავი აქ არი.

– ტანი, ბატონო? – განაგრძო მელამ, – ჯურღმულს მივაბარე.

– როგორ, ჯურღმულს? – დაეკითხა დათვი.

– ისე რომ, – განაგრძო მელამ, – ავიღე და კლდიდან ღრმა ხევში გადავუძახე.

მელამ იცრუა: კურდღლის ხორცს თითონ გიახლათ, მაგრამ ამას ხომ არ გაამჟღავნებდა.

– კარგი იქნებოდა, თან წამოგეღო, – სთქვა დათუნამ. – რომ გაგვეროზგნა სხვებთან, სხვების სამაგალითოდ.

– გაბრაზუბულმა რომ ვეღარ მოვისაზრე, ბატონო! – სთქვა მელამ.

– რაღა გაეწყობა – დააბოლოვა სიტყვა დათვმა, – მხოლოდ შემდეგისათვის გაფრთხილდი, თუ კიდევ მოასწრო სადმე, რამდენსაც თავი მოჰკვეთო, მთლიანად აქ მომართვიო.

მელამ თავის მიწაზე დაყრდნობით „ბალი-აღა“ მოახსენა. დათვმა მელა გაისტუმრა ამ სიტყვებით: – მელები, საზოგადოდ, მოხერხებულები ხართ, თქვენი იმედი დიდად მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ერთგულები იქნებით ბოლომდე და ჩემს ბრძანებასაც სავსებით შეასრულებთ. ხოლო ამას ნუ დაივიწყებთ, ტყეში ნადირობას დროებით ხელი უშვით და სოფლებს მიჰყავით ხელი. ტყეში ნადირი მუდამ ჩვენს ხელთ არის, სოფელში კი – არა. ხომ გესმის? „მესმის, ბატონო!“ – მოახსენა მელამ თავის დაქინდვრით.

– სწორედ ეგრე მოიქეცი! – სთქვა დათვმა.

მელამ ძუნძულით გასწია. მელიას წასვლა და მგლის მოსვლა.

– ბატონ დათვს გაუმარჯოს! – დაიძახა მან შორიახლოდან.

– გაგიმარჯოს მგელსაც! – მიუგო დათვმა, – ამბავი, ხაბარი? – ამ დროს დათვი ვირის კანჭალასა ჰხრავდა. მგელსაც მსხვილი ნერწყვები მოუვიდა პირში, მაგრამ რა გაეწყობოდა.

– მშვიდობა, თქვენი კარგად ყოფნა და დღეგრძელობა, – სთქვა მგელმა.

– მაინც შენ უსაქმოდ არ გაირჯებოდი? – განაგრძო დათვმა.

– არც კაი ამბავია, – განაგრძო მგელმა: – თქვენა ბრძანდებოდეთ კარგად, თორემ მაინც არც არაფერი იმითი იქნება.

– რაო! რისაგან რა უნდა იყოს? – სთქვა დათვმა.

– ეჰ, განა არ მოგეხსენება, ბატონო, ბრიყვი ქვეყანაა და თანაც სხვები აბრიყვებენ და თქვენს წინააღმდეგ ამხედრებენ. – სთქვა მგელმა.

– როგორ, ჩემ წინააღმდეგ? ვინ არიან ის ავაზაკები? – სთქვა დათვმა თვალების ბრიალით.

– ჩემი თქმა რა საჭიროა? თქვენც ხომ კარგად იცით.

– მაინც ვინ არიან? ვინ არიან ის ავაზაკები? – ამბობდა დათვი განრისხებული და გამწარებული.

– დასამალი რაა, ბატონო? – განაგრძო მგელმა, – სულ ციყვებისა და კვერნების ბრალია, აბრიყვებენ და აბუნტებენ ქვეყანას.

– ააახ! ვერ უყურებ მაგ მატლებს, მაგათ! მოიცადონ, მე ვაჩვენებ მაგათ სეირს! – სთქვა დათვმა განრისხებით და სამი მუჭა ქაფი გადმოაგდო პირიდან.

– დღეს დილით, – განაგრძო მგელმა, – შეკრებილიყვნენ შვლები, ირმები, არჩვები, ღორები, და ვინ იცის კიდევ სხვა რამდენი… თათბირი ჰქონდათ, მე ჩუმად მივეპარე და ყური დავუგდე…

– მერე რას ამბობდენ? – გააწყვეტინა სიტყვა დათვმა.

– ერთხმად იძახოდენ: „უსათუოდ უნდა დათვი განვდევნოთ, დავამხოთო. მთელი ტყე, ტყისა და დედამიწის მოსავალი მაგას მოუნდაო“.

– ხა-ხააა! ხა-ხააა!! – გადიხარხარა დათვმა: – მერე ვინ მიპირებს დამხობას, ან რით, შენ ეს მითხარი? შვლები? ირმები? არჩვები? ჰმ, ჰმ… – დაეკითხა დათვი გაკვირვებით.

– არა, ბატონო, ისინი არა! – სთქვა კვალად მგელმა, – სხვები გახლავანო.

– ვიღა სხვები? – ჰკითხა დათვმა.

– ტახები… მერე რა ჯონგა-ჯონგა ტახებია! უჰ, ღმერთო, შამიწყალე… თითოს ოროლი მტკაველი კბილი აქვს. იმათ კბილებს რომ ვუცქეროდი, ტანში ჟრუანტელი მივლიდა; თქვენთან საბრძოლველად ისინი ამოირჩიეს ერთხმად, და ტახებმაც თანხმობა გამოუცხადეს, დაიწყეს ეშვების ლესა და ისეთი ხმაურობა გამოსცა იმათმა კბილებმა, თითქოს ცა სჭექდა. თანაც წარმოსთქვეს: „ჩვენ ამოვაშხამებთ დათუნას, რაც ჩვენთანა ზიარი რკო და წიფელი შესანსლაო“.

– მობრძანდენ, იმათ მე გავცემ პასუხს, – სთქვა დათვმა რიხიანად, თუმცა გულში კი რამდენიმე ძარღვი ჩასწყდა. არ ესიამოვნა ტახების ამხედრება. – სხვას ხომ არაფერს იტყვი?

– არაფერს, ბატონო. ეგ იყო ჩემი სათქმელი და მოგახსენეთ კიდეც. – მიუგო მგელმა.

– ძალიან კარგი, – განაგრძო დათვმა: – ყველას პასუხს გავცემ, ხოლო თქვენ, მგლები, – განაზრახე ყველანი, – უნდა ამიერიდან სოფლებში ჰნადირობდეთ. ტყეს ხელი უშვით, აქაური ცხოველი და ფრინველი არსად გაგექცევათ და, რაც შეიძლება, სოფლები შეაწუხეთ, გაიგონე?

– დიახ, ბატონო! – მიუგო მგელმა.

– გასწი და აასრულეთ ყოველივე წმინდად, უკლებლად! – უბრძანა დათვმა რიხიანის ხმით.

– ბატონი ბრძანდებითო! – სთქვა მგელმა და გასწია, ხოლო ვირის კანჭალას თვალს ვერ აშორებდა.

არ გაიარა დიდმა ხანმა, ახლა მაჩვი მობობღდა. დიდის ამბით დათვს: „გაუმარჯოს ჩვენს სახელს, ჩვენს დიდებას, ბ-ნს დათვს!“

ოჰ, ბიძაშვილსაც გაუმარჯოს! – დათვი მაჩვს ბიძაშვილს ეძახდა და მაჩვსაც ამით თავი მოსწონდა.

– სხვა, როგორ რასმე ხარ? როგორ გიკითხო, ბიძაშვილო? – მოიკითხა დათვმა მაჩვი დამცინავის კილოთი, – უსაქმოდ არ გაირჯებოდი!

– საქმე ფრიად საყურადღებო არს, უფროსო ძმაო და ჩვენო ბატონო, ფრიად საყურადღებო. – სთქვა მაჩვმა ბოხის ხმით, ხოლო ნაღვლიანის კილოთი. – მაინც რა ამბავია? – ჰკითხა კვალად დათვმა.

– ეჰ, უბედურება და უკეთურება ქვეყნისა: შეთქმულობა! გუშინწინ სოფელში გახლდით: დიდი ამბებია. ხალხი იარაღს ისხამს და აპირობს თქვენზე თავსდასხმას. დიდს მზადებაში არიან ყველანი, დიდი და პატარა, – სთქვა მაჩვმა ამოოხ**ით.

– მერე რას წაიღებენ? ნუთუ აღარ ახსოვსთ ჩემის ტოტის და კბილის გემო? მობრძანდენ და გაიგებთ ყველა, როგორ კუდით ქვა ვასროლინო და ჟანგიანი თოფები თავზე გადავამტვრიო, – სთქვა დათვმა.

– ეგ მართალია, ბატონო, მაგრამ აუტკივარი თავი კაცმა ძალათ რად უნდა აიტკივოს?! – უთხრა დათვს მაჩვმა შთაგონებით. – „სიფრთხილეს თავი არა სტკივაო“, – ნათქვამია.

– ძალას სიფრთხილე არ ესაჭიროება. – განაგრძო დათვმა. – სიფრთხილე სისუსტეს ეწამლება მხოლოდ და უნდა იწამლოს კიდევაც, რომ ფონს გავიდეს. ამ ტოტებს უყურებ? ჰხედავ? კარგად დააცქერდი და! – დათვმა ტოტებს მაღლა ასწია. – ამათი პატრონი და სიფრთხილე?! სასაცილოც არის.

– მე, როგორც ტანითა ვარ პატარა და ღონით სუსტი, რა თქმა უნდა, ჭკუითაც სუსტი ვიქნები – სთქვა მაჩვმა, – შაიძლება ვცდები და მომიტევე, ბატონო!..

– მიპატივებია. მხოლოდ შენ ამას გავალებ, რომ ტყეებს თავი დაანებო და, როგორც ჩვეულება გაქვს, სოფლელთა ხნულში და ბოსტნეულობაში განაგრძე მიწის თხრა. რაც შეიძლო მხნედ იმუშავე. – დათვმა ამ დარიგებით გაისტუმრა მაჩვი და თავად სოროში შებრძანდა, მთელი ერთი წელი სოფელში აღარ გაუჭაჭანია და აღარც ვისთვის რამ დაუშავებია; სამაგიეროდ მგლები, ტურები, მელები, მაჩვები და სხვანი მუშაობდენ სოფლად თანახმად დათვის მიერ ბოძებულის პლანისა: ააოხრეს, დააწიოკეს სოფლელები ქურდობით, ტაციობით, სხვადასხვა ავაზაკობით. სოფლელებმა დათვის ავკაცობა დაივიწყეს; დათვს თითქმის კიდეც ემადლიერებოდენ და ამბობდენ: „დათვს იმის მეასედი ზარალიც არ მოუცია ჩვენთვის, რაც ამ მგლებმა და მელა-ტურებმა მოგვცესო“. დათვსაც ამის მეტი არაფერი უნდოდა, ჩუმ-ჩუმად გუნებაში იცინოდა.

ტახები კი მაინც თავისას არ იშლიდენ, ერთხელ დასკვნილს პირზე იდგნენ. დათვის მეზობლად ყოფნა არ ეჭაშნიკებოდათ, რადგან მთა-ბარს, ტყე-ველს ისაკუთრებდა. აუარებელი რკო და წიფელი უნდებოდა მის გაუმაძღარს კუჭსა. ამის გამო სხვა ცხოველებს, და უფრო კი ღორებს, საზრდო აკლდებოდათ.

ერთს მშვენიერს დღეს ადგა ორი ამორჩეული ტახი და მოადგა დათვს კარებზე.

– დათვო, დარბაისელო დათვო! – იძახოდენ, – სადა ხარ, ბატონო?! გამობრძანდი კარში, მოისმინე ჩვენი საჩივარი.

დათვმა თავი მოიმძინარა, ვითომ არ მესმისო.

– ნუთუ გეკადრება თავის მომკვდარუნება? – განაგრძობდენ ღორები ყვირილს. – თავის მოკატუნება ვეღარ გიხსნის, ბიძიავ, დროა, ანგარიშები გავასწოროთ, ბევრი საუბარი ბევრი თავის ტკივილია. გიჯობს ნებით გამოხვიდე, თორემ ძალით გამოგაბძანებთ. ჩათრევას ჩაყოლა გირჩევნია! დათვი მაინც ხმას არ იღებდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ჰგრძნობდა, ტახების მოსვლა კარგს არაფერს მოასწავებდა.

ოროლი ტახი, – აშკარად დათვის დამარცხების ნიშანი იყო. ცალი თვალით გამოიხედა, და რა დაინახა მათი მოელვარე ეშვები, თავისთვინ წარმოსთქვა: გაგიხმესთ ეშვები, დაგცვივდეთ, აჰადე! ვსთხოვ მეუფეს, რომ დაგცვივდესთ კბილები! ააახ! მექნება თქვენისთანა ეშვები, გაგიხარიანთ, მე თქვენ კუდით ქვას გასროლიებდით, მაგრამ რა ვქნა, რომ კბილებისა და ტოტების მეტი არაფერი მაბადია! – სთქვა რა ეს დათვმა, თვალები დახუჭა, რომ ტახების მოელვარე ეშვები არ დაენახა, უფროც გაიტრუნა, სული განაბა, ფიქრობდა: იქნება დამშორდენ თავიდან, სთქვან – შინ არა ყოფილაო და წავიდენ. მაგრამ ტახები სოროს კარებს ჰსუნავდენ და კარგად ჰგრძნობდენ, რომ დათვი სოროში ბრძანდებოდა.

– ვიცით, – განაგრძეს ტახებმა: – ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, რომ შინა ხარ. სად დაგვემალები?! თუ არ გამობრძანდები, ჩვენ გიახლებით და გამოგაბრძანებთ. – ამ დროს ღორების ეშვების კაწა-კუწი ისე ისმოდა, თითქოს რამდენიმე ფოლადის ხმალს ერთმანერთზე სცემენო. პირიდან ქაფს ისროდენ, ბრაზობდენ, ჯაგარი აუშვეს, მოთმინება გაუწყდათ და დაუწყეს თხრა სოროს. საღამო ხანმა მოატანა, როცა მოშავფრო, დიდრონმა ტახმა უკვე დათვის ბეწვი აღმოაჩინა მიწის ქვეშ და დაუყვირა თავის ამხანაგს: „თეთრონო! აქა ბრძანდება, აქ არის ვაჟბატონი! როგორ მაგრა დასძინებია ამ სულკურთხეულის გაზდილს და! ისიც როდის?.. როცა ამისთანა ძვირფასი, ოქროს სტუმრები ვეწვიენით. აბა, მოთხარე ცოტაც კიდევ და მისი აღმატებულება ჩვენ ხელთ იქნება! – სთქვა რა ეს, ამოჰკრა მაგრა მიწას დინგი ისე, რომ დათვსაც კი მოახვედრა გვერდებში. დათვმა იღმუთუნა, იუკადრისა. აუდგომლობა, ხელის შეუბრუნებლობა შაუძლებელი გახდა. ამოდგა დათვი და შედგა კალხზე.

– ჰაი, თქვე უნამუსოებო, თქვენა! – წარმოსთქვა დათვმა: – უჯეროა, ოროლი მესხმით თავსა? თითო მობრძანდით, თითო, თუ ბიჭები ხართ! განა ეგრეც არი? არა გრცხვენიათ? ვაჟკაცობაზე თავსა სდებთ და სულ უბრალო წესი ბრძოლისაც არ იცით, თქვე მოუნათლავებო, ურჯულოებო, თქვენა!

– თეთრონო! – დაუყვირა მოშავფრო ტახმა, – შენ შორს დადეგ, სეირს უყურე მხოლოდ. ვნახოთ, მართლა ღირსია ბატონად იყოს, თუ არა.

თეთრონი ტახი გვერდზე გადგა, შავფერა ტახმა მოიღრიცა ოდნავ გვერდზე კისერი და მიესია დათვს. დათვი ჯერ ისევ კალხზე იდგა, იცოდა, რომ ღორი პირველი დაუტევდა და ფიქრობდა ქერჩოს ვტაცებო, მაგრამ მოტყუვდა. ტახმა კბილი მუცელში ამოჰკრა. ჭრილობა დათვს ემწვავა, დაიბღავლა. რამდენჯერაც ტახი კბილს გაჰკრავდა, დათვი თვითეულს ჭრილობას ბღავილით ამოწმებდა. მეორე ტახს, თეთრონს, სილაჩრე დათვისა ძალიან გაუკვირდა. „ეგ უბედური რა ლაჩარი რამ ყოფილა და ქვეყანას კი როგორ აშინებდაო“ – ამბობდა თეთრონი ტახი.

დათვმა უკან-უკან იწყო დახევა, თან შავფერა ტახს ტოტებს უქნევდა, ცდილობდა პირი ჩაევლო, მაგრამ ვერ ახერხებდა. ტანიდან სისხლმა დაუწყო დენა, დათვი წყლულებმა შეაწუხეს და მოიწადინა გაქცევა, მაგრამ ამ დროს თეთრონი ტახი წინ გადაეღობა.

– სად გაჰრბიხარ? დადექ, თუ ბიჭი ხარ! – ვეღარ მოითმინა, იმასაც ბრძოლის, ომის ჟინმა მოუარა და გაუსო დათვს ყელში კბილი ისე მარჯვედ, თითქო სასულეში ძროხას ყასაბმა დანა დასცაო; დათვს წარმოსქდა თქრიალით სისხლი, საზარლად დაიღრიალა, დაიჩოქა და უკვე განემზადა სასიკვდილოდ.

– ეყოფა, არა? – ყოჩაღ, მარჯვედ დაჰხვდი ბიჭო! – უთხრა შავფერამ თეთრონს ტახს. – მეტი აღარ უნდა, მაგისი საქმე მორჩაო.

– დამითმია, აღარა ვცემ! – წარმოსთქვა თეთრონმა ტახმა და გაჰშორდა. დათვი ამ დროს აღარა ღრიალებდა, არამედ ყელში ხრიალებდა. ტანმა რყევა უწყო, ფამფალებდა და… დაგორდა, უზარმაზარი ტანით ჰგვიდა რაც ფერდობზე ხე, ფოთოლი და ქვა შეჰხვდა. მელა წამოსულიყო დათვთან რაღაც ამბის მოსატანად. რა ნახა ტახების და დათვის ომი, იქვე შორიახლოს დაიმალა, ხოლო თვალ-ყურს ადევნებდა ბრძოლას: დათვის სიკვდილი კიდევაც ესიამოვნა გუნებაში. ტახების თვალი რომ იცდინა, ჩუმად მივიდა დათვთან და მთელი ჩალაღაჯი მოაღრღნა, თუმცა ცხოველების წინაშე სწყევლიდა ტახებს, ჰგმობდა, კისრად ძრახვას ადებდა: „ბატონი დათვი ღალატით მოჰკლეს იმ უღმერთოებმაო“, – ამბობდა. ყველა მტაცებელი ცხოველები აღელვდენ: – როგორ გაბედეს ღორებმა ჩვენის ბატონის მოკვლაო, გაიძახოდენ. სწყინდათ დათვის უდროვოდ სიკვდილი, რადგან იმისგან დიდსა და მდიდარს წყალობას მოელოდენ. ხოლო წმინდა, ალალის ლუკმის მჭამელი ცხოველები სიხარულით ცას დაეწივნენ. კურდღლები, რომელნიც გუშინ დათვთან მისალოცად გარბოდენ, დღეს ცმუტავდენ, ხტოდენ, სიხარულით აღარ იცოდენ, რა უნდა ექმნათ.

ჩვეულებისამებრ ყოველდღე დათვს ამორჩეული ჯაშუშები ატყობინებდენ ვინც რა ამბავსაც გაიგონებდა. მელა ხომ მოვიდა, გამოძღა ბატონის ხორცით და წაბრძანდა, ხოლო ცხოველებს შეატყობინა დათვის სიკვდილი; მელას მოჰყვა ტურა, ნახა ნაომარი ადგილი, – სისხლი, მიეყუდა მკვდარს დათვს, ახლოს მისვლას ვერ ჰბედავდა, მაგრამ რაკი დარწმუნდა, რომ მკვდარი იყო და თანაც ლეშიც რაღაცას ეჭამა, ტურამაც არ იუკადრისა პირი გაესველებინა… კარგად რომ გამოძღა დათვის ლეშით, გაიპარა და ტყეში ჩხავილს მოჰყვა გლოვისა და ტირილის ხმაზე. როგორც მელამ და ტურამ დაიტირეს დათვი, იმავე წესით მგელმა, აფთარმა და სხვებმა. ასე რომ მეორე დღეს, როცა მთელი ცხოველების კრება მივიდა დათვის დასატირებლად, თავიანთ ბატონისა ნახევარი ლეშიღა დაუხვდათ, ისიც ნაჯიჯგნი, ნაჭამ-ნუჭამი, რამაც მხეცები უფრო გააბრაზა და ააღელვა… მართლა სწყრებოდენ თუ არა, ეს ღმერთმა უწყის, ხოლო ერთიმეორეს ისე აჩვენებდენ, ვითომ ძალიან გვწყინსო, უფრო დიდსა და ბევრს ოხრავდენ. ცხელს ცრემლს ისინი ღვრიდენ, რომელთაც მკვდარი დათვი არ დაინდეს და იმის ლეშს გიახლნენ. დათვის სხეულის გაჯუღურებაც ღორებს დააბრალეს; გვამი დათვისა დიდის ამბით და დიდებით მიწას მიაბარეს. ძეგლად დაადგეს კოშკი ძვლებისა, რომელიც მოკრიბეს ტყე-ღრეებში მხეცთაგან გამოხრული. ერთხმად გადასწყვიტეს დათვის მოღალატე მხეცები სასტიკად დაესაჯათ. საშიშარი, ეშვიანი ღორების გზებზე ორმოები მოთხარეს, რათა ბნელს ღამეში ჩაცვივნულიყვნენ შიგ და დამრჩვალიყვნენ.

ერთს დღეს მთელს ტყეს მტაცებელმა მხეცებმა ალყა შემოარტყეს, დაჰკრეს საყვირს, ასტეხეს განგაში და მთელს ცხოველებს ერთად მოუყარეს თავი-თავს; კურდღლებიც კი, მუდამ მოხერხებულნი ჯაგებში შესაძრომად და დასამალავად, ვეღარსად დაემალნენ. ყველას კბილებს უღრჭენდენ, ჰგლეჯდენ, სწეწდენ და ისე ერეკებოდენ ერთად, გასასამართლებლად. მოაგროვეს ირმები, შვლები, არჩვები, ჯიხვები, კურდღლები, ნეზვი ღორები და სხვა (ტახები არ ერივნენ, ისინი ხაროებში ჩაეყარათ).

უზარმაზარი ნადირის ჯოგი მოაქუჩეს ერთად, დააჩოქეს ყველა და აბღავლეს: „გაუმარჯოს დიდებულს, ჩვენს ბატონ-პატრონს დათვს, რომელმაც დასდვა თავი სამშობლოსათვის, მხეცთა გვარისა სადიდებლად… ცხონება დათვსა, ხოლო მის ერთგულთ და პატივისმცემელთ დღეგრძელობა და გამარჯვება!“

უცოდინარნი ნადირნი ძალაუნებურად ყვიროდენ, ღრიალებდენ, ჩხაოდენ თავის ჰანგზე, თავის ხმაზე, ხოლო შაერთებული მათი ხმა ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯულთა გოდებას მოაგონებდა ადამიანს.

მგლები, აფთრები, მელა-ტურები ამით არ დაკმაყოფილდენ: დაინახეს რა უკბილო ნადირთა მორჩილება, მოწიწება და შიში, მტაცებელნი უფრო გამხნევდენ, აეშალათ საღერღელი. ეს როდი აკმარეს უპატრონო ცხოველებს, დასცეს კიჟინა: „გაუმარჯოს დათვსაო“, დაერივნენ და დაუწყეს ჟლეტა. ნადირნი ზოგნი იხოცებოდენ, სხვანი თავგადაგლეჯილნი გარბოდენ. მტაცებელნი ნადირნი დღესასწაულობდენ. დაჩაგრულნი, უმწეონი, ბეჩავნი წიოდენ, კიოდენ, იმათ გოდებას მთა და ბარი ზეცას აჰქონდა… მთაც მდუმარებდა, ტყეც, მდინარეთაც სახე როდი ეცვალათ, ისევ ძველებრივ მოჩუხჩუხებდენ. გოდება ისმოდა ყოველ მხრით, ხოლო შებრალება არსაიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Aug 22 2016, 23:29
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ესეც იყოს რა აქ სანადირო თემასთან არააქვს შეხება მარა ძაან მაგარია
ზურაბ გურული
25.02.2016
პრინციპის ვადა ?!..

...1996 წელს გავიცანი ნიუ ორლეანელი აუგუსტ ბერნერი, 80-ს მიტანებული ბაბუა, ძველი სამხედრო მფრინავი და მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი.
წარმოშობით გერმანელი გახლდათ მისტერ ბერნერი. ძველი, ტრადიციული ოჯახის შვილი. მშვენივრად უკრავდა საქსოფონზე და პიანინოზე. ძალიან შევეჩვიე და დავუახლოვდი მას და მის ოჯახს. მეუღლე სიცილიელი ჰყავდა, უსაშველოდ სათნო და თბილი "მამა-ანჯელა"; ასე ვუძახოდი მეც ამ ღვთისნიერ ადამიანს. საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღეს და შემითვისეს ბერნერებმა...
...ერთი უცნაური აკვიატება ჰქონდა ოჯახის უფროსს. არაფრით არ ყიდულობდა იაპონურ მანქანას და მისი პატივისცემით, ბერნერების უზარმაზარი კლანის ყველა წევრი ტრადიციული ამერიკული მოდელის მანქანებით დადიოდა. მართალი გითხრათ, მე არ შემინიშნავს ეს, არც დავკვირვებივარ. უმცროსმა ბერნერმა, ჩემმა განუყრელმა მეგობარმა ტიმოთიმ გამიმხილა საიდუმლოდ ერთხელ, როცა ავტომანქანების ღირსებებზე ჩამოვარდა საუბარი და მე გულუბრყვილოდ შევაქე იაპონური ძრავები;
- არ უყვარს მამაჩემს იაპონელებიო -.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, თავად ჩამოვუგდე საუბარი ამ თემაზე მისტერ ბერნერს...
- ხუთი მეგობარი მფრინავი დამეღუპა პერლ-ჰარბორის დაბომბვის დროს -,
მითხრა მოხუცმა;
- ჰოდა, ომის შემდეგ დავთქვით გადარჩენილმა მეგობრებმა, რომ მათი ხსოვნის პატივსაცემად არასოდეს გვესარგებლა იაპონური ნაწარმითო-.
გამეღიმა. შემამჩნია; თავადაც გაეღიმა;
- პრინციპებს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. იმ დაღუპული ბიჭების ხსოვნას მე ასე ვცემ პატივსო-
დაასრულა და ფეხზე წამოდგა, მერე კედლისაკენ მიტრიალდა, ომიდან ჩამოტანილი, დაძენძილი დროშის წინ გაიჭიმა და მხედრული სალამი მისცა ...
უნებურად მეც წამოვდექი ...
ბაბუა ბერნერის დასაფლავებაზე, გამოსამშვიდობებელ სიტყვას რომ ვამბობდი, მაშინ გავიხსენე ეს ისტორია...
რამდენიმე ბებერი ჯარისკაცი იყო იქ, სამხედრო ფორმით. სასაფლაოდან რომ გამოვდიოდი, უნებურად გამექცა თვალი; ყველა მათგანი ამერიკული მანქანით იყო მოსული ...
დღეს, 2016 წლის 25 თებერვალს ისევ გამახსენდა ეს მივიწყებული ამბავი...
ისევ მეტკინა სადღაც...
- პრინციპებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვსო- გამახსენდა მისტერ ბერნერის ნათქვამი.
ჩემთვის არ ექნება !!!...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Aug 23 2016, 08:17
პოსტი #52


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29

კარგია--- 36_1_11.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Sep 20 2016, 21:57
პოსტი #53


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მოკლედ ვისაც გიყვართ თამადის ინსტიტუტი და გსურთ აიმაღლოდ კვალიფიკაცია, გირჩევთ შეიძინოთ ეს წიგნი
upload an image

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Sep 20 2016, 21:58
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Sep 21 2016, 08:21
პოსტი #54


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მაგარია ძალიან. ერთი ორი გვერდი დადე გავიგოთ რა შინაარსისაა small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 08:02