IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფების ეპოქაში
Caldera
პოსტი Jul 14 2011, 11:21
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 107
რეგისტრ.: 28-July 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს თემა გავიტანე კონფერენციაზე და საკმაო მოწონებაც დაიმსახურა, მინდა რომ თქვენც წაიკითხოთ და გააცნობიეროთ ყოველივე.

დღესდღეობით მსოფლიოს ეკოლოგიური მდგომარეობა ეგზომ სავალალოა. პირველ ადგილზე ატმოსფეროს თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა და გლობალური დათბობის პრობლემები დგას.
ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა. ადამიანს საკვების გარეშე შეუძლია იცოცხლოს ორ თვემდე, უწყლოდ ერთ კვირამდე, უჰაეროდ კი მხოლოდ რამდენიმე წუთი ძლებს. იგი არეგულირებს და განსაზღვრავს ჩვენი პლანეტის ჰავას, მის წიაღში ხდება ამინდის ჩამოყალიბება. ატმოსფერო წარმოადგენს ბიოსფეროს სასიცოცხლო თერმორეგულატორს, მის გარეშე დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის დღეღამური რყევა (ამპლიტუდა) მიაღწევდა 200 გრადუსს (დღისით +100 გრადუსს, ღამით -100 გრადუსს), რომელსაც ცოცხალი არსება ვერ გაუძლებდა. ასევე იგი იცავს ბიოსფეროს მეტეორიტების ”წვიმისაგან” და მავნე რადიაციისაგან (უპირველესად ოზონის გარსი), არეგულირებს ტენიანობას და წნევას.
ატმოსფერული ჰაერი, როგორც ფიზიკური სხეული პრაქტიკულად გამოულეველი ბუნებრივი რესურსია, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში ძლიერი ანთროპოგენური გაბინძურება, მას თვისობრივი გამოლევის საშიშროებას უქადის.
თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ეპოქაში მსოფლიო მეურნეობის კოლოსალურმა მასშტაბებმა, უპირველესად მინერალური საწვავის (ნახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის) მოხმარების, აგრეთვე საწარმოების და ტრანსპორტის (ქარხნებში, ფაბრიკებში, თბოელექტროსადგურებში, ატომურ ელექტროსადგურებში, ავტო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტზე, კომუნალურ მეურნეობაში და სხვა.) გიგანტურმა მოცულობამ გამოიწვია ატმოსფეროს ძლიერი გაბინძურება (დამტვერიანება), გამონაბოლქვი და გამონაფრქვევი მყარი და გაზობრივი ნივთიერებებით.
ატმოსფეროში არსებული მტვერი არის ბუნებრივი და ანთროპოგენური (საწარმოო) წარმოშობის.პირველი ატმოსფეროს მუდმივი შემადგენელია, იგი ეკოლოგიურად უსაფრთხოა მიუხედავად მისი წარმომქმნელი წყაროების სიმრავლისა (ქანების და ნიადაგის გამოფიტვა, ვულკანიზმი, ხანძრები, მტვრიანი ქარიშხლები, აორთქლება ოკეანის ზედაპირიდან, კოსმოსური მტვერი და სხვა.). ბუნებრივი მტვერი გარკვეულწილად, დადებით როლს ასრულებს რიგ პროცესებში, ხელს უწყობს წყლის ორთქლის კონდენსაციას და ნალექების წარმოქმნას, შთანთქავს მზის პირდაპირ რადიაციას, ცოცხალ ორგანიზმებს იცავს მზის საზიანო გამოსხივებისაგან და სხვ.
ატმოსფეროს ანთროპოგენური დამტვერიანება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს კლიმატურ პირობებზე. სხვადასხვა მექანიკური შედგენილობის მტვერი იჭრება ატმოსფეროს ფენებში და გავლენას ახდენს, როგორც მოკლეტალღოვან ისე გრძელტალღოვან რადიაციაზე. გამოანგარიშებულია, რომ ატმოსფეროში ყოველწლიურად ხვდება 300-400 მლნ ტ. ანთროპოგენური აეროზოლური მასა, რაც მოწმენდილ ამინდში პირდაპირ რადიაციას ამცირებს დაახლოებით 6%ი-ით, ეს კი შეესატყვისება ჯამური რადიაციის 1%-ით შემცირებას (ბუდიკო, 1977).
საქალაქო დასახლებისა და სამრეწველო ცენტრების არეალში ატმოსფეროში არსებულ მტვერს ემატება მრავალი სახეობის საწარმოო (ანთროპოგენური) მტვრისა და მავნე გაზების კოლოსალური რაოდენობა, რაც იწვევს მის გაბინძურებას, თანმხლები უარყოფითი მოვლენებით.
ცნობილია, რომ ატმოსფეროში არსებული მტვრიდან კოსმოსურ მტვრის წილად მოდის 1%, დედამიწაზე კი დღე-ღამეში 10 000 ტ კოსმოსური მტვერი ვარდება. ეოლურ მტვერზე კი მოდის 70%, რომლის რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება; ვულკანური წარმოშობის მტვერმა XIX საუკუნეში დაახლოებით 230 კუბ. (520 მრდ ტ) კმ შეადგინა. მარტო ვულკან კრაკატაუს მტვერი დედამიწის ირგვლივ ვრცელდებოდა 120 კმ/სთ სიჩქარით, რამაც ატმოსფეროს გამჭირვალობა 3-4 %-ით შეამცირა და 5 წლის განმავლობაში იწმინდებოდა.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა თავისთავად გამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობას ჰაერში, არამედ მათი კონცენტრაციის დონეს (რაოდენობას). აქედან გამომდინარე, ატმოსფეროს გაბინძურებაში იგულისხმება ეკოლოგიური სიტუაცია, რომლის დროსაც ჰაერში მოხვედრილი სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში არსებული სხვადასხვა სახის მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია, აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე, აუარესებს სასიცოცხლო პირობებს და იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს.
გამაბინძურებელი წყაროები არის სტაციონარული (სამრეწველო საწარმოები, საქვაბეები, თბო - და ატომური ელექტროსადგურები და სხვა.) და გადაადგილებადი (ავტო, სარკინიგზო, საჰაერო, წყლის ტრანსპორტი და სხვა.).
ყველაზე დიდი წილი მოდის სათბობის (ნახშირის, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვ.) წვით გამოწვეულ გაბინძურებაზე. სათბობის სრული წვისას ატმოსფეროში მოხვედრილ ნივთიერებათა (ნახშიროჟანგი, გოგირდის ჟანგი, აზოტი და სხვ.) რაოდენობა არ ქმნის საშიშ ეკოლოგიურ სიტუაციას, მაგრამ მეტწილ შემთხვევებში წვა არასრულად მიმდინარეობს (განსაკუთრებით ავტოტრანსპორტში), რის გამოც ატმოსფეროში ხვდება დაუწვავი სათბობის მყარი ნაწილაკების, ნაცრის, მავნე გაზების დიდი რაოდენობა. მათგან ძირითადად გამაბინძურებელია ნახშირბადის, გოგირდის, აზოტის, ჭვარტლის, მტვრის ნაერთები. განსაკუთრებით მავნეა მხუთავი გაზი (ნახშირჟანგი) და გოგირდოვანი აირი.
ატმოსფეროში მოხვედრილი ნახშირჟანგის მხოლოდ მცირე ნაწილი მიეკუთვნება ბუნებრივ წარმონაქმნს. ძირითადი ნაწილი ტექნოგენურია, მათგან 80% ავტოტრანსპორტზე მოდის. ავტომობილების გამონაბოლქვში დიდი რაოდენობითაა აგრეთვე ნახშირწყალბადი, გოგირდოვანი გაზი, აზოტის ჟანგი, ტყვია და სხვ. ტექნიკურად გაუმართავი (დაურეგულირებელი) ძრავის მუშაობის პირობებში გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 10-15 -ჯერ, საავტომობილო ტრანსპორტთან დაკავშირებული გაბინძურება მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ინტენსიური მოძრაობის ქუჩებში და მაგისტრალებზე. მკვლევარების შეფასებით ერთი ავტომობილი საშუალოდ ყოველ 1000 კმ-ზე წვავს ერთი ადამიანის წლიურ ნორმა ჟანგბადს.
ატმოსფეროს გაბინძურებაში მნიშვნელოვანი წილი მოდის საჰაერო, სარკინიგზო და წყლის ტრანსპორტზე. ისინი ხარჯავენ ჟანგბადის დიდ რაოდენობას. ერთ თვითმფრინავს 1000 კმ მანძილზე ფრენისას საშუალოდ სჭირდება ერთი ადამიანის წლიური ნორმა ჟანგბადი. ზოგიერთი მკვლევარის შეფასებით ორძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავი სრული დატვირთვით აფრენისას, ასაფრენ ბილიკზე ტოვებს მავნე აირების იმ რაოდენობას, რომელიც 6350 ავტომანქანის გამონაბოლქვის ტოლია. გაბინძურების ყველა წყაროდან ატმოსფეროში წლიურად ხვდება საშუალოდ 2 მილიარდი ტონა მტვერი.
მსოფლიოს ბევრი ინდუსტრიული ქალაქისთვის ნამდვილ უბედურებად იქცა ე.წ. ”სმოგი” - ტოქსიკური სქელი ნისლი, რომლის მსხვერპლიც ათასობით ადამიანია, მის ”სამშობლოდ” ლონდონი ითვლება. ბოლო პერიოდში სმოგების ”დედაქალაქად” მიჩნეულია ლოს-ანჟელესი (აშშ).
ატმოსფეროს გაბინძურების ცოცხალი ბუნებისათვის ძლიერ საზიანო გამოვლინებას წარმოადგენს მჟავური წვიმები (მჟავური ატმოსფერული ნალექები), რასაც იწვევს ატმოსფეროში გოგირდისა და აზოტის ჟანგების დაგროვება. მჟავური ატმოსფერული ნალექების (იგი შეიძლება მოვიდეს როგორც წვიმის, ასევე თოვლის სახით) ბუნებრივ წყაროს ძირითადად წარმოადგენს ვულკანიზმი, რომელიც მეცნიერთა შეფასებით, ყოველწლიურად ატმოსფეროს ”ტვირთავს” 4-16 მლნ ტონა გოგირდის ნაერთებით. ლომის წილი მჟავურ ატმოსფერული ნალექების წარმოქმნაში მაინც ანთროპოგენურ წყაროებს - გოგირდს და აზოტს ეკუთვნის. გოგირდოვანი გაზი წარმოიქმნება ნახშირისა და ნავთობპროდუქტების წვის და ფერადი ლითონების მოპოვება-გადამუშავების პროცესში.
აზოტის ჟანგი წარმოიქმნება ჰაერში აზოტის ჟანგბადთან შეერთების შედეგად, მაღალი ტემპერატურის პირობებში, უმთავრესად შიგა წვის ძრავებში და საქვაბეებში. მჟავური წვიმები დიდ ზიანს აყენებს ბუნებას (განსაკუთრებით ცოცხალ), სოფლის მეურნეობას და თვით შენობა-ნაგებობებსაც. იგი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. აშშ -ისა და დასავლეთ ევროპის სამრეწველო კომპლექსებისაგან ძლიერ ზარალდება სკანდინავიის ქვეყნები, აგრეთვე ევროპული რუსეთი და ბალტიისპირეთი, ვინაიდან გამაბინძურებელ ნივთიერებათა ნაკადის ტრანსპორტირებას ახდენს დასავლეთი ქარები. არსებული ინფორმაციით, ამ მიზეზით შვედეთის ოთხიათასამდე ტბაში თევზი არ ბინადრობს, ხოლო ნორვეგიის ტბების 80 % მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაშია.
ატმოსფეროს გაბინძურებასთან დაკავშირებულ გლობალური პრობლემებიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო საგანგაშოა გლობალური დათბობის ტენდენცია. მისი მიზეზია სათბური ეფექტის წარმოქმნა, რაც დაკავშირებულია ატმოსფეროში სათბური გაზების, უპირველესად ნახშირორჟანგის , მეთანის წყლის ორთქლის, ფრეონის, ოზონის და სხვ. კონცენტრაციით. ყველაზე დიდი წილი მის შექმნაში CO2-ს აქვს. სათბური გაზები მზის სითბოს თავისუფლად ატარებენ დედამიწის ზედაპირისაკენ, ხოლო მისგან გრძელტალღოვანი სითბურ გამოსხივებას აკავებენ. ამიტომ ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში გროვდება სითბო და აღინიშნება პლანეტარული დათბობა, რაც მეტეოროლოგიურ პროცესებში გამოიწვევს მსოფლიო ოკეანის დონის აწევას, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის და დიდი ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი თავმოყრილია მსოფლიო ოკეანის სანაპირო ზოლში.
გლობალური დათბობის ერთ-ერთი ხელშემწყობია ტექნოგენური სითბოს გამოყოფა, რაც უდაოდ, გარკვეულ გავლენას ახდენს ტემპერატურის გლობალურ აწევაზე, რაზეც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში მიუთითებდნენ მეცნიერები (მილანოვა, რიაბჩიკოვი, 1979), რომ წარმოების ზრდის და ენერგიის მოხმარების ახლანდელი ტემპით (წლიურად 5,5-6 %), 2050 წლისათვის ის გაიზრდება 60-70 %-ით, რაც გამოიწვევს პლანეტის ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმიდან მნიშვნელოვან გადახრას. ეს მოსაზღება, როგორც ჩანს მართლდება კიდეც.
ატმოსფეროს გაბინძურებასთან დაკავშირებული მწვავე ეკოლოგიური (გლობალური მასშტაბის) გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშოა ბიოსფეროს, მზის მომაკვდინებელი ულტრაისფერი გამოსახივებისაგან დამცავი ფარის, სტრატოსფერული ოზონის ფენის რღვევის ნიშნები, ოზონის ხვრელების წარმოქმნა და გაფართოება. იგი ძირითადად გამოწვეულია ატმოსფეროში ფრეონის და აზოტის ჟანგის კონცენტრაციით. პირველის წყაროს ძირითადად წარმოადგენს აეროზოლური ბალონებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტების მოხმარება. აზოტოვანი ჟანგისა კი - ზებგერითი თვითმფრინავების ძრავების მუშაობა და ზოტოვანი სასუქების გამოყენება.
ეკოლოგიური სიტუაცია სახარბიელო არც საქართველოს თავზეა. არსებული ინფორმაციით (ახლო წარსულში), რესპუბლიკის ტერიტორიიდან ატმოსფეროში მოხვედრილი (გამოფრქვეული) მავნე ნივთიერებათა მთელი მასა შეადგენდა თითქმის მილიონნახევარ ტონას, აქედან სამრეწველო საწრამოებზე მოდიოდა დაახლოებით 35 %, ხოლო ავტოტრანსპორტზე 65%. გაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება მთავარ სამრეწველო და ინტენსიური ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ქალაქებში. ატმოსფეროს გაბინძურებაში ავტოტრანსპორტის წილი ყველაზე დიდია (80%-ზე მეტი) ქალაქ თბილისში. ერთ სულ მოსახლეზე გაბინძურების მასა მაქსიმალური იყო (დაახლოებით 2400 კგ) ზესტაფონში (ძირითადი წყარო ”ფერომშენი”), ასევე მაღალი მაჩვენებელია რუსთავში და კასპში.
ატმოსფეროს ანთროპოგენური გაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებებიდან უმთავრესია:

  • წარმოებაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება (მზის, ქარის, ჰიდრო, ზღვის ტალღების და სხვ.);
  • საკვამლე მილების ეფექტური მტვერ - და გაზდამჭერი მოწყობილობებით უზრუნველყოფა;
  • ტყის არაგონივრული ჭრის აღკვეთა და მისი მასივების გაფართოება;
  • ავტოტრანსპორტის გადაყვანა ეკოლოგიურად უსაფრთხო ენერგოწვაზე (ელექტრო და მზის);
  • მსოფლიო ოკეანის დაცვა გაბინძურებისაგან, ვინაიდან ატმოსფერული პროცესები და მასში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ბევრად არის დამოკიდებული ოკეანის საერთოდ და კერძოდ, ფიტოპლანქტონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე;
  • იურიდიულ-საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ადამიანის ეკოლოგიური კულტურის ამაღლება;


ატმოსფეროს ძლიერი ანთროპოგენური დაბინძურების პირობებში, მისი თვითგაწმენდის უნარი ვერ უზრუნველყოფს კონცენტრაციის დონის უსაფრთხო მდგომარეობის შენარჩუნებას. რის გამოც აუცილებელი ხდება გლობალური მასშტაბის ეფექტურ ღონისძიებათა გატარება, რათა თავიდან იქნას აცილებული კრიზისული (ზოგჯერ კატასტროფული) ეკოლოგიური სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე. საქართველოს შემთხვევაში, იმასთან დაკავშირებით, რომ სამრეწველო საწარმოთა მეტი წილი გაჩერებულია (ზოგი ჭირი მარგებელია) ნაწილი კი არასრული დატვირთვით მუშაობს, საგრძნობლად შემცირდა ატმოსფეროს დაბინძურების სტაციონარული წყაროების წილი. ატმოსფეროს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შორის ასევე ერთ-ერთი უმთავრესია გაზდამჭერი დანადგარების მოწყობა და მავნე ნივთიერებათა გამონაბოლქვოს შემცირება ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის გზით.

მოსახლეობის რიცხობრივ ზრდასთან ერთად იზრდება ტურისტულ-რეკრეაციული ნაკადების სიმძლავრე, განსაკუთრებით კი ურბანიზებულ ქვეყნებსა და რაიონებში. შესაბამისად იზრდება ანთროპოგენულ-რეკრეაციული დატვირთვები და ზემოქმედება ბუნებრივ ლანდშაფტებზე. მდინარეების, ტბებისა და წყალსატევების სტიქიურმა და არარაციონალურმა გამოყენებამ შეიძლება ბუნებრივი წონასწორობის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს.
ზოგიერთი მკვლევარის მიერ ”რეკრეაციის” ცნება ცალსახად არის გაგებული - ”ბუნებაში დასვენება”, მაგრამ ასეთი განმარტება არასწორია. რეკრეაცია - უპირველესად ეს არის ადამიანიოს ბუნებასთან კავშირ-ზემოქმედების პროცესი, როდესაც ადამიანი ფიზიკური და სულიერი ძალების აღსადგენად პირდაპირ ან არაპირდაპირ იყენებს სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებს: ჰიდროთერმულ, მინერალურ, მიწის, ხმელეთისა და წყლის ფიტო და ზოორესურსებს და სხვ.
მოსახლეობის დასვენებასა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას შორის შეინიშნება პირდაპირი და უკუკავშირები. ამ პროცესში მონაწილე ორივე მხარის რთული ურთიერთზემოქმედების შედეგი რეკრეაციისათვის შეიძლება დადებითიც იყოს და უარყოფითიც, რაც საზოგადოებასა და გარემოზე ერთდროულად ვლინდება. დადებითი შედეგია, რომ ადამიანი აღიდგენს ძალებს და ჯანმრთელობას, ხოლო შედეგი უარყოფითი იქნება, თუ მოხდება ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენება.
გარემოს შენარჩუნებისა და აღდგენის მიზნით აუცილებელია ბუნებაზე რეკრეაციული ზემოქმედების კონტროლი, პროგნოზი და მართვა.
წყალსატევების სანაპიროები მეტად მგრძნობიარეა, მათი რეკრეაციული ტევადობა და აღდგენის უნარი კი - საკმაოდ შეზღუდული. დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დამსვენებლები დასვენების ზონაში ტოვებენ ნარჩენებს და ნაგავს, ხელს უწყობენ ნაპირების ეროზიას, ტყეში ხანძრის გაჩენას, სანაპიროს ხედები კი შეცვლილი და დამახინჯებულია რეკრეაციული ნაგებობების სტიქიური მშენებლობების გამო.
წყალსატევებზე ჰიდროკვანძების პროექტირებისას მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზემოქმედების გათვალისწინება, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მისი გარემოზე გავლენის უფრო საფუძვლიანი პროგნოზირება. წყალსაცავის შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ დასვენების საგარეუბნო ზონაში თავს იჩენს დამსვენებელთა ზეგავლენა მცენარეულ საფარზე, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად ნადგურდება ქვეტყე და ნაზარდი, იცვლება ნიადაგის ფიზიკური თვისებები.
ტურიზმი იწვევს პლაჟების შემცირებას, ის ხელს უწყობს ქვიშის დიუნების გადაადგილებას და ნგრევას. ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიასა და ნიდერლანდებში მნიშვნელოვანმა რეკრეაციულმა დატვირთვებმა გამოიწვიეს დიუნების ეროზია და სერიოზული ზიანი მიაყენეს სანაპიროს მცენარეულობას.
გარემოზე ტურისტთა ნაკადისა და დამსვენებელთა უშუალო ზეგავლენის გარდა გასათვალისწინებელია აგრეთვე, იგივე გარემოზე საკურორტო დასახლებების, სპეციალური შენობა-დაწესებულებების, სატრანსპორტო კომუნიკაციების, წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო ქსელის და ა.შ. ზეგავლენაც. შიდა წყალსატევების სანაპიროებზე რეკრეაციული ობიექტების დიდი კონცენტრაცია იწვევს ნეგატიურ ეკოლოგიურ და სანიტარულ-ჰიგიენურ ეფექტს.
წყლის ობიექტის სანაპიროებზე დასვენების ზონების ქაოტურმა არამართულმა განვითარებამ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ბუნებრივი ლანდშაფტების ნგრევის შეუქცევადი პროცესი გამოიწვიოს.
ამრიგად, წყალსატევების ნაპირებზე რეკრეაციის შედეგად ძირითადი ნეგატიური ეკოლოგიური ზემოქმედებებია:

  • ტყისა და მინდვრების მცენარეული საფარის დიგრესია, რაც იწვევს მეწყერს, წყლისა და ქარისმიერ ეროზიას;
  • საგზაო-საბილიკო ქსელის გადატვირთვა, რაც ლანდშაფტის ჰიგიენურ და სანკურნალო თვისებებს აუარესებს;
  • სანაპირო ფერდობების რეკრეაციული დაწესებულებებით გადატვირთვა, რაც იწვევს მეწყრებს, ხრამებს და აუარესებს ლანდშაფტის ესთეტიკურ-თვისებებს;
  • პლაჟების, წყალსატევების სანაპირო ზოლის გადატვირთვა, რაც იწვევს მათ ქიმიურ და ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას.


გამოკვლევები ამტკიცებს, რომ წყლის ობიექტების რეკრეაციული გამოყენება იწვევს არახელსაყრელ ზემოქმედებას, კერძოდ კი ხელს უწყობს წყლის ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლების ცვლილებებს, მის ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას, წყალსატევების ევტროფიკაციის განვითარებას, ცალკეულ შემთხვევაში კი შეიძლება ეკოსისტემის შეცვლაც კი გამოიწვიოს. უნდა აღინიშნოს რომ რეკრეაციული ზეგავლენა წყალსატევებზე ნაკლებადაა შესწავლილი.

ხმელეთისა და წყლის ბუნებრივი კომპლექსების რღვევა წყლის ობიექტების რეკრეაციული გამოყენებისას, შეიძლება სხვადასხვა მექანიკური დაზიანებების შედეგადაც მოხდეს; აგრეთვე წყლის ობიექტებში დასვენების ზონიდან დამაჭუჭყიანებელი და ევტროფირებული ნივთიერებების მოხვედრით.
წყლის ობიექტების რეკრეაციული გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არახელსაყრელი შედეგია წყლის დაჭუჭყიანება, რაც მის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუარესებას იწვევს. მართალია, რეკრეაცია წყალსატევების დაჭუჭყიანების ერთადერთი მიზეზი არ არი, მაგრამ ბევრ რაიონში აღმავებს მას, რამაც თავის მხრივ შეიძლება ტურიზმისა და რეკრეაციის პირობებზე დამღუპველად იმოქმედოს. ასე მაგალითად, 1972 წელს მთელი რიგი ქვეყნების ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ევროპის ზოგიერთი სანაპიროს დაჭუჭყიანების გამო ზღვა საბანაოდ არახელსაყრელად გამოაცხადეს. მართალია, ეს დაჭუჭყიანება ძირითადად ტურიზმით არ იყო გამოწვეული, მაგრამ იგი აძლიერებდა მას.
დაჭუჭყიანებამ ასევე დიდი ზიანი მიაყენა ზღვის ფლორასა და ფაუნას. ტურიზმის განვითარებამ ხელი შეუწყო ხმელთაშუა ზღვის დაჭუჭყიანებას, რამაც თავის მხრივ, სერიოზული გავლენა მოახდინა ტურიზმზე.
დასვენების მასიურ ზონებში წყლის ნაკადები საშიშია ბაქტერიალური კუთხითაც. გამოკვლევებით დადგინდა, რომ აშშ-ს სხვადასხვა შტატებში მდებარე 18 წყალსატევზე წყლის ხარისხის ბაქტერიალური მაჩვენებლის გაუარესება დაკავშირებულია რეკრეაციული დატვირთვების ხასიათსა და დონეზე. ეს მონაცემები ეხება ნაწლავური ჩხირების ბაქტერიების ჯგუფსა და ფეკალურ სტრეპტოკოკებს. მნიშვნელოვნად იყო დაჭუჭყიანებული ამ წყალსატევების ნაპირებიც საბანაო და თევზჭერის ზონებში.
ევტროფიკაციის შედეგად წარმოიქმნება ფერადი წყლები, კლებულობს მისი გამჭვირვალობა, წყალს უჩნდება უსიამოვნო გემო და სუნი, შეინიშნება ჟანგბადის დეფიციტი, იცვლება იხტიოფაუნის სტრუქტურა, ქრება თევზის ძვირფასი სახეობები.
წყლის ობიექტების მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ დასვენების ისეთი სახეები, როგორიცაა დასვენება სანაპიროზე (ტურიზმი, ჰაერისა და მზის აბაზანების მიღება, პიკნიკი და სხვ.), ბანაობა, სამოყვარულო თევზჭერა (ზაფხულსა და ზამთარში), მცირე ტონაჟის ფლოტის გამოყენება, ექსკურსიები გემებით. რეკრეაციამ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს სანაპიროდან ჩამდინარე კომუნალურ-საყოფაცხოვრებო ნაკადების ფორმირებაშიც.
სანაპიროზე არაორგანიზებული დასვენება - ტურიზმი, პიკნიკები, მზისა და ჰაერის აბაზანების მიღება და სხვ. მთელი რიგი მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების დაჭუჭყიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სანაპიროებისა და თავთხელი ზონების ბუნებრივ კომპლექსებში ხვდება სხვადასხვა დანაჭუჭყიანებელი და ბიოგენური ნივთიერებები ამ ადგილებში დამსვენებელთა დიდი კონცენტრაციის გამო. ისინი უშუალოდ ან წყალში ხვდებიან, ან ნაპირებზე რჩებიან, და შემდეგ კი ჩამდინარე ნაკადებით ირეცხებიან, ან ნიადაგში ჩაირეცხებიან და გრუნტის წყლებით ხვდებიან წყალსატევებში.
აშშ-ში წყლის ეკოსისტემებზე და წყლის ხარისხზე ტურისტების მავნე ზეგავლენის შესაფასებლად მოდელირების სხვადასხვა მეთოდების გამოყეებით გამოკვლევები ჩატარდა ჯორჯიის ტბაზე. ამ შეფასების ეფექტური საშუალება იყო მკვდარი დატომური წყალმცენარეების გროვების მრავალფაქტორული ანალიზი, რომელიც ტბის ირგვლივ მდებარე 125 საცდელ სადგურში აიღეს. შედეგად მიღებული იქნა ტბის ცალკეულ ადგილებზე მკვებავი ნივთიერებების ზეგავლენის რუკა. იმიტაციური მოდელის საფუძველზე შესწავლილი იქნა ამ ტბის ეკოსისტემების რთული ურთიერთკავშირები.
ძირითადი მოდელების ცვლილებით, როგორიცაა წყალში ფოსფატების შემცველობა, მოდელირებული იყო ეკოსისტემების ყველა კომპონენტის მიხედვით დატვირთვების ზემოქმედება გარემოზე.
დასვენების მრავალ ზონაში არ არის გადაწყვეტილი ტერიტორიების სანიტარული დასუფთავების საკითხი; ნარჩენებს ნაპირზე მარხავენ, ყრიან ბუნებრივ ღრმულებში ან ტოვებენ ადგილზე.

ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება. მან ყური უნდა დაუგდოს დედამიწის გულისფეთქვას და მოუაროს ბუნებრივ გარემოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ შეუქცევადი პროცესების მიმდინარეობა, რომელიც ერთიან ჯაჭვადაა წარმოდგენილი დაირღვევა, რაც ჩვენთვის, დედამიწაზე მცხოვრები როგორც ადამიანებისთვის ასევე სხვა ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ტრადიციული ეკოლოგიურად დამაბინძურებელი ენერგეტიკისა თუ მისი დარგების ალტერნატიული უსაფრთო ენერგეტიკით ჩანაცვლება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების მასშტაბური გატარება.


გამოყენებული მასალა:

ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია
კლიმატოლოგია-მეტეოროლოგია
წყლის რესურსები
ჰიდროლოგია

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2024 - 23:41